თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ილია ჭავჭავაძის მემორიალურ სახლ-მუზეუმში 15 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 140 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიება ჩატარდა. საღამოს მასპინძლობდა ლელა გაფრინდაშვილი – მკვლევარი, ფილოსოფოსი, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება 1879 წლის 15 მაისს დაარსდა. ამ დღეს ჩატარდა საზოგადოების პირველი სხდომა და აირჩიეს გამგეობის წევრები: ილია ჭავჭავაძე, ნიკო ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი და რაფიელ ერისთავი, საზოგადოების თავმჯდომარე კი დიმიტრი ყიფიანი გახდა.
საზოგადოების უმთავრეს დანიშნულებას ქართველი მოსახლეობისათვის სკოლების გახსნა, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უზრუნველყოფა, სახელმძღვანელოების ბეჭდვა, წიგნების გამოცემა-გავრცელება, ბიბლიოთეკა-სამკითხველოების დაარსება, მატერიალური კულტურის დაცვა და მისი პოპულარიზაცია წარმოადგენდა.
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ფასდაუდებელი შრომა გასწია ქართული პედაგოგიური აზრისა და განათლების ეროვნული სისტემის ჩამოყალიბება-განვითარების, ქართველ საზოგადოებაში ეროვნული სულისკვეთების გაღვივების საქმეში, რაშიც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ილია ჭავჭავაძეს.