თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში თბილისის მერიამ და თბილისის განვითარების ფონდმა სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში დაცულია ილია ჭავჭავაძისს ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის მასალა: მემორიალური ნივთები, პირადი არქივები, მათ მიერ შექმნილი ნაწარმოებების სხვადასხვა გამოცემა, აგრეთვე მათი შემოქმედებისა და ცხოვრება-მოღვაწეობისადმი მიძღვნილი ლიტერატურა: სამეცნიერო შრომები, მონოგრაფიები, სტატიები, ნარკვევები დოკუმენტური და ფოტო მასალა, სახვითი ხელოვნების ნიმუშები და სხვა. მუზეუმის რეაბილიტაცია 2018 წელს დასრულდება.
ილია ჭავჭავაძე მეუღლესთან – ოლღა გურამიშვილთან ერთად თბილისში, ივ. ჯავახიშვილის ქ. N 7-ში თავისი დის, ელისაბედ ჭავჭავაძე-საგინაშვილის სახლში 1888-1901 წწ. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. ამ სახლს უკავშირდება ილიას საზოგადოებრივ – პოლიტიკური და შემოქმედებითი ცხოვრების აქტიური წლები. ამასთან, აქ იყო მოთავსებული გაზეთ „ივერიის“ რედაქცია და სტამბა. ამ შენობაში იმართებოდა ილიას ტრადიციული „ხუთშაბათობები“. აქ იღებდა სათავეს მთელი რიგი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი და კულტურული წამოწყებები. ამ სახლთან არის დაკავშირებული ილიას საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობის განსაკუთრებული გააქტიურება და ბრძოლა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიისათვის.
„ეს არის ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა, როცა საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის წესების დაცვით აღდგება ილიას მუზეუმი, ჩვენი ქალაქისა და ქვეყნისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი. ეს იყო ღირსების საკითხი, ეს იყო მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც დავიწყეთ, რათა ამ ადგილს დაუბრუნდეს თავისი ისტორიული მნიშვნელობა. გაკეთდება არა მხოლოდ შენობის კონსტრუქციული გამაგრება და მოწესრიგდება გარე ნაწილი, არამედ ჩვენ უზრუნველვყოფთ მისი შიდა ნაწილის ავთენტურ აღდგენას და ეს ადგილი გახდება ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი“, – განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ, რომელმაც სარეაბილიტაციო სამუშაოები 22 მაისს, თბილისის განვითარების ფონდის დირექტორთან, გიორგი ბაიდარაშვილთან ერთად დაათვალიერა.