7 სექტემბერს ილიასეული ,,ხუთშაბათობის“ ფარგლებში, ქ. თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ – მემორიალურ მუზეუმში პოეტ რატი ამაღლობელის საჯარო ლექცია – „ილია ჭავჭავაძე და თანამედროვე საქართველო“ გაიმართა.
მომხენებელმა მე-19 საუკუნის საქართველოდან თანამედროვეობამდე ქართული საზოგადოების განვითარებაზე, ამ პროცესებში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მნიშვნელობასა და ილიას როლზე ისაუბრა ევროპული ღირებულებების განვითარების საქმეში.
„ილია ჭავჭავაძემ როდესაც მოღვაწეობა დაიწყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება დააფუძნა, საბანკო საქმეს მოჰკიდა ხელი. ის იყო მწერალი, პუბლიცისტი, პოეტი, ბანკირი. ქართული საზოგადოება იმ სახით რა სახითაც ჩვენ ვიცნობთ მას ბოლო საუკუნენახევარია, სწორედ ილია ჭავჭავაძის ჩანაფიქრია. ჩვენ, ჩვენ თავს აღვიქვამთ, როგორც ამ ადამიანის გააზრებას. მნიშვნელოვანია დღეს ამაზე საუბარი, ქართული საზოგადოების პოზიციაზე, მის ღიაობაზე, მის გახსნილობაზე, მის ორიანტაციაზე – მის წარსულსა და მომავალზე ილია ჭავჭავაძის კონტექსტში“- რატი ამაღლობელი.
თბილისის მუზეუმების გაერთიანების მიზანია, აღადგინოს ილიასეული ,,ხუთშაბათობების“ ტრადიცია ქ. თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში.
სახლი, რომელიც ამ ტრადიციას ინახავს ილიას დის, ელისაბედ ჭავჭავაძე-საგინაშვილის სახლია, სადაც დღეს ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმია და რომელშიც ილია 1889-1901 წლებში ცხოვრობდა. სწორედ ამ სახლს უკავშირდება მისი საზოგადოებრივ – პოლიტიკური და შემოქმედებითი ცხოვრების აქტიური წლები, აქვე განთავსებული იყო გაზეთ „ივერიის“ რედაქცია და სტამბა, ამ სახლში საფუძველი ჩაეყარა არაერთ ეროვნულ – სახელმწიფოებრივ და კულტურულ წამოწყებას, სწორედ აქ იმართებოდა ტრადიციული „ხუთშაბათობები“.