ინფორმაცია

მიხეილ ჯავახიშვილი (1880-1937 წწ.) - XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერალი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, 1921-1924 წლებში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო ლიდერი.

მისი ერთ-ერთი ციტატაა: „შენი სამშობლოს მტერი შენი პირადი მტერია, ხოლო მისი მეგობარი, შენი პირადი მეგობარი“. ჯავახიშვილის ნაწარმოებებში ასახულია იმ პერიოდში ერისთვის მტკივნეული საკითხები, რომელიც დღესაც არ კარგავს აქტუალობას, გვახსენებს ჩვენს მოვალეობას სამშობლოს წინაშე. მისი პირველი მოთხრობა 1903 წელს გამოჩნდა, თუმცა შემდეგი ნაწარმოები მხოლოდ 1920-იან წლებში გამოქვეყნდა.

წინააღმდეგობა საბჭოთა იდეოლოგიის ზეწოლასთან მწერალს სიცოცხლის ფასად დაუჯდა: ის სტალინის პერიოდის დიდი წმენდის მსხვერპლი გახდა, ხოლო მისი ნაწარმოებები აკრძალული იყო თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში. 17 წლის მანძილზე ის ხალხის მტრის და ქვეყნის მოღალატის სახელს ატარებდა და მხოლოდ რეაბილიტაციის შემდეგ შეძლო ამ იარლიყის მოშორება.

მიხეილ ჯავახიშვილს შეეძლო 1924 წლის მოვლენების შემდეგ საზღვარგარეთ წასულიყო და ბოლშევიკურ ხელისუფლებას გარიდებოდა. ის საფრანგეთში სწავლობდა და ფრანგული იცოდა, მაგრამ თავად არ ისურვა სამშობლოს დატოვება. ის ხედავდა, რომ ქვეყანაში არსებობდა დიქტაქტურა, განუკითხაობა და ცდილობდა, რაღაცით მაინც ეშველა თავისი ხალხისთვის.

მოკლე ინფორმაცია:

მუზეუმის დაფუძნების თარიღი:

1997

მუზეუმის ტიპი:

ლიტერატურული

ექსპონატთა რაოდენობა:

150

მუზეუმის ფართობი:

115

მუზეუმის შენობის სტატუსი:

კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი; ძეგლის სახელწოდება: საცხოვრებელი სახლი; აგების თარიღი:19 საუკუნის დასასრული; რეესტრში შეტანის თარიღი: 11.10.07; სააღრიცხვო ბარათის/პასპორტის №010206154

ისტორია

javakhishvili4 - მიხეილ ჯავახიშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი

1988 წელს მინისტრთა საბჭოს დადგენილების თანახმად ელბაქიძის დაღმართზე (ახლანდელი მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩა) N 21-ში მდებარე სახლში გადაწყდა სახლ-მუზეუმის გახსნა. მიხეილ ჯავახიშვილი ამ შენობაში 1913-1937 წლებში მეუღლესთან, ორ ქალიშვილთან და შვილიშვილთან ერთად ცხოვრობდა. 1937 წლის რეპრესიების შემდეგ, საცხოვრებელი ბინა დაილუქა პირადი ნივთებისა და ავეჯის კონფისკაციით. მწერლის ოჯახი ცხოვრებას შუშაბანდიან ოთახში განაგრძობდა (25 კვ.მ), ხოლო, ბინის დანარჩენი ფართი საკუთრებაში მწერალ-კრიტიკოსს - შალვა რადიანს გადაეცა, რომელიც 1955 წლამდე, მწერლის რეაბილიტაციამდე ცხოვრობდა. პოლიტიკური რეპრესიების შედეგად ნივთების მცირე ნაწილი გადარჩა, დიდი ნაწილი კი განადგურდა. დაიკარგა მწერლის ხელნაწერები, ბიბლიოთეკის ნაწილი, უნიკალური პირადი ნივთები და სხვა. 1988 წელს, მიხეილ ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის გახსნის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, 1997 წელს ბინა, მუზეუმის შესაქმნელად გადაეცა მწერლის უმცროს ქალიშვილს - რუსუდან ჯავახიშვილს, რომელიც ქალაქის მთავრობასთან შეთანხმებით, ოჯახთან ერთად თავის კუთვნილ ბინაში გადავიდა. მას მხარი მწერალთა კავშირმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა დაუჭირეს. მუზეუმში მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი მასალების ნაწილი განთავსდა, ხოლო ძირითადი საარქივო მასალა მემკვიდრეთა საკუთრებაში დარჩა. მუზეუმში დაცულია მწერლის პირადი და მემორიალური ნივთები, უნიკალური საარქივო მასალა და საარქივო ჩანაწერები, ბიბლიოთეკა, ფონდი რომელიც ივსება და მდიდრდება მასალებით, მუზეუმის გამოცემები: რუსუდან ჯავახიშვილის ,,ილუსტრირებული ბიოგრაფიები“, მწერლის ფოტო-ალბომი, მიხეილ ჯავახიშვილის ,,უბის წიგნაკი“.

გალერეა

ვიზიტი

დასახელება
ფასი (ლარი)
მოზრდილი
5,00
მოსწავლე და სტუდენტი (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით)
2,00
გიდის მომსახურება
20,00
ვორქშოფები და სწავლებები
10,00
საგანმანათლებლო პროგრამა (1 დასწრება)
10,00

შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით მუზეუმში შესვლა უფასოა:

  • 6 წლამდე ბავშვებისთვის;
  • პენსიონერთათვის;
  • ICOM-ის წევრებისთვის;
  • საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომელთათვის;
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებული პირებისთვის.

მუზეუმი ღიაა:
ყოველდღე
10:00 – 18:30 სთ.
მისამართი: მიხეილ ჯავახიშვილის N21