“ბარათაშვილი და თბილისი” – წიგნის პრეზენტაცია

1905 1 2 2 - "ბარათაშვილი და თბილისი" - წიგნის პრეზენტაცია

2023 წლის 19 მაისს, ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში თბილისის მუზეუმების გაერთიანების გამოცემის – „ბარათაშვილი და თბილისი“ – წარდგენა გაიმართა.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა და წიგნი აუდიტორიის წინაშე წარადგინა მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ნინი სანადირაძემ.

აღნიშნული წიგნი ამ სერიის მესამე გამოცემაა, უკვე გამოიცა „ილია და თბილისი“ და „გალაკტიონი და თბილისი“.

გამოცემა „ბარათაშვილი და თბილისი“  პოეზიისა და თბილისის სიყვარულზე მოგვითხრობს, იმ ლიტერატურულ მემკვიდრეობაზე, რომელიც სხვადასხვა ფონდსა და კოლექციებში ინახება. ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებაში თბილისს გასაკუთრებული ადგილი უჭირავს.

ბარათაშვილმა, როგორც მოაზროვნემ, საქართველოში მთელი XIX საუკუნის ლიტერატურის განვითარებას მისცა მიმართულება. მან ქართული ლექსი ყველაზე მეტად გაათავისუფლა აღმოსავლური პოეზიის მოძველებული ტრადიციებისაგან. ბარათაშვილი ფილოსოფიური ლირიკის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელია. მის შემოქმედებაში ერთნაირი ძალით გამოიხატა როგორც ადამიანის ინტიმური გრძნობები, ისე ზოგადსაკაცობრიო იდეები.

გამოცემის შესახებ ასევე ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმის კურატორმა თეონა ტაბატაძემ ისაუბრა, რომელმაც წიგნიდან მცირე ამონარიდები გააცნო მოწვეულ სტუმრებს.

წიგნში წარმოდგენილია პოეტის შემოქმედებით მემკვიდრეობაში დაგროვილი უამრავი ჩანაწერი, მოგონება თუ განცდა, რომელიც თბილისს უკავშირდება.

წიგნში წარმოდგენილი ექსპონატები, ფოტოები, ასევე ბარათაშვილის მიერ შესრულებული ჩანახატები დაცულია თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანებაში შემავალ – ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში. გამოცემაში წარმოდგენილი ხელნაწერები და ფოტოები დაცულია საქართველოს პრალამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საქართველოს ეროვნულ არქივში, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში.

გამოცემა მომხადებულია ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში.

საღამო მუსიკალურად გააფორმა პიანისტმა – დეა აბაკელიამ.

წიგნი გააფორმა მხატვარ დიზაინერმა – ნინო ანდრიაშვილმა

ფოტო: მირიან კილაძე; ნატა აბაშიძე-რომანოვსკაია

წიგნის შეძენა შესაძლებელია თბილისის მუზეუმების გაერთიანების მუზეუმებში და ასევე თბილისის წიგნის მაღაზიებში.