25 იანვარს თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში ტრადიციული „ხუთშაბათობის“ ფარგლებში თბილისის მუზეუმების გაერთიანების მობილური აპლიკაციის პრეზენტაცია გაიმართა.
თბილისის მუზეუმების გაერთიანების მობილური აპლიკაცია ქართული სამუზეუმო სივრცის პირველი მობილური აპლიკაციაა, რომელიც გარდა თბილისის მუზეუმების გაერთიანების მუზეუმების ისტორიებისა და საგანმანათლებლო პროგრამებისა შემეცნებით კომპონენტსაც აერთიანებს და ახალ სამუზეუმო თამაშს სთავაზობს დაინტერესებულ აუდიტორიას.
თბილისის მუზეუმების გაერთიანების ორენოვანი მობილური აპლიკაცია ასევე დაინტერესებულ აუდიტორიას მიაწვდის ინფორმაციას საგანმანათლებლო პროგრამების თანმიმდევრობასა და მიმდინარე თუ დაგეგმილი ღონისძიების შესახებ.
თბილისის მუზეუმების გაერთიანება გარდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და სამუზეუმო ფონდების საგანმანათლებლო რესურსებად ტრანსფორმაციისა, მიყვება გაერთიანებული ერების მდგრადი განვითარების მიზნებს და ამოცანებს და 2023 წლიდან ცდილობს სამუზეუმო სივრცეში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, რისთვისაც არაერთი პროექტი განახორციელა პროგრამით „Museums in the Digital Age“, 2023 წლის ბოლოდან bp-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „მეტი ინოვაცია და საზოგადოებრივი ჩართულობა თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში“ – ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ – მემორიალურ მუზეუმში მზის პანელების სისტემა მოეწყო.
ეს არის პირველი შემთხვევა ამიერკავკასიაში, როცა მუზეუმი ბუნებრივი ენერგიის წყაროზე გადავიდა, შეამცირა გარემოზე ნეგატიური ზეგავლენა და მზის ენერგიას მოიხმარს. სიახლე დაზოგავს მინიმუმ 30 000 კილოვატ ტრადიციულ ელექტროენერგიას, რაც საშუალებას მისცემს მუზეუმს დაზოგოს ელექტროენერგიის გადასახადი, 20 წლის განმავლობაში ხელს შეუწყობს დაახლოებით 150 ტონა CO2 ემისიის დაკავებას და გადაარჩენს 8000-მდე ხეს.