25 ოქტ ჭაბუკიანი ივენთი - "ნაცნობი და უცნობი ზურაბ კიკალეიშვილი" ნიალა გოძიაშვილის საჯარო ლექცია

დამატებითი ინფორმაცია

Facebook

თარიღი

25.10.2022

დრო

19:00 - 20:00

“ნაცნობი და უცნობი ზურაბ კიკალეიშვილი” ნიალა გოძიაშვილის საჯარო ლექცია

25 ოქტომბერს, 19:00 საათზე თბილისის მუზეუმების გაერთიანების ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ სახლ-მუზეუმში გაიმართება შეხვედრა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ყოფილ სოლისტთან, საბალეტო სპექტაკლების რეჟისორთან ნიალა გოძიაშვილთან, რომელიც ისაუბრებს ზურაბ კიკალეიშვილზე, როგორც პედაგოგზე, ქორეოგრაფსა და არტისტზე.
ზურაბ კიკალეიშვილი ქორეოგრაფიული სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1942 წლიდან, ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი გახდა.
თბილისის ოპერისა და ბალეტის სცენაზე ზედიზედ იდგმება ქართველ კომპოზიტორთა საბალეტო სპექტაკლები, სადაც წამყვან პარტიებს ზურაბ კიკალეიშვილი ასრულებდა: ალ. მაჭავარიანის „ოტელო“, ბალანჩივაძის ,,მთების გული“, თორაძის ,,გორდა“, საბალეტო სპექტაკლში – ,,სინათლე“ – განხორციელებულმა დავრიშის როლმა ზურაბს საოცარი აღიარება მოუტანა.
მისი ტანის კლასიკური პროპორციები, ცეკვითი სმენიანობა, რითმის მგრძნობიარობა, საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ქართულ სცენაზე საბოლოოდ დამკვიდრებულ იყო ვახტანგ ჭაბუკიანის მთავარი შემოქმედებითი პრინციპი – მსახიობი მაშინაც კი ცეკვავს, როდესაც უმოძრაოდ დგას სცენაზე.
ქართველ მაყურებელს, რომელსაც ზურაბ კიკალეიშვილი სცენაზე არ ახსოვს, არასდროს დაავიწყდება, მისი როლი გიორგი შენგელაიას მიუზიკლში „ვერის უბნის მელოდიები“, რომელიც ეკრანებზე 1973 წელს გამოვიდა. კიკალეიშვილს აქ არსებითად არც არაფერი აქვს სათამაშო – მისი პერსონაჟი „ცნობის ფურცელს“ ყიდის, მაგრამ ეს მოუსვენარი, უკვე ასაკში შესული მამაკაცი მაყურებლის ყურადღებას თავიდანვე იპყრობს მოძრაობებით, რომელიც, ერთი მხრივ, არ სცილდება ყოფითობის საზღვრებს, ძალიან ბუნებრივია, მეორე მხრივ, განუწყვეტლივ იგრძნობა მსახიობის დამოკიდებულება თავისი პლასტიკისადმი, მსუბუქი ირონია, წონასწორობა პირობითსა და რეალურს შორის, რაც კინომიუზიკლის სპეციფიკას გამოხატავს.
ზურაბ კიკალეიშვილი არა მარტო კარგი მოცეკვავე, არამედ შესანიშნავი ქორეოგრაფიც იყო. მან თავად დადგა რამდენიმე ბალეტი თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე: 1948 წელს – გლიერის „წითელი ყაყაჩო“, 1964 წელს – ბიძინა კვერნაძის “ქორეოგრაფიული ნოველები”. 80-იან წლებში, კი, კლასიკური ბალეტები აღადგინა.
მისამართი: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. 83/23
დასწრება თავისუფალია.