გამოფენა – „ილიას სიტყვის სახე“

photo output - გამოფენა - „ილიას სიტყვის სახე“

8 ნოემბერს,19:00 საათზე, ილია ჭავჭავაძის (1837-1907) დაბადების დღეს, „თბილისის მუზეუმების გაერთიანება“, გეპატიჟებათ მწერლის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი ილუსტრაციების  გამოფენაზე – „ილიას სიტყვის სახე“.

ილია ჭავჭავაძე (1837-1907) მრავალმხრივი საზოგადოებრივი მოღვაწეობის პარალელურად, მუდმივად ახერხებდა თავისი ლიტერატურული და შემოქმედებითი გზის განვითარებას. მისი ნაწარმოებების ილუსტრირება მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ, 1914 წელს მოხერხდა, როცა ექიმმა მიხეილ გედევანიშვილმა ილია ჭავჭავაძის თხზულებათა პირველი ტომი გამოსცა. წიგნი ერთიან მხატვრულ ელემენტად გააზრებულ, აკადემიურ გამოცემას წარმოადგენდა.  ილუსტრაციები მხატვარმა ჰენრიკ ჰრინევსკიმ (1869-1938) შეასრულა, რომელიც ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებების პირველი ილუსტრატორი გახდა.

ჰენრიკ ჰრინევსკის შემდგომ, ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებებზე სხვადასხვა პერიოდის  მრავალმა მხატვარმა იმუშავა, მათ შორის არიან – ელენე ახვლედიანი, უჩა ჯაფარიძე, ვალერიან სიდამონ-ერისთავი, ლადო გუდიაშვილი, თეიმურაზ ყუბანეიშვილი, მიხეილ გვაჯაია, დავით (დუდა) გაბაშვილი, იოსებ სამსონაძე, ლალი ზამბახიძე, გივი პეტრიაშვილი, თენგიზ მირზაშვილი, რობერტ სტურუა და სხვანი.

გამოფენაზე წარმოდგენილია  სხვადასხვა ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ავტორის მიერ შესრულებული ნამუშევრები, მათ შორის ქ. თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში, ყვარლის ილიას ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმში, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ნამუშევრები.

გამოფენის დათვალიერება გაგრძელდება 2026 წლის 28 თებერვლამდე.