მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში

18.05.2023 18 მაისი 2 - მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში

2023 წლის მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული თბილისის მუზეუმების გაერთიანების მუზეუმებში 18 მაისს სხვადასხვა ღონისძიებით, საგანმანთლებელო პროგრამითა და აქტივობით გაიხსნება.

თბილისის მუზეუმების გაერთიანება, 18-25 მაისს, დაინტერსებულ პირებს მუზეუმების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ საგანმანათლებლო პროგრამებს, აქტივობებს, დისკუსიებს, ინტერაქტიულ გაკვეთილებს და სხვა ღონისძიებებს სთავაზობს თბილისის მუზეუმების გაერთიანების სხვადასხვა სამუზეუმო სივრცეში.

მუზეუმების საერთაშორისო დღე 1977 წლის 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს  (ICOM) მიერ დაფუძნდა და ამ თარიღს საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოება  40 წელზე მეტია აღნიშნავს. მუზეუმების საერთაშორისო საბჭო მუზეუმის პროფესიონალთა უნიკალური ქსელია, სადაც 35,000 – ზე მეტი  ინდივიდუალური წევრი, 20 000 მუზეუმი, 172 ადგილობრივი და საერთაშორისო კომიტეტია გაერთიანებული.

მუზეუმის საერთაშორისო დღისათვის ICOM-ის მრჩეველთა საბჭო ყოველწლიურად ირჩევს თემას. 2023 წლის მუზეუმის საერთაშორისო დღის თემაა: „მუზეუმები, მდგრადი განვითარება და კეთილდღეობა“. მუზეუმების გაერთიანებაში შემავალი მუზეუმები ეხმიანება ICOM-ის წლის თემას და სპეციალურად ამ კვირეულისთვის შექმნილ საგანმანათლებლო პროგრამებს გთავაზობთ: „ეკოსისტემა და ბიომრავალეროვნება“; „დედამიწა ჩვენი სახლია“; „ადამიანი ბუნებისთვის“ და სხვ.

მუზეუმები „გადამწყვეტ როლს თამაშობენ საზოგადოებების კეთილდღეობასა და მდგრად განვითარებაში, ყველა მუზეუმმა უნდა შეიტანოს საკუთარი წვლილი მდგრადი მომავლის ჩამოყალიბებასა და დანერგვაში. ამის მიღწევა შესაძლებელია საგანმანათლებლო პროგრამების, გამოფენების, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კვლევის მეშვეობით.“

2023  წლის მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული „მუზეუმები, მდგრადი განვითარება და კეთილდღეობა“ თბილისის მუზეუმების გაერთიანების მუზეუმებში 18 მაისს გაიხსნება სხვადასხვა ღონისძიებითა და საგანმანთლებელო პროგრამებით და 25 მაისამდე გაგრძელდება.