თბილისის მუნიციპალური „მუზეუმების გაერთიანება“ 2016 წლის 29 ივლისს დაფუძნდა (თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა – განკარგულება 30.02.651) და წარმოადგენს თბილისის მუნიციპალური მუზეუმების გაერთიანებას, რომელიც გულისხმობს 9 დამოუკიდებელი მუზეუმის ერთიან ინსტიტუციას. გაერთიანებაში შემავალი მუზეუმების უმრავლესობა მრავალი წელია არსებობს და ქართული კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დამცველად გვევლინება.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი
თბილისი, ივანე ჯავახიშვილის ქ. N7
გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური სახლ-მუზეუმი
თბილისი, კოტე მარჯანიშვილის ქ. N4
ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი
თბილისი, ჩახრუხაძის ქ. N17
კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური სახლ-მუზეუმი
თბილისი, დიმიტრი უზნაძის ქ.N2
ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური სახლ-მუზეუმი
თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N 83/23
ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი
თბილისი, დიმიტრი ბაქრაძის ქ. N10
მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი
თბილისი, მიხეილ ზანდუკელის ქ. N1
მიხეილ ჯავახიშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი
თბილისი, მიხეილ ჯავახიშვილის N21
თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმი
მიმდინარეობს რეექსპოზიციის პროცესი
მუზეუმების გაერთიანების მისია, ეს არის მუზეუმების ახალი როლი თანამედროვე საზოგადოებაში, რომელიც შეიძლება აღვწეროთ, როგორც ტრადიციული სამუზეუმო საქმიანობის შენარჩუნებისა და საგანმანათლებლო ასპექტის სინთეზი, რომლის ფარგლებშიც ყურადღება გამახვილებულია თითოეული ადამიანისთვის ცოდნის გაზიარებაზე. თანამედროვე მუზეუმმა უნდა გააფართოოს თავისი თვალსაწიერი და პრიორიტეტად კოლექციასთან ერთად დამთვალიერებელი აქციოს.
მუზეუმები მემორიალური სახისაა, გარდა თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმისა. თითოეულ მათგანში განთავსებულია მემორიალური ან ეპოქალური ნივთები. მუზეუმებში მუდმივად ტარდება სხვადასხვა სახის თემატური საგანმანათლებლო პროგრამები რომელიც თეორიულ ნაწილთან ერთად ვიზიტორებს პრაქტიკულ გაკვეთილებსაც სთავაზობს. გაერთიანების სტრუქტურაში შემავალი მუზეუმები ორიენტირებულნი არიან დამთვალიერებლებს იმ ადამიანთა სახელები გააცნონ, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით XIX-XX საუკუნეების ქართულ კულტურის ჩამოყალიბებაში. მუზეუმების უმეტესობა მსოფლიო სტანდარტებს არის მორგებული. დამთვალიერებელს მემორიალური მუზეუმის სხვა კუთხით დანახვის საშუალება ეძლევა. იგი გაეცნობა არა მხოლოდ პიროვნების ცხოვრების მნიშვნელოვან ასპექტებს, არამედ სრულიად ეპოქას და თბილისური ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებს.
თბილისის მუზეუმების გაერთიანება დაფუძნებისთანავე აქტიურად მუშაობს სამეცნიერო, საგანმანათლებლო და საგამომცემლო მიმართულებებით.
ასევე აქტიურად ახორციელებს ისეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, როგორიცაა გაერთიანებაში შემავალი მემორიალური მუზეუმების რეაბილიტაცია და მათი საექსპოზიციო სივრცეების თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოწყობა.
✥ 2017 წლის 27 თებერვალს ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ სახლ-მუზეუმში განახლებული ექსპოზიცია გაიხსნა, რომელიც სიმბოლურად, ვახტანგ ჭაბუკიანის 107-ე დაბადების დღეს მიეძღვნა.
ვახტანგ ჭაბუკიანის მუზეუმის საგამოფენო სივრცის რეაბილიტაცია მუზეუმების გაერთიანების პირველი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც ვახტან ჭაბუკიანის მემორიალური სახლ-მუზეუმის ნაწილობრივ რეაბილიტაციას გულისხმობდა – კერძოდ, მხოლოდ ერთი საგამოფენო დარბაზის რეაბილიტაცია-რეექსპოზიციას.


✥ გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO) – ნიკოლოზ ბარათაშვილის საიუბილეო თარიღი – დაბადებიდან 200 წლისთავი 2017 წლის საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურული მოვლენების ნუსხაში შეიტანა.
2017 წელს თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის იუბილესთან დაკავშირებით ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის საზეიმო გახსნითი ღონისძიება გამართა.
საგამოფენო სივრცეში პირველადაა გამოყენებული თანამედროვე მუზეოგრაფიის შესაბამისი კრეატიული ინდუსტრია და 3D ანიმაცია. რეექსპოზიციის პროექტის მიზანია, კულტურის სხვადასხვა ინდუსტრიული საშუალებებით – ანიმაციური მეთოდებით – ფართო საზოგადოებას წარუდგინოს და პოპულარიზაცია გაუწიოს ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელსა და შემოქმედებას თანამედროვე მუზეოგრაფიის შესაბამისად და მიმზიდველად აქციოს დამთვალიერებლისათვის.


✥ 2019 წლის 18 მაისს, მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური სახლ-მუზეუმი განახლებული ექსპოზიციით გაიხსნა.
მუზეუმის საგამოფენო კონცეფცია ეს არის მცდელობა აღადგინოს ოთხმოციანი წლების ეპოქა, აჩვენოს ის წინააღმდეგობით აღსავსე სოციალურ-მორალური სურათი, რომელიც წინ უძღოდა საბჭოთა იმპერიის ნგრევას საქართველოში.


✥ 2020 წლის 22 ივლისს გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური სახლ-მუზეუმი განახლებული ექსპოზიციით გაიხსნა.
სამუზეუმო მემორიალური სივრცის სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოებისას სრულად იქნა დაცული როგორც სახლ-მუზეუმის მემორიალური თავისებურება, ისე სამუზეუმო საჭიროებები.
მუზეუმში საგამოფენო სივრცეები თანამედროვე მუზეოგრაფიის შესაბამისადაა მომზადებული და ინსტალაციები გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებისა და ბიოგრაფიის ქრონოლოგიურ გეგმას მიჰყვება.


✥ 2021 წლის 24 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი გაიხსნა.
თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში 2017 წელს დაწყებული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წელს დასრულდა.
2019-2020 წლებში კი, მიმდინარეობდა სამუზეუმო სივრცეების, მემორიალური ოთახების, ექსპონატებისა და ეპოქალური ნივთების რესტავრაცია-კონსერვაციის პროცესი.
სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის მერიის, თბილისის განვითარების ფონდის, პროექტ „ახალი ტფილისის“ მუზეუმების განვითარების ქვეპროგრამის ფარგლებში ჩატარდა.
ისტორიულ შენობაში განხორციელდა:
– შენობის კონსტრუქციული გამაგრება
– ფასადის დეკორატიული დეტალების რესტავრაცია
– სახურავის დემონტაჟი, რომლის შემდეგაც მოეწყო ახალი გადახურვა
– სართულშუა გადახურვების მოწყობა
– შიდა სივრცეების მომზადება სარესტავრაციოდ
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში შენობის გათბობა-გაგრილების, სუსტი დენების, სახანძრო სისტემების, ელექტრო მოწყობილობები და ლიფტები დამონტაჟდა.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის ფონდის გამდიდრების მიზნით, საქართველოს ეროვნული არქივიდან შეძენილ იქნა ილია ჭავჭავაძის იკონოგრაფიული და დოკუმენტური, ასევე რარიტეტული მასალები.
რესტავრირებულია ილია ჭავჭავაძის მემორიალური ოთახი, სადაც აღდგენილია ავთენტური ჭერი და იატაკი. მემორიალური სივრცეების მოწყობა გულისხმობს სამუზეუმო სივრცეთა მემორიალურ დარბაზებში ეპოქალური კონტექსტის მოწყობას, როგორც მემორიალური და ეპოქალური ნივთებით, ისე სხვადასხვა ეპისტოლარული მემკვიდრეობით მიღებული ინფორმაციით.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში დაცულია ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის მასალა: მემორიალური ნივთები, პირადი არქივები, მათ მიერ შექმნილი ნაწარმოებების სხვადასხვა გამოცემა, აგრეთვე მათი შემოქმედებისა და ცხოვრება-მოღვაწეობისადმი მიძღვნილი ლიტერატურა: სამეცნიერო შრომები, მონოგრაფიები, სტატიები, ნარკვევები დოკუმენტური და ფოტო მასალა, სახვითი ხელოვნების ნიმუშები და სხვა.

