„ნანნი იესოს“ – ქართული კათოლიკური საშობაო საგალობელი

2 ივენთი copy 2 - „ნანნი იესოს“ - ქართული კათოლიკური საშობაო საგალობელი

25 დეკემბერს, 17:00 საათზე, ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ მუზეუმში გაიმართება ღონისძიება სახელწოდებით – „ნანნი იესოს“ – ქართული კათოლიკური საშობაო საგალობელი.

სტამბოლის ქართული კათოლიკური ფონდის ბიბლიოთეკაში დაცულ სანოტო ნიმუშებს შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საგალობელს „ნანნი იესოს“, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისის ქართულ სამგალობლო პრაქტიკას ასახავს. სიტყვიერი ტექსტის მიხედვით, საგალობელი ყრმა იესოსადმი მიძღვნილი იავნანაა.

მსგავსი დასახელების ნაწარმოები – „იესოს ნანი“ – გვხვდება ზაქარია ფალიაშვილის ბავშვობის ამსახველ ბიოგრაფიულ წყაროებში. ცნობილია, რომ რვა წლის ზაქარიას კათოლიკეთა ეკლესიის წინამძღოლმა, ივანე ანტონიშვილმა საშობაო საგალობელი შეასწავლა და შობის ღამეს პირველად შეასრულებინა ეკლესიაში. ნორჩმა მგალობელმა მაშინვე მოიპოვა საზოგადოების ყურადღება და აღიარება.

ღონისძიების ფარგლებში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი, ბაია ჟუჟუნაძე წარმოადგენს კვლევას საგალობელ „ნანნი იესოს“ შესახებ. მისი აღმოჩენილი სანოტო მასალის საფუძველზე, მომღერლებისა და „საქართველოს სინფონიეტას“ ორგანისტის – ანა ქურდოვანიძის შესრულებით, დამსწრე საზოგადოება საგალობელს ცოცხლად მოისმენს.

????ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი დიმიტრი ბაქრაძის ქ. №10