დღეიდან თბილისის მუზეუმების გაერთიანება ევროპის სამუზეუმო ორგანიზაციების ქსელის (The Network of European Museum Organisations – NEMO) წევრია.
1992 წელს დაარსებული ორგანიზაცია, ეროვნული მუზეუმების ორგანიზაციების დამოუკიდებელი ქსელია, რომელიც ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების სამუზეუმო საზოგადოებას წარმოადგენს.
მთლიანობაში, NEMO ევროპის 40 ქვეყნის 30,000-ზე მეტ მუზეუმს აერთიანებს და პოპულარიზაციას უწევს იმ ევროპულ რეგულაციებს, რომლებიც ხელს უწყობენ მუზეუმების მიერ მათი, როგორც კულტურული მემკვირეობის მცველების მისიის შესრულებას და ინტეგრირებას ევროპული კულტურის ერთიან სივრცეში.
საკუთარი მიზნების განსახორციელებლად, NEMO კონცენტრირებულია ექვს სტრატეგიულ მიმართულებაზე, რომლებიც ეხმარება მუზეუმებს სწორ პოზიციონირებასა და განვითარებაში; ესენია: საგანმანათლებლო, სოციალური, ეკონომიკური, საკოლექციო ღირებულებები, ასევე პროფესიული განვითარება და მუზეუმების გაციფრულება.
NEMO-ს ფარგლებში ყველა ამ მიმართულებას სპეციალური სამუშაო ჯგუფები ხელმძღვანელობენ. ორგანიზაციაში გაერთიანების პარალელურად, თბილისის მუზეუმების გაერთიანება სწორედ გაციფრულების ჯგუფის წევრი გახდა.
აღსანიშნავია, ციფრული ტექნოლოგიები თანამედროვე მუზეუმების ყველა ასპექტზე ახდენს გავლენას. კრეატიული ინოვაციების, ინფორმაციის უწყვეტი გაცვლისა და სწავლების, ასევე ახალი პროგრამული სისტემების გამოყენებით, მუზეუმები ურთიერთქმედებენ სხვადასხვა აუდიოტორიებთან და ამ გზით, საკუთარ კოლექციებს გლობალურ დონეზე ხდიან ხელმისაწვდომს. შესაბამისად, NEMO-ს გაციფრულების ჯგუფის მიზანია, უზრუნველყოს სამუზეუმო მემკვიდრეობის მაქსიმალური ინტეგრირება ევოკავშირის ციფრულ დღის წესრიგში და ევოპული მუზეუმების ციფრული შესაძლებლობების განვითარება ყველა დონეზე.
მუზეუმების საქმიანობისა და ღირებულებების ცნობადობის ამაღლების, მათი აქტივობების, კავშირების, სახელმწიფო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის განვითარების გზით, ევროპის სამუზეუმო ორგანიზაციების ქსელი უზრუნველყოფს მუზეუმების განუყოფელობას ევროპული ცხოვრების სტილთან და ფასეულობებთან.