საზაფხულო სკოლა მოსწავლეებისთვის „მოგზაურობა ქართულ მემკვიდრეობაში”

ვებგვედისთვის 1416 531 1 - საზაფხულო სკოლა მოსწავლეებისთვის „მოგზაურობა ქართულ მემკვიდრეობაში"

თბილისის მუზეუმების გაერთიანება სკოლის მოსწავლეებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას 8-19 ივლისს მონაწილეობა მიიღონ სრულად დაფინანსებულ საზაფხულო სკოლაში „მოგზაურობა ქართულ მემკვიდრეობაში”.

საზაფხულო სკოლის მონაწილეები ინტერაქტიული და შემოქმედებითი აქტივობებით მდიდარი ორკვირიანი პროგრამის ფარგლებში ეწვევიან თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში შემავალ სხვადასხვა მუზეუმს  და გაეცნობიან მე-19 და მე-20 საუკუნეების ისეთი გამორჩეული მოღვაწეების ცხოვრებასა და შემოქმედებას, როგორებიც არიან ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ბარათაშვილი, გალაკტიონ ტაბიძე, ზაქარია ფალიაშვილი, ვახტანგ ჭაბუკიანი და კოტე და სოსო წერეთლები – პიროვნებები, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლისა და თავდადების ფასად, უმძიმესი რეპრესიების პირობებში შექმნეს, შეინარჩუნეს და ჩვენამდე მოიტანეს მდიდარი ქართული კულტურული მემკვიდრეობა, რაც დღეს საქართველოს იდენტობის საფუძველს წარმოადგენს.

მონაწილეები ჩაერთვებიან საგანმანათლებლო პროგრამებში, ინტერაქტიულ თამაშებსა და პრაქტიკულ ვორკშოპებში, გაივლიან პროექტის მართვის ადაპტირებულ მოდულს და მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით შექმნიან ფინალურ პროექტებს.

მიზანი

საზაფხულო სკოლის მიზანია, სკოლის მოსწავლეებში ინტერაქტიული და ასაკობრივ სეგმენტზე ადაპტირებული ფორმით, ჩვენი ქვეყნის მდიდარი ისტორიული, კულტურული და მხატვრული მემკვიდრეობისადმი ინტერესის გაღვივება.

თბილისის მუზეუმების გაერთიანების მისია საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაციაა, რომლის მიღწევის ეფექტურ გზად სწორედ განათლებაზე და მეცნიერებაზე ორიენტირებაა.

მისია და ღირებულებები

– კულტურული მემკვიდრეობის დაცვა: ტურებისა და საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით, მონაწილეები შეისწავლიან მუზეუმში დაცული ექსპონატების ისტორიულ და კულტურულ მნიშვნელობას.

– საგანმანათლებლო აქცენტი: საზაფხულო სკოლა ორიენტირებულია ინტერაქტიულ სწავლებაზე, კრიტიკულ აზროვნებასა და შემოქმედებითობაზე.

– საზოგადოების ჩართულობა: ბავშვების ჩართვა ინტერაქტიულ აქტივობებში და საერთო პროექტებში ხელს უწყობს საზოგადოების და საერთო კულტურული იდენტობის განვითარებას.

რას ისწავლიან მონაწილეები?

– ისტორიული ცოდნა: მნიშვნელოვანი ადამიანების ცხოვრებისეული ცოცხალი ისტორიების გაცნობის გზით მონაწილეები შეიქმნიან წარმოდგენას საქართველოს მე-19-მე-20 საუკუნეების მნიშვნელოვან ისტორიულ მონაკვეთზე.

– ინტერესი ხელოვნებისა და ლიტერატურისადმი: მუზეუმის ტურებისა და ლიტერატურული თამაშების მეშვეობით ბავშვები გაიღვივებენ ხელოვნებისა და ლიტერატურისადმი ინტერესს.

– შემოქმედებითი უნარები: საზაფხულო სკოლა მოიცავს პრაქტიკულ ვორკშოპებს, მათ შორის სახელოსნო ფორმატში, რაც კიდევ უფრო ხელშესახებს ქმნის მიღებულ ცოდნას.

– კრიტიკული აზროვნების უნარები: საგანმანათლებლო პროგრამები და პროექტის მართვის სესიები დაეხმარება მონაწილეებს კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრის უნარების განვითარებაში.

– პროექტის მართვა: ბავშვები ისწავლიან პროექტის მართვის საფუძვლებს, მათ შორის დაგეგმვას, ორგანიზებას, შესრულებასა და საბოლოო პროექტის წარდგენას.

– თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა: ჯგუფურ პროექტებზე მუშაობა და ინტერაქტიულ აქტივობებში მონაწილეობა ასწავლის მონაწილეებს თანამშრომლობისა და ეფექტური კომუნიკაციის მნიშვნელობას.

ფინალური პროექტი: „ჩვენი მემკვიდრეობა”

ბავშვები ორ კვირაში მიღებული ცოდნისა და გამომუშავებული/განმტკიცებული უნარების საფუძველზე განახორციელებენ შემაჯამებელ პროექტს. თითოეული ჯგუფი (დაახლოებით 4-5 ბავშვი ჯგუფში) იმუშავებს ერთობლივ პროექტზე, რომელიც მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

– კულტურული მემკვიდრეობის კვლევა: ჯგუფები აირჩევენ კონკრეტულ თემას ან ფიგურას (ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ბარათაშვილი, გალაკტიონ ტაბიძე, ზაქარია ფალიაშვილი, ვახტანგ ჭაბუკიანი, კოტე და სოსო წერეთლები) და გააკეთებენ მოკლე კვლევას მათი ცხოვრების და შემოქმედების შესახებ.

– პრაქტიკული კომპონენტი: ჯგუფი შექმნის პროექტს ან/და ექსპოზიციას, შერჩეული თემატიკის ირგვლივ

– პრეზენტაცია: თითოეული ჯგუფი წარმოადგენს ფინალურ პროექტს ფართო აუდიტორიის წინაშე.

– გამოფენა: ჯგუფების ნამუშევრები გამოიფინება მუზეუმში.

მიზნები:

– თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა: მონაწილეები შეისწავლიან, როგორ იმუშაონ ერთად და როგორ გაუმკლავდნენ პროექტის ორგანიზებას.

– კრიტიკული აზროვნება და კვლევა: მონაწილეები მიიღებენ გამოცდილებას ინფორმაციის მოძიებასა და ანალიზში.

– შემოქმედებითი უნარები: მონაწილეები თავად შექმნიან ხელნაკეთ ნივთებს, რაც ავითარებს კოგნიტურ უნარ-ჩვევებს.

– წარდგენის/პრეზენტაციის უნარები: მონაწილეები ისწავლიან თავიანთი ნამუშევრების წარდგენასა და ახსნას.

გამოსაშვები ცერემონია

ფინალური ცერემონიის დროს, მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისთვის და ფინალური პროექტის დასრულებისთვის.

საზაფხულო სკოლის განრიგი

საზაფხულო სკოლის პროგრამის დეტალური განრიგი ხელმისაწვდომია ბმულზე: დეტალური პროგრამა

როგორ გავხდე საზაფხულო სკოლის მონაწილე?

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისთვის მნიშვნელოვანია 2024 წლის 28 ივნისის ჩათვლით  შეავსოთ მარტივი ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა, დაგვისაბუთოთ სკოლაში მონაწილეობის მოტივაცია. შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით არაუგვიანეს 5 ივლისისა.

აპლიკაციის ფორმა ხელმისაწვდომია ბმულზე: https://shorturl.at/eALNJ 

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა: 28 ივნისი, 2024 (23:59 საათი)

პროგრამის ღირებულება და დაფინანსება 

მუზეუმების გაერთიანებას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების.

საგანმანათლებლო პროგრამების სრული ჩამონათვალის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: საგანმანათლებლო პროგრამები

საზაფხულო სკოლა გაერთიანებისთვის არის საპილოტე პროექტი, შესაბამისად, გაერთიანება აპლიკაციების განხილვის საფუძველზე შერჩეულ ყველა მონაწილეს სრულად დაუფინანსებს საზაფხულო სკოლაში მონაწილეობას.


სწრაფი ბმულები

საზაფხულო სკოლის განრიგი:  https://shorturl.at/rhsAC

სააპლიკაციო ფორმა: https://shorturl.at/om8vf

 


საკონტაქტო ინფორმაცია 

ტელეფონი: (+995 32) 2 305 001

ელ.მისამართი:  infotbilisimuseumsunion@gmail.com

ფეისბუქი: https://www.facebook.com/tbilisimuseums/ 

ინსტაგრამი: https://www.instagram.com/tbilisi_museums_union/