ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური სახლ-მუზეუმი დამთვალიერებლისათვის ერთი თვის მანძილზე იყო დახურული რა პერიოდშიც გარემონტდა შენობა. განახლებული ექსპოზიცია 2017 წლის 27 თებერვალს სიმბოლურად საბალეტო ვარსკვლავის 107-ე დაბადების დღეზე გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში, პირველად გამოიფინა დიდი ქართველი ბალეტმაისტერის სასცენო კოსტიუმები და აქსესუარები ისეთი წარმატებული სპექტაკლებიდან, როგორებიცაა „წითელი ყაყაჩო”, „ცეცხლის ცეკვა მაშხალებით”, „ოტელო”, „რაიმონდა”, „ლაურენსია”, „ტარას ბულბა”, „კორსარი”, „კარმენი”, „დონ-კიხოტი”, „ბაიადერა” და სხვა. ცერემონიალის ოფიციალურ ნაწილს ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია ესწრებოდნენ მოწვეულ სტუმრებთან ერთად.
კომპოზიტორ შალვა დავითაშვილის ოჯახმა გახსნის ოფიციალური ნაწილის დასასრულს გაასაჯაროვა, რომ ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ სახლ-მუზეუმს პირად არქივში დაცულ უნიკალურ ჩანაწერს გადასცემს, რომელზეც დატანილია ბალეტმაისტერის ინტერვიუ და სრული ვერსია ფილმი-ბალეტისა „ლაურენსია”.