19 ოქტომბერს, ილიასეული ,,ხუთშაბათობის“ ფარგლებში, ქ. თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ – მემორიალურ მუზეუმში კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლის ესმა მანიას საჯარო ლექცია – „რაკურსები ილია ჭავჭავაძის პორტრეტისთვის (დაკვირვებები პირადი არქივიდან)“ გაიმართა.
მომხსენებელმა ილია ჭავჭავაძის პორტრეტის თორმეტი განსხვავებული რაკურსი წარმოადგინა, ხაზი გაუსვა ილიას ისეთ რაკურსებს, როგორებიცაა საწერი მასალა და წერის თავისებურებები; მხატვრული ტექსტების წერის სპეციფიკა; არაცნობიერი და კოგნიტური შრეები პირად არქივში; ილია ჭავჭავაძე, როგორც რეცენზენტი და შემფასებელი და სხვისი შეფასების ობიექტი; როგორც ინტელექტუალური გარემოს შემოქმედი; როგორც ახლებური საყოფაცხოვრებო გარემოს შემოქმედი; როგორც ევროპის ქვეყნების მმართველობის ორგანოების პოლიტიკური კონფიგურაციების მოყურადე; როგორც ინოვატორი და მეურნე.
ილია ჭავჭავაძის მემკვიდრეობის კვლევის რაკურსები, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, მეტად მრავალფეროვანია. მოწვეული სტუმარი წლებია ილიას პირად არქივს იკვლევს და წყაროდ მოღვაწის ყველაზე ავთენტური ბიოგრაფიული და შემოქმედებითი მემკვიდრეობა – მის პირად არქივზე დაკვირვების შედეგები გაუზიარა დამსწრე აუდიტორიას.
თბილისის მუზეუმების გაერთიანების მიზანია, აღადგინოს ილიასეული ,,ხუთშაბათობების“ ტრადიცია ქ. თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში. ,,ხუთშაბათობების“ ტრადიციის ფორმატი მოიცავს თანამედროვე კულტურულ – საგანმანათლებლო პროცესებში ჩართული წარმომადგენლების საჯარო ლექციებს, ილია ჭავჭავაძისა და მისი თანამედროვე საზოგადო მოღვაწეების ღვაწლისა და ეპოქის მნიშვნელობის წარმოჩენას საქართველოს ისტორიის კონტექსტში.