მეორე საერთაშორისო კონფერენციას „სემიტოლოგიური ძიებანი“ თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში 15, 16 და 17 ოქტომბერს უმასპინძლა.
კონფერენცია ეძღვნებოდა მსოფლიო მნიშვნელობის სემიტოლოგის, ენათმეცნიერის, საქართველოში ებრაისტიკა-არამეისტიკის სწავლების ფუძემდებლის, აკადემიკოს კოტე (კონსტანტინე) წერეთლის ხსოვნას.
კონფერენცია პირველად 2017 წელს ჩატარდა. სწორედ მაშინ გაჟღერდა ფართო აუდიტორიის წინაშე, რომ სამეცნიერო მიმართულებების გაძლიერების მიზნით, თბილისის მუზეუმების გაერთიანება – კოტე და სოსო წერეთლების მუზეუმი ტრადიციის გაგრძელებასა და მუზეუმის ბაზაზე კოტე წერეთლის სახელობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დაარსებას გეგმავდა.
2018 წლის 5 თებერვალს თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ სწორედ ამ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დაარსება ამცნო საზოგადოებას. ცენტრის მთავარი მიზანი ქართული სემიტოლოგიური სკოლის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პოპულარიზაციის ხელშეწყობაა, როგორც ადგილობრივ დონეზე, ისე მსოფლიო მასშტაბით.
წლევანდელ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ხუთი ქვეყნის – საქართველო, ისრაელი, გერმანია, რუსეთი, ერაყი – ებრაისტიკა-არამეისტიკის დარგში მოღვაწე მეცნიერებმა. კონფერენციის გახსნას დაესწრო ისარელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში შაფთაი ცური.