მეტი ინოვაცია და საზოგადოებრივი ჩართულობა თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში – პროექტის ფინალური პრეზენტაცია

VIT 2461 scaled - მეტი ინოვაცია და საზოგადოებრივი ჩართულობა თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში - პროექტის ფინალური პრეზენტაცია

2023 წლის 6 დეკემბერს, ქ. თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ – მემორიალურ მუზეუმში bp-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „მეტი ინოვაცია და საზოგადოებრივი ჩართულობა თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში“ პროექტის შეჯამება და თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ – მემორიალურ მუზეუმში მზის პანელების პრეზენტაცია გაიმართა. ამიერკავკასიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როცა მუზეუმი ბუნებრივი ენერგიის წყაროზე გადავიდა და მზის ენერგიას მოიხმარს, რითაც ითვალისწინებს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებიდან მთავარს, შეამციროს გარემოზე ნეგატიური ზეგავლენა, გადავიდეს მწვანე ენერგიაზე და იზრუნოს გარემოზე. სიახლე მინიმუმ 30 000 კილოვატ ტრადიციულ ელექტროენერგიას დაზოგავს, რაც საშუალებას მისცემს მუზეუმს დაზოგოს ელექტროენერგიის გადასახადი და 20 წლის განმავლობაში ხელს შეუწყობს დაახლოებით 150 ტონა CO2 ემისიის დაკავებას და გადაარჩენს 8000-მდე ხეს.

პროექტის ფინალური პრეზენტაციის ფარგლებში თბილისის მუზეუმების გაერთიანების კონსერვაციისა და რესტავრაციის ლაბორატორიის განახლებული შესაძლებლობებისა და ერთწლიანი მუშაობის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა, ასევე გამოიფინა ამავე ლაბორატორიაში რესტავრირებული ნამუშევრები, კერძოდ, რესტავრირებული ხელნაწერები გალაკტიონ ტაბიძის პირადი არქივიდან, რარიტეტული წიგნები, პერიოდული გამოცემები, სათამაშოები და ფაიფურის ნიმუშები.

პროექტი 2022 წლის ოქტომბერში დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში ასევე მომზადდა ორენოვანი თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აუდიოგიდის სისტემა და დაინერგა ახალი ტექნოლოგიები, რაც სამუზეუმო თხრობის გამრავალფეროვნებას და დამთვალიერებლისათვის მეტი კომფორტის შექმნას უწყობს ხელს. აუდიოგიდების მეშვეობით, დამთვალიერებელს შესაძლებლობა ეძლევა მისთვის მისაღებ ენაზე ინდივიდუალურად წარმართოს სამუზეუმო ტური.

პროექტის ფარგლებში თბილისის მუზეუმების გაერთიანების აუდიტორიის გაფართოების მიზნით, ასევე მომზადდა და შესაბამის პლატფორმებზე განთავსდა თბილისის მუზეუმების გაერთიანების საქმიანობის პოპულარიზაციისა და ვიზიტორთა, თუ ონლაინ მიმდევართა მოზიდვის მიზნით საინფორმაციო, საგანმანათლებლო ათი ვიდეო რგოლი.

პროექტის მიზანი, რომ ამ თანამშრომლობის ფარგლებში თბილისის მუზეუმების გაერთიანებას დაენერგა ისეთი სიახლეები, რაც მას საშუალებას მისცემდა განევითარებინა საგანმანათლებლო სერვისები და უზრუნველყო ექსპონატების უკეთესი დაცვა და რესტავრაცია, გაეფართოვებინა აუდიოტორია შესრულებულია.

პროექტი განხორციელდა კომპანია bp-ის დაფინანსებითა და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის – CTC-ის თანამშრომლობით თბილისის მუზეუმების გაერთიანებასთან.

ღონისძიება თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ნინი სანადირაძემ გახსნა, ასევე, მისასლმებელი სიტყვით წარსდგნენ bp საქართველოს ხელმძღვანელი აიტენ ჰაჯიევა, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) აღმასრულებელი დირექტორი ირინა ხანთაძე.

ღონისძიებას თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, თბილისის საკრებულოს, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.