ინფორმაცია

თბილისის სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმი საბავშვო მწერლისა და პედაგოგის თინათინ თუმანიშვილის (1892-1966 წწ.) თაოსნობითა და საქართველოს მთავრობის საგანგებო გადაწყვეტილებით 1937 წელს, ათარბეგოვის ქუჩაზე, საბავშვო ბაღის შენობაში დაარსდა როგორც საბავშვო სათამაშოების მუზეუმი. მუზეუმს საფუძვლად თინათინ თუმანიშვილის თოჯინებისა და სათამაშოების კოლექცია, საგვარეულო ნივთები და ბიბლიოთეკა დაედო, რომელიც მან სახელწიფოს უსასყიდლოდ გადასცა. თინათინ თუმანიშვილმა აღმოაჩინა და ერთი იდეის ქვეშ გააერთიანა იმ პერიოდის ახალგაზრდა, ნიჭიერი მხატვრები და ინჟინერ-მექანიკოსები. იმ დროს, როდესაც საქართველოში არცერთი ქართული თოჯინა ფიზიკურად არ არსებობდა, საფუძველი ეროვნული ხასიათის დედოფალას ჩაეყარა, რომელიც დღემდე მუზეუმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და წამყვანი ექსპონატია. მუზეუმი 1958 წელს მოსწავლე ახალგაზრდობის (მაშინდელ პიონერთა) სასახლეში გადავიდა, 1986 წლიდან ბინა შავთელის ქუჩაზე მდებარე შენობაში დაიდო, ხოლო 2012 წლიდან აღმაშენებლის გამზირის 103-107-ში განთავსდა, ამ ეტაპზე მუზეუმი დაკეტილია და მიმდინარეობს რეექსპოზიციის პროცესი.

მოკლე ინფორმაცია:

მუზეუმის დაფუძნების თარიღი:

1937

ექსპონატთა რაოდენობა:

3000

ისტორია

tojinebi10 - თბილისის სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმი

მუზეუმის ისტორია იმთავითვე თინათინ თუმანიშვილის (1892-1966 წწ.) შემოქმედებით ცხოვრებას უკავშირდება. დამსახურებული პედაგოგი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე, მუზეუმის დაარსებამდე წლების განმავლობაში მუშაობდა განსახკომთან არსებულ ბავშვთა სათამაშოების კომიტეტის პასუხისმგებელ მდივნად, მონაწილეობდა სკოლამდელი აღზრდისა და სათამაშოთა საკითხებისადმი მიძღვნილი გამოფენების მოწყობაში. თინათინი ოცზე მეტი საბავშვო წიგნის, სახელმძღვანელოს ავტორი და თანაავტორია, როგორც ქართულ ისე რუსულ ენებზე.

ამ პერიოდისათვის, ქართული დედოფალას სახეობაც კი არ არსებობდა. ფაბრიკულ, უცხოურ სათამაშოებთან ერთად, აუცილებელი იყო მხატვრული, ორიგინალური ეროვნული დედოფალასა და სხვადასხვა სახეობის სათამაშოების შექმნა. ამიტომაც, თინათინ თუმანიშვილი დიდ ყურადღებას აქცევდა ეთნოგრაფიულ შემოქმედებით ექსპედიციებს საქართველოს ქალაქებსა და რაიონებში. მან ჯერ კიდევ მუზეუმის გახსნამდე შეუკვეთა მხატვარ-ეთნოგრაფს ქართული მხატვრული დედოფალები: „მანანა”, „ეკა”, „პეტკა” და მხატვარ ბელიაევას „კაცია-ადამიანის?!” პერსონაჟები „ლუარსაბი და დარეჯანი“. მომდევნო პერსონაჟები „ლამაზისეული და ელისაბედი” მუზეუმის გახსნიდან მომდევნო წლებში შეიქმნა.

თინათინ თუმანიშვილმა თავისი მთავარი ამოცანა - მოძრავი მუსიკალური სათამაშოების შექმნა ვირტუოზ ოსტატ-კონსტრუქტორს, რაფაელ ბეგთაბეგიშვილს მიანდო, რომელმაც წლების მანძილზე შექმნა უნიკალური მოძრავი მუსიკალური სათამაშოები: „მარინე”, „მეჩონგურე ქალთა ანსამბლი”, „როიალზე დამკვრელი დედოფალა”, „მოცეკვავე ქართველი ქალი”. შემდეგ წლებში, მუზეუმის ექსპოზიციას მოძრავი მუსიკალური მოცეკვავეთა წყვილი შეემატა, რომლის ავტორია კონსტრუქტორი იგორ ფრანგულოვი.

ნ. ბრაილაშვილი, ნ. ბელიაევა, ნ. გილჩევსკაია, ი. ფრანგულოვი, რ. ბეგთაბეგიშვილი, გ. ალექსანდროვი, ნ. ანთაძე, დ. ჭუბაბრია, ვ. მირიანაშვილი ის მხატვრები გახლდნენ, რომელთა ნიჭისა და ფანტაზიის შერწყმის შედეგად შეიქმნა თოჯინური ხელოვნების უბადლო ნიმუშები, რომლებიც დღეს მუზეუმის ულამაზეს სამკაულებს წარმოადგენენ.

ამჟამად, მუზეუმის ფონდებში დაგროვილი არაერთი საინტერესო, დღემდე გამოუქვეყნებელი მასალის საფუძვლიანად შესწავლა მიმდინარეობს, მათი გამოცემის მიზნით. მუზეუმის ექსპოზიციაში წარმოდგენილი მხატვრული დედოფალები მოძრავი მუსიკალური სათამაშოები, ძველებური და თანამედროვე თემაზე შექმნილი სათამაშოები მნახველებს ქართული კულტურის წარმატებებზე, მათ ყოფასა და ზნე-ჩვეულებებზე, წარსულსა და აწმყოზე მოუთხრობენ. აქვეა მსოფლიოს ყველა ქვეყნის დედოფალები და სათამაშოები. თოჯინების მუზეუმი აღიარებულია, როგორც მსოფლიოში ერთადერთი მუზეუმი, თავისი შინაარსითა და ფორმით. ამას მოწმობს ის დოკუმენტები და პრესაში გამოქვეყნებული წერილები, რომლებიც ამჟამად მუზეუმშია დაცული.

გალერეა