ინფორმაცია
სახლი, სადაც ილია ჭავჭავაძემ სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა – იგი ამ სახლში 1902-1907 წლებში თავის მეუღლესთან, ოლღა გურამიშვილთან, ერთად ცხოვრობდა.
თბილისში ცხოვრების პერიოდში ილია ჭავჭავაძემ რამდენიმე საცხოვრებელი მისამართი გამოიცვალა. იგი ცხოვრობდა ქირით, ძირითადად, მთაწმინდასა და სოლოლაკში.
1889-1901 წლებში კი - თავისი უმცროსი დის, ელისაბედ საგინაშვილის, სახლში, სადაც გაზეთ „ივერიის“ რედაქცია და სტამბა იყო განთავსებული.
1900-იან წლებში უკვე ხანდაზმულმა მწერალმა საკუთარი სახლის შეძენა გადაწყვიტა.
ამ მიზნით მან ანდრეევის ქუჩაზე (ახლა: გიორგი ჩუბინაშვილის ქ. N22) გაბრიელ და ბარბარე ღვინიაშვილისაგან (აკადემიკოს გიორგი ჩუბინაშვილის მეუღლის ნინო ღვინიაშვილის დედ-მამისაგან) შეიძინა ეზო და პატარა ერთსართულიანი სახლი, რომელსაც ადრინდელი მფლობელი სათავსოდ იყენებდა.
შენობას თავდაპირველად მომცრო ზომის ოთახები ჰქონდა. შემდეგში ილიამ ფასადის გალამაზებისა და გაფართოების მიზნით, XIX საუკუნის ცნობილი არქიტექტორის, სიმონ კლდიაშვილის პროექტის მიხედვით სახლზე მიაშენებინა ორი ოთახი შემოსასვლელი ფასადით. ერთში სამუშაო ოთახი მოაწყო, მეორეში კი - სასტუმრო.
სახლის მშენებლობას უძღვებოდა მშენებელ-ინჟინერი იაკობ ფრანგიშვილი.
ამ სახლში თითოეული ნივთი, წიგნი თუ ავეჯი ილიასეულია და ისეა განლაგებული, როგორც მის დროს იყო. ილიას და ოლღას სახლში ხშირად იყრიდნენ თავს სტუმრები და იმართებოდა საღამოები.
მკვლელობამდე ორი წლით ადრე ილიამ თავისი მეგობრის, ილია წინამძღვრიშვილის, სანოტარო ბიუროში შეადგინა ანდერძი, რომლის მიხედვითაც, მთელი თავისი უძრავ-მოძრავი ქონება გარდაცვალების შემდეგ მისი მეუღლის, ოლღა გურამიშვილის, მფლობელობაში გადადიოდა, ხოლო ოლღას გადაცვალების შემდეგ, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საკუთრება გახდებოდა.
მოკლე ინფორმაცია:
მუზეუმის დაფუძნების თარიღი:
მუზეუმის ტიპი:
მუზეუმის ფართობი:
მუზეუმის შენობის სტატუსი:
კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი. (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2007 წლის 1 ოქტომბრის N 3/181 ბრძანება)
ისტორია
თბილისის ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1956 წლის 3 აგვისტოს დადგენილების საფუძველზე დაარსდა და 1957 წლის 22 ოქტომბერს გაიხსნა. მუზეუმის თბილისში დაარსების ინიციატორი საქართველოს სახალხო პოეტი გიორგი ლეონიძე იყო.
1987 წელს, მწერლის დაბადებიდან 150 წლის საიუბილეოდ, გაიხსნა ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი. გიორგი ჩუბინაშვილის ქუჩაზე მდებარე სახლ-მუზეუმში დარჩა მხოლოდ მემორიალური განყოფილება.
2016 წლიდან ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი თბილისის მუზეუმების გაერთიანების შემადგენლობაშია.
2020 წლიდან დაწყებულია მუზეუმის კვლევითი და საარქივო დოკუმენტაციის შესწავლის სამუშაოები.
2021 წლიდან მიმდინარეობს სახლ-მუზეუმის კვლევითი, გეოლოგიური და სარესტავრაციო პროექტისთვის მოსამზადებელი სამუშაოები.
გალერეა
ვიზიტი
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დამთვალიერებლებისთვის დროებით დაკეტილია.