საფეხმავლო ტური „ნობელიატები თბილისში“

17 - საფეხმავლო ტური „ნობელიატები თბილისში“

შვედი ქიმიკოსისა და გამომგონებლის – ალფრედ ნობელის ანდერძის საფუძველზე დაარსებული პრემია დღემდე, ალბათ, ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოა. პირველად იგი 1901 წელს გაიცა.  ამ 124 წლის განმავლობაში კი   ათასამდე ადამიანი თუ ორგანიზაცია დაჯილდოვდა კაცობრიობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

თავად ნობელის ცხოვრება კი მჭიდროდ იყო დაკავშირებული კავკასიასთან და კონკრეტულად, საქართველოსთანაც. მისი ოჯახი დიდხანს ცხოვრობდა და მუშაობდა კავკასიაში.

თბილისი სხვადასხვა დროს არაერთი ნობელიატის მასპინძელი ყოფილა. XIX საუკუნის მიწურულს საქართველოში წლების განმავლობაში ცხოვრობდა პირველი ნობელიატი ქალი მშვიდობის დარგში – ბერტა ფონ ზუტნერი. თბილისში სტუმრად იმყოფებოდა ნორვეგიელი მწერალი კნუტ ჰამსუნი, რომელმაც 1920 წელს მიიღო ეს პრემია ლიტერატურაში. მოგვიანებით თბილისს ჰამსუნის თანამემამულე, ერთა ლიგის კომისარი ფრიტიოფ ნანსენიც სტუმრობდა, რომელმაც 1922 წელს მიიღო ნობელის მშვიდობის პრემია. თბილისში სხვადასხვა დროს სტუმრად იმყოფებოდნენ სხვა ნობელიატებიც: მწერლები – ბორის პასტერნაკი და ჯონ სტაინბეკი, დედა ტერეზა და სხვები.

საფეხმავლო ტური „ნობელიატები თბილისში“ მათი მოღვაწეობისა და ჩვენს დედაქალაქში სტუმრობის ამბებსა და შთაბეჭდილებებს მოგითხობთ. აქაური მოგზაურობა არაერთმა მათგანმა თავის მემუარებში აღწერა და ძალიან საინტერესო მასალა დატოვა ჩვენს ქვეყანაში გატარებული დღეების შესახებ.

მარშრუტი, რომელსაც ტურის მონაწილეები გაივლიან, მიზნად ისახავს XIX საუკუნის ბოლოდან XX  საუკუნის 60-იან წლებამდე აღადგინოს, გააცოცხლოს და თხრობაში ჩართოს ის ტურისტული და სამუზეუმო ობიექტები, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბადაა კავშირში ნობელიატთა სტუმრობასთან თბილისსა და საქართველოში.