ინფორმაცია
გალაკტიონ ტაბიძე (1891-1959 წწ.) – გამოჩენილი ქართველი პოეტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედება XX საუკუნის 10-იანი წლებიდან იწყება. პოეტმა მაშინვე დაიმკვიდრა „გენიალური გალაკტიონის“ და „პოეტების მეფის“ სახელი. „მე და ღამემ“, „მთაწმინდის მთვარემ“, „ლურჯა ცხენებმა“, „სილაჟვარდემ“, „მერიმ“ და მრავალმა სხვა ლექსმა მკითხველს სრულიად ახლებური პოეტური სამყარო წარმოუდგინა. გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედება რამდენიმე ათეული წელია გადაულახავ მწვერვალად დგას თანამედროვე პოეზიაში. ამ ხნის განმავლობაში არ დარჩენილა პოეტთა არც ერთი თაობა, რომელსაც მისი გავლენა არ განუცდია. გალაკტიონის ლექსები თარგმნილია მსოფლიოს ხალხთა მრავალ ენაზე. უდიდესი პოპულარობისა და თაყვანისცემის მიუხედავად, პოეტმა სიცოცხლე სულიერ სიმარტოვეში განვლო. ამან გარკვეული კვალი დაამჩნია მის შემოქმედებასაც, რომელმაც პოეზიას ახალი სიცოცხლე, განსხვავებული რიტმი და მრავალფეროვნება შესძინა.
მოკლე ინფორმაცია:
მუზეუმის დაფუძნების თარიღი:
მუზეუმის ტიპი:
ექსპონატთა რაოდენობა:
მუზეუმის ფართობი:
ისტორია

1999 წლის 21 მარტს ქ. თბილისში, მარჯანიშვილის ქ. N 4- ში საქართველის პრეზიდენტის ე. შევარდნაძის 1999 წლის 16 მარტის N188 განკარგულებით გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური მუზეუმი გაიხსნა. მუზეუმი საქართველოს მწერალთა კავშირის ინიციატივით და ხელშეწყობით პოეტის დაკრძალვის დღიდან ზუსტად ორმოცი წლის შემდეგ – 1999 წლის 21 მარტს გაიხსნა. იდეა, თბილისის ხელნაწერთა ინსტიტუტის მაშინდელ დირექტორს, ვახტანგ გურგენიძეს და მწერალ რევაზ მიშველაძეს ეკუთვნით. დიდი ქართველი პოეტის, გალაკტიონ ტაბიძის (1891-1959 წწ.) მემორიალური მუზეუმი განთავსებულია სახლში, სადაც მან სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა (1935-1959 წწ.). მწერლის სამუშაო ოთახი და საცხოვრებელი გარემო თითქმის უცვლელადაა აღდგენილი. მემორიალური ნივთების გარდა, მუზეუმში დაცულია ფოტომასალა, ხელნაწერები და სხვა დოკუმენტები, რომლებიც გალაკტიონის ცხოვრების ერთგვარ მატიანეს წარმოადგენს.
გალერეა
ვიზიტი
შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით მუზეუმში შესვლა უფასოა:
- 6 წლამდე ბავშვებისთვის;
- ICOM-ის წევრებისთვის, საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომლებისთვის;
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის;
- სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებულთათვის.