bp-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „მეტი ინოვაცია და საზოგადოებრივი ჩართულობა თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში“ შედეგად განახლდა თბილისის მუზეუმების გაერთიანების რესტავრაციისა და კონსერვაციის ლაბორატორიის სამეცნიერო-ტექნიკური ბაზა. პროექტი ხორციელდება კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) და თბილისის მუზეუმების გაერთიანების თანამშრომლობით.
2023 წლის 15 ნოემბერს, ქ. თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ – მემორიალურ მუზეუმში მუზეუმების გაერთიანების რესტავრაციისა და კონსერვაციის სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის განახლებული შესაძლებლობებისა და ერთწლიანი მუშაობის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.
bp-ის ფინანსური მხარდაჭერით ლაბორატორია აღიჭურვა რესტავრაციისა და საკონსერვაციო სამუშაოებისთვის საჭირო თანამედროვე აპარატურითა და ხელსაწყოებით. განახლებულ ლაბორატორიაში შესაძლებელია ხელნაწერი დოკუმენტებისა და უნიკალური წიგნების, ფოტო და იკონოგრაფიული ფონდის, ფერწერული ნამუშევრების, სინათლისადმი მგრძნობიარე მასალაზე შესრულებული ნიმუშების, სხვა სამუზეუმო კოლექციებისა და ფონდებში დაცული მასალების რესტავრაცია-საკონსერვაციო სამუშაოების შესრულება უახლესი მეთოდებით, თანამედროვე მასალის გამოყენებით. აღსანიშნავია, რომ ყველა ტექნიკური საშუალება აპრობირებულია საერთაშორისო სტანდარტებით, იცავს ექსპონატს და ზრდის მისი შენახვის ხანგრძლივობას.
ღონისძიება თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ნინი სანადირაძემ გახსნა, მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) აღმასრულებელმა დირექტორმა ირინა ხანთაძემ. მოწვეულ სტუმრებს ლაბორატორიის რესტავრატორებმა თამარ დვალიშვილმა და ლელა გოცირიძემ ლაბორატორიის მუშაობის თავისებურებები გააცვნეს და დაინტერესებულ საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია სარესტავრაციო და საკონსერვაციო პროცესების შესახებ.
ღონისძიებას თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, თბილისის საკრებულოს, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.