„საქართველო და XX საუკუნე“ – პირველი საერთაშორისო კონფერენცია

cover - „საქართველო და XX საუკუნე“ - პირველი საერთაშორისო კონფერენცია

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანებამ 19-20 სექტემბერს, თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ნაძალადევის მედიათეკაში პირველ საერთაშორისო კონფერენციას „საქართველო და XX საუკუნე“ უმასპინძლა. კონფერენცია რეალური ფაქტებისა და ისტორიული დოკუმენტების ანალიზს ეფუძნება და მისი მიზანია, წარმოაჩინოს მეოცე საუკუნის კულტურა და ხელოვნება განსხვავებული სახელებითა და ფაქტებით, ეპოქისა და გარემოს სხვადასხვა კონტექსტებში და იკვლიოს პარალელური კულტურული პროცესები.

„კონფერენციის იდეა საჯარო გაერთიანების ორ მუზეუმში, ვახტანგ ჭაბუკინის მემორიალურ სახლ-მუზეუმსა და ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში შეხვედრებით დაიწყო, სადაც მეოცე საუკუნის ქართულ კულტურაზე აქტიური დებატები და საჯარო ლექციები ტარდებოდა. შეხვედრებსა და ლექციებზე სხვადსხვა პროფესიის ადამიანები უძღვებოდნენ, საუბრობდნენ ეპოქალურ კონტექსტსა და ეპოქალურ სინამდვილეებზე, რომელიც მე-20 საუკუნეს ახლდა. უნდა აღინიშნოს – დებატებზე ბევრი ისეთი თემა წამოიწია, რომელზეც ძალიან ფრთხილად საუბრობს ჯერ კიდევ უფროსი თაობა”. – ნინი სანადირაძე, მუზეუმების გაერთიანების გენერალური დირექტორი.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც ადგილობრივმა, ასევე უცხოელმა მკვლევარებმა პოლონეთიდან და თურქეთიდან.
მომხსენებლებმა ისაუბრეს გასული საუკუნის, ზოგადად ეპოქისა და კულტურის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ხელოვანთა შემოქმედებაზე ტოტალიტარული რეჟიმის პერიოდში.

ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია კოტე და სოსო წერეთლების მემორიალურ ბინა-მუზეუმში, მონაწილეების სტუმრობით დასრულდა.