თბილისის მუზეუმების გაერთიანება – სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმის კურატორმა და ICOM საქართველოს საბჭოს წევრმა მარიამ ჩხაიძემ ICOM CIDOC-ის 2023 წლის საერთაშორისო კონფერენციაში “ცოდნის საზღვრები, მუზეუმები, დოკუმენტაცია და დაკავშირებული მონაცემები” მიიღო მონაწილეობა.
მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) სამუზეუმო დოკუმენტაციის საერთაშორისო კომიტეტის – CIDOC-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს 24-28 სექტემბერს მექსიკის ეროვნულ უნივერსიტეტში, ქალაქ მეხიკოში ჩატარდა.
CIDOC-ის 2023 წლის ჰიბრიდული ფორმატის საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც მსოფლიოს 30 ქვეყნიდან 200-ზე მეტი პროფესიონალი მონაწილეობდა, მიზნად ისახავს ცოდნის საზღვრების გაფართოებისა და ტრანსფორმაციის მნიშვნელობის კვლევას სამუზეუმო დოკუმენტაციასა და ციფრულ ინტეგრაციაში.
კონფერენციაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა:
დოკუმენტაციის სოციალური პასუხისმგებლობა – დოკუმენტაციის პროცესის მნიშვნელობის აღქმა და იმ ფაქტორის გააზრება, რომ ეს პროცესი ექსპონატებზე ფიზიკური მონაცემების შეგროვებასთან ერთად მოიცავს უფრო ფართო კონტექსტისა და სოციალური შედეგების განხილვას.
მიგრაცია მონაცემთა ბაზის ახალ სისტემებში – მონაცემთა მიგრაცია ძველი ციფრული მონაცემთა ბაზის სისტემებიდან ახალზე, რაც გვთავაზობს გაუმჯობესებულ დეტალებსა და ინოვაციურ მიდგომებს.
ხელოვნური ინტელექტი და სამუზეუმო დოკუმენტაცია – სადისკუსიო ფორუმი იკვლევს დინამიურ ურთიერთობას ხელოვნურ ინტელექტსა და სამუზეუმო დოკუმენტაციას შორის. ეს საკითხი განიხილება როგორც ძლიერი ინსტრუმენტი და ამავდროულად, როგორც პოტენციური პრობლემა – ინფორმაციული უსაფრთხოება, თუმცა ხელოვნური ინტელექტის ელემენტების ინტეგრირება მნიშვნელოვნად გაამარტივებს დოკუმენტაციის პროცესებს.