მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საინფორმაციო-საგანმანათლებლო რესურსების, ჟურნალ „მასწავლებლის“ და ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“ს მიერ გამოცხადებული ლიტერატურული კონკურსი – „ვწერ მასწავლებლისთვის“- დასრულდა.
კონკურსის სპეციალურმა ჟიურიმ ათი საუკეთესო მოთხრობა შეარჩია, რომელთაგან სამი გამარჯვებული გამოვლინდა. გამარჯვებული მოთხრობის ავტორებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალური პრიზები და კონკურსის პარტნიორ ლიბერთი ბანკისგან ფულადი ჯილდო გადაეცათ.
I ადგილი- ნათია როსტიაშილი – „ფუტკარი ბარამბოს ტოტზე“ – 1000 ლარი;
II ადგილი – თამთა დოლიძე – „ამ ომში არავინ დაბერდება“ – 700 ლარი;
III ადგილი – სოფიო კუბლაშვილი – „მესამე მე“ – 500 ლარი.
კონკურსის პარტნიორებს შორის იყო თბილისის მუზეუმების გაერთიანება, რომლის წარმომადგენლებმაც საზეიმო დაჯილდოვების ცერემონიალზე გამოავლინეს თბილისის მუზეუმების გაერთიანების რჩეული – მიშა ბახსოლანი მოთხრობისთვის “ხეზე ასვლა” და მას სპეციალური საჩუქარი – ილიას ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში საპრეზენტაციო სივრცის ერთჯერადად გამოყენების შესაძლებლობა, გაერთიანების მუზეუმებში სტუმრობის ვაუჩერი და გაერთიანების გამოცემების სასაჩუქრე ნაკრები გადასცეს.
გაერთიანების მუზეუმებში სტუმრობის ვაუჩერი და გაერთიანების გამოცემების სასაჩუქრე ნაკრები ასევე საჩუქრად გადაეცა კონკურსის 10 – ვე ფინალისტს.
კონკურსის სხვა პარტნიორებმა ასევე გამოავლინეს საკუთარი რჩეულები და სხვადასხვა პრიზებით დააჯილდოვეს.
კონკურსის მიზანია მასწავლებლის პროფესიის მხარდაჭერა. საუკეთესო მოთხრობა უნდა ემსახურებოდეს სწორი ღირებულებების დამკვიდრებას სასკოლო გარემოში, აღწერდეს თანამედროვე სასკოლო ცხოვრებას, მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობის სირთულეებს და სახავდეს მათი დაძლევის გზებს.