ინფორმაცია
ილია ჭავჭავაძე (1837 – 1907 წწ.) – ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი. ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ ილია ჭავჭავაძე შერაცხულია წმინდანად, სახელით – ილია მართალი.
ილია ჭავჭავაძისათვის მწერლობა სოციალური სტატუსი იყო, რომელსაც საზოგადოებრივ ღირებულებათა სისტემის შესაქმნელად და მათ მორალურად წარსამართად იყენებდა. „ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ, რომ წარვუძღვე წინა ერსა“ – ამბობდა ილია. იმდროინდელ საქართველოში საზოგადოებასთან კომუნიკაციის ერთადერთი საშუალება პერიოდული პრესა იყო და ილიამაც მთელი თავისი ნააზრევი, სამომავლო გეგმები ჯერ თავისი რედაქტორობით გამომავალ ჟურნალ „საქართველოს მოამბის“, მერე კი გაზეთ „ივერიის“ ფურცლებიდან მიაწოდა ქართველობას.
XIX საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში, სწორედ „ივერიას“ ხვდა წილად უდიდესი ისტორიული მისია – სათავეში ჩადგომოდა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას და ებრძოლა სოციალური ჩაგვრის წინააღმდეგ, მოეხდინა ქართველი ხალხის სულიერი და ინტელექტუალური დონის ამაღლება, ერის კონსოლიდაცია.
ილია ჭავჭავაძე ისეთი ლიბერალური და დემოკრატიული შეხედულებებით გამოირჩეოდა, როგორიცაა ადამიანთა უფლებების დაცვა, თანასწორობის პრინციპი, სიტყვისა და აზროვნების თავისუფლება და სხვა.
ამასთანავე, მისთვის ის ჰუმანური ღირებულებები, რომლებიც აუცილებელია ყველა ეპოქის სამოქალაქო საზოგადოებისათვის, ქრისტიანობასთან ასოცირდებოდა. ილია ჭავჭავაძის მიერ დანერგილი იდეოლოგია და საზოგადოებრივი პროცესები იმ პერიოდის ევრო-ამერიკული პროცესების ადეკვატური იყო.
მოკლე ინფორმაცია:
მუზეუმის დაფუძნების თარიღი:
მუზეუმის ტიპი:
ექსპონატთა რაოდენობა:
მუზეუმის ფართობი:
მუზეუმის შენობის სტატუსი:
კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი; ძეგლის სახელწოდება: საცხოვრებელი სახლი; აგების თარიღი: 19 საუკუნის დასასრული; რეესტრში შეტანის თარიღი: 11.10.07; სააღრიცხვო ბარათის/პასპორტის №010301324
ისტორია

მუზეუმი თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის მიერ 1982 წლის 30 დეკემბერს დაარსდა. ოქტომბრის რაიონში კალინინის ქ. N 7-ში (ახ. ივანე ჯავახიშვილის ქ. N 7) მდებარე შენობის ნაწილი, ხოლო მოგვიანებით - მთლიანად შენობა, გადაეცა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს. სახლ-მუზეუმი საქართველოს მინისტრთა საბჭოს დადგენილების საფუძველზე გაიხსნა 1957 წლის 3 აგვისტოს. მის ბაზაზე ახლანდელი მუზეუმი საზეიმოდ 1987 წლის 27 ოქტომბერს, მწერლის დაბადების 150 წლისთავის აღსანიშნავად გაიხსნა. 1988 წელს საქართველოს მინისტრთა საბჭოს განკარგულების თანახმად მუზეუმს ეწოდა ქალაქ თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი.
1888-1901 წწ. თბილისში, ივ. ჯავახიშვილის ქ. N 7-ში თავისი დის, ელისაბედ ჭავჭავაძე-საგინაშვილის სახლში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ილია ჭავჭავაძე მეუღლესთან - ოლღა გურამიშვილთან ერთად. ამ სახლს უკავშირდება ილიას საზოგადოებრივ – პოლიტიკური და შემოქმედებითი ცხოვრების აქტიური წლები. ამასთან, აქ იყო მოთავსებული გაზეთ „ივერიის“ რედაქცია და სტამბა. ამ შენობაში იმართებოდა ილიას ტრადიციული „ხუთშაბათობები“. აქ იღებდა სათავეს მთელი რიგი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი და კულტურული წამოწყებები.
2017 წელს მუზეუმში დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც 2018 წელს დასრულდა. 2019-2020 წლებში კი, მიმდინარეობდა სამუზეუმო სივრცეების, მემორიალური ოთახების, ექსპონატებისა და ეპოქალური ნივთების რესტავრაცია-კონსერვაციის პროცესი. 2021 წლის 24 სექტემბერს მუზეუმი დამთვალიერებლებისთვის გაიხსნა. სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის მერიის, თბილისის განვითარების ფონდის, პროექტ „ახალი ტფილისის“ მუზეუმების განვითარების ქვეპროგრამის ფარგლებში ჩატარდა.
ისტორიულ შენობაში განხორციელდა შენობის კონსტრუქციული გამაგრება, ფასადის დეკორატიული დეტალების რესტავრაცია, მოეწყო ახალი სახურავი და სართულშუა გადახურვები, რესტავრირებულ იქნა შიდა სივრცეები.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში შენობა აღიჭურვა გათბობა-გაგრილების, სუსტი დენების, განათებისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით, ასევე, დამონტაჟდა ლიფტები.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის ფონდის გამდიდრების მიზნით, საქართველოს ეროვნული არქივიდან შეძენილ იქნა ილია ჭავჭავაძის იკონოგრაფიული და დოკუმენტური, ასევე, რარიტეტული მასალები.
რესტავრირებულია ილია ჭავჭავაძის მემორიალური ოთახი, სადაც აღდგენილია ავთენტური ჭერი და იატაკი. მემორიალურ სივრცეებში განახლებული ექსპოზიციის მოწყობა ვიზიტორთათვის ეპოქალური კონტექსტის წარდგენას გულისხმობს, რომელიც წარმოდგენილია როგორც მემორიუალური და ეპოქისათვის დამახასიათებელი ნივთებით, ისე ეპისტოლარული მემკვიდრეობით მიღებული სხვადასხვა სახის ინფორმაციით.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში დაცულია ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის მასალა: მემორიალური ნივთები, პირადი არქივები, მის მიერ შექმნილი ნაწარმოებების სხვადასხვა გამოცემა, აგრეთვე მისი შემოქმედებისა და ცხოვრება-მოღვაწეობისადმი მიძღვნილი ლიტერატურა: სამეცნიერო შრომები, მონოგრაფიები, სტატიები, ნარკვევები დოკუმენტური და ფოტო მასალა, სახვითი ხელოვნების ნიმუშები და სხვა.
გალერეა
შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით მუზეუმში შესვლა უფასოა:
- 6 წლამდე ბავშვებისთვის;
- პენსიონერთათვის;
- ICOM-ის წევრებისთვის;
- საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომელთათვის;
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებული პირებისთვის.
მუზეუმი ღიაა:
ყოველდღე, გარდა სამშაბათისა.
10:00 – 18:30 სთ.
მისამართი: ივანე ჯავახიშვილის ქუჩა N7