მუზეუმის საერთაშორისო დღე-“ლიტერატურული ხუთშაბათობა”

60774266 879997085669799 4693511841270202368 n - მუზეუმის საერთაშორისო დღე-"ლიტერატურული ხუთშაბათობა"

22 მაისს, თბილისის მერიის მუზუემების გაერთიანება ილია ჭავჭავაძის მემორიალურ სახლ-მუზეუმში, მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში „ლიტერატურული ხუთშაბათობა“ გაიმართა.
ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს ილია ჭავჭავაძის მემორიალური სახლ – მუზეუმის კურატორმა – მზია ნადირაძემ, თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების დირექტორმა – ნინი სანადირაძემ, მწერლებმა – ნინია სადღობელაშვილმა, ზვიად კვარაცხელიამ, პოეტებმა- კატო ჯავახიშვილმა, სოსო მეშველიანმა, ეკა კვიციანმა და მთარგმნელმა თათია მთვარელაძემ საკუთარი სამუზეუმო გამოცდილება გაუზიარეს. მათ მუზეუმების როლზე და მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
შეხვედრა მუზუემების გაერთიანების ახალი „ლიტერატურული თამაშის“ პრეზენტაციით შეჯამდა. სამაგიდო ლიტერატურული თამაში ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ფაქტებს ეფუძნება და შედგება ნაცნობი და საინტერესო დეტალებისგან მისი ცხოვრებიდან. თამაშს კითხვა-პასუხი-გამოცნობის სტრუქტურა აქვს.

მუზეუმის საერთაშორისო დღე – 18 მაისი, რომლის მიზანი საზოგადოების განვითარებაში მუზეუმის როლის გაცნობიერებაა, 1977 წელს დაფუძნდა მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM)-ის მიერ. ამ დღისთვის ICOM-ის მრჩეველთა საბჭო ყოველწლიურად ირჩევს თემას. 2019 წლის მუზეუმის საერთაშორისო დღის თემაა „მუზეუმები, როგორც კულტურული ჰაბები: ტრადიციის მომავალი”.

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება 18 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით სხვადასხვა ღონისძიებებს, პრეზენტაციებსა და „მუზეუმის ღამის“ ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებს უმასპინძლებს. მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება გარდა ღამის ღონისძიებებისა საგანამანთლებლო და შემეცნებითი აქტივობებითაც მასპინძლობს.