29 მარტს თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმს bp საქართველოს ოფისის წარმომადგენლები, bp-ის სოციალური ინვესტიციების პროგრამების ლიდერი საქართველოში, ეთერ კვირიკაშვილი და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრ CTC-ის აღმასრულებელი დირექტორი, ირინა ხანთაძე ესტუმრნენ.
თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ნინი სანადირაძემ სტუმრებს ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში bp-ის მიერ სოციალური ინვესტიციების პროგრამის „მეტი ინოვაციები და საზოგადოებრივი ჩართულობა თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში“ ფარგლებში განხორციელებული პროექტები გააცნო.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში მზის პანელების სისტემა დაინერგა –ამიერკავკასიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როცა მუზეუმი ბუნებრივი ენერგიის წყაროზე გადავიდა და მზის ენერგიას მოიხმარს, რითაც ითვალისწინებს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებიდან მთავარს – შეამციროს გარემოზე ნეგატიური ზეგავლენა, გადავიდეს მწვანე ენერგიაზე და იზრუნოს გარემოზე.
მოწვეული სტუმრები მუზეუმთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ფაქტებსა და მოვლენებს ორენოვანი, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აუდიოგიდების საშუალებით გაეცნენ. აღნიშნული სერვისი ამავე პროგრამის ფარგლებში დაინერგა და დამთვალიერებელს შესაძლებლობას აძლევს მისთვის მისაღებ ენაზე ინდივიდუალურად წარმართოს სამუზეუმო ტური.
სტუმრებმა პროგრამის ფარგლებში განხორციელებული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე – მუზეუმში არსებული რესტავრაციისა და კონსერვაციის სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია დაათვალიერეს, რაც თბილისის მუზეუმების გაერთიანებას შესაძლებლობას აძლევს იმუშაოს თანამედროვე სტანდარტებით და გააფართოოს საქმიანობა კულტურული მემკვიდრეობის რესტავრაცია-კონსერვაციის კუთხით.
თბილისის მუზეუმების გაერთიანების საქმიანობის პოპულარიზაციისა და ვიზიტორთა მოზიდვის მიზნით, პროექტის ფარგლებში მომზადდა ათი საინფორმაციო-საგანმანათლებლო ვიდეორგოლი.
პროექტი „მეტი ინოვაციები და საზოგადოებრივი ჩართულობა თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში“ დაფინანსებულია და განხორციელებული კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) და თბილისის მუზეუმების გაერთიანების თანამშრომლობით.
პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს თბილისის მუზეუმების გაერთიანებას ისეთი სიახლეების დანერგვაში, რაც საშუალებას მისცემს გააფართოოს აუდიტორია, განავითაროს საგანმანათლებლო სერვისები და უზრუნველყოს ექსპონატების უკეთესი დაცვა.