ინფორმაცია

ნიკოლოზ (ტატო) ბარათაშვილი (1817-1845 წწ.) – ქართველი რომანტიკოსი პოეტი.

ბარათაშვილმა, როგორც მოაზროვნემ, საქართველოში მთელი XIX საუკუნის ლიტერატურის განვითარებას მისცა მიმართულება. მან ქართული ლექსი ყველაზე მეტად გაათავისუფლა აღმოსავლური პოეზიის მოძველებული ტრადიციებისაგან. ილია ჭავჭავაძის აზრით, ბარათაშვილის შემოქმედება, ქართულ მწერლობაში ევროპეიზმის დამკვიდრებას მოასწავებს. ბარათაშვილი ფილოსოფიური ლირიკის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელია. მის შემოქმედებაში ერთნაირი ძალით გამოიხატა როგორც ადამიანის ინტიმური გრძნობები, ისე ზოგადსაკაცობრიო იდეები.

1832 წლის შეთქმულებამ ნიკოლოზ ბარათაშვილზე დიდი გავლენა მოახდინა. შეთქმულებაში ქართული საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ის რუსეთის კლანჭებისაგან საქართველოს გათავისუფლებას ისახავდა მიზნად, ამდენად მისმა წარუმატებლობამ ბევრი უიმედობით აღავსო. თუმცა ნიკოლოზ ბარათაშვილს არასდროს დაუკარგავს იმედი და ყოველთვის უკეთეს მომავალს ელოდა. ეს თვისება მას გამოარჩევდა სხვა რომანტიკოსებისაგან, რომელთაც მომავლის რწმენა სრულიად დაკარგული ჰქონდათ.

1842 წელს ნიკოლოზ ბარათაშვილმა დაწერა უსათაურო ლექსი – „მირბის, მიმაფრენს“, რომელსაც შემდეგ „მერანი“ ეწოდა. მასში თვალსაჩინოდაა დახატული, როგორ უნდა ებრძოლოს ადამიანი მწარე რეალობას, რომ დასახულ მიზანს მიაღწიოს. ბარათაშვილმა, როგორც რომანტიკოსმა, უპირატესობა შთაგონებას მიანიჭა. რომანტიკოსი მწერლის მიზანია არა რეალობის ზუსტი ასახვა, არამედ მის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, საკუთარი იდეალური სამყაროს შექმნა და მისი მეშვეობით, საკუთარი იდეალის მკითხველამდე მიტანა. რისი შესანიშნავი მაგალითია ლექსი „მერანი“.

მოკლე ინფორმაცია:

მუზეუმის დაფუძნების თარიღი:

1982

მუზეუმის ტიპი:

მემორიალური

ექსპონატთა რაოდენობა:

2124

მუზეუმის ფართობი:

414

მუზეუმის შენობის სტატუსი:

კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი; სახელწოდება: ნიკოლოზ ბარათაშვი;ლის სახლ-მუზეუმი; აგების თარიღი: მე-19 საუკუნის დასასრული; რეესტრში შეტანის თარიღი: 11.10.07; სააღრიცხვო ბარათის/ პასპორტის №010407140

ისტორია

baratashvili16 - ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი

მუზეუმი 1982 წლის 31 ოქტომბერს, „თბილისობის“ რიგით მესამე დღესასწაულზე დაარსდა. თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 31.07.1980 წ. N 14.20.360 გადაწყვეტილებით. ნ. ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი ჩახრუხაძის ქ. N 17/16-ში განთავსდა.

XIX საუკუნის მემორიალური შენობა თბილისის ერთ-ერთ ძველ, კოლორიტულ კალა-უბანში მდებარეობს. ეს არის საუკუნოვანი ძეგლებითა და მოსახლეობის ეროვნული სიჭრელით გამორჩეული, ისტორიულად მნიშვნელოვანი ადგილი. მუზეუმს ესაზღვრება VI საუკუნის ძეგლი – ანჩისხატის ტაძარი, თბილისის ერთ-ერთი კარის ნანგრევები, ბარათაშვილის თანამედროვე ისტორიკოსის პლატონ იოსელიანის საცხოვრებელი სახლი, გაგრძელებაზე – ერეკლე II-ის მოედანი, სადაც თავის დროს მდებარეობდა ბარათაშვილის დედის, ეფემიასა და ბიძის, გრიგოლ ორბელიანის ორსართულიანი სახლი, საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის კარის წმ. გიორგის ეკლესია.

მუზეუმში დიდი ქართველი რომანტიკოსი პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილის (1817-1845 წწ.) ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალებია დაცული: ეპოქალური ნივთები, ავეჯი, ხალხური საკრავები, XIX ს-ის როიალი, მხატვრული ტილოები, პოეტის შემოქმედების გამოცემები (დაწყებული 1876 წლიდან), ფოტომასალა, სხვადასხვა კლასიკოსთა ხელნაწერები, ბიბლიოთეკა, წიგნადი ფონდი და სხვა დამხმარე მასალა. მუზეუმში თავმოყრილ ექსპონატთა შორის სავიზიტო მასალას წარმოადგენს ორი ფოტო – პოეტის მუზის – ეკატერინე ჭავჭავაძის ლიტერატურული სალონი „ცარსკოე სელოში“ და კლასიკური გიმნაზიის შენობა; ბარათაშვილის ლექსების პირველი კრებული, გამოცემული 1876 წელს; გიორგი ლეონიძის სამეცნიერო შრომის 1935 წლით დათარიღებული ხელნაწერი; პოეტის გარდაცვალების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომის მოსაწვევი ბარათი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში (21.10.1945 წ.) და სხვა.

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ – UNESCO, ნიკოლოზ ბარათაშვილის საიუბილეო თარიღი – დაბადებიდან 200 წლისთავი 2017 წლის საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურული მოვლენების ნუსხაში შეიტანა. ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის იუბილესთან დაკავშირებით 2017 წლის 4 დეკემბერს ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი საზეიმოდ გაიხსნა. სახლ-მუზეუმში მიმდინარეობდა სარეაბილიტაციო სამუშაოები და საგამოფენო სივრცეების რეექსპოზიცია. საგამოფენო სივრცეში პირველადაა გამოყენებული თანამედროვე მუზეუგრაფიის შესაბამისი კრეატიული ინდუსტრია და 3D ანიმაცია. რეექსპოზიციის პროექტის მიზანია კულტურის სხვადასხვა ინდუსტრიული საშუალებებით – ანიმაციური მეთოდებით ფართო საზოგადოებას წარუდგინოს და პოპულარიზაცია გაუწიოს ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელსა და შემოქმედებას თანამედროვე მუზეოგრაფიის შესაბამისად და მიმზიდველი აქციოს დამთვალიერებლისათვის.

გალერეა

ვიზიტი

დასახელება
ფასი (ლარი)
მოზრდილი
5,00
მოსწავლე/სტუდენტი (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით)
2,00
გიდის მომსახურება
20,00
ვორქშოფები და სწავლებები
10,00
აუდიო გიდი
10,00
საგანმანათლებლო პროგრამა (1 დასწრება)
10,00
  • შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით მუზეუმში შესვლა უფასოა:
    • 6 წლამდე ბავშვებისთვის;
    • პენსიონერთათვის;
    • ICOM-ის წევრებისთვის;
    • საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომელთათვის;
    • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებული პირებისთვის.

    მუზეუმი ღიაა:
    ყოველდღე
    10:00 – 18:30 სთ.
    მისამართი: ჩახრუხაძის ქ. N17