თანამედროვე მსოფლიოში ბუნებრივი რესურსების მდგრადი მოხმარება და გარემოს დაბინძურების თავიდან აცილება აქტუალური საკითხებია.
თბილისის მუზეუმების გაერთიანება – კოტე და სოსო წერეთლების მემორიალურ სახლ-მუზეუმში გთავაზობთ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას „დედამიწა ჩვენი სახლია“.
ტექნიკურ პროგრესთან, მსოფლიო მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებასთან ერთად სულ უფრო უარესდება გარემოს მდგომარეობა. მისი დაცვა არის ქმედებათა მთელი ჯაჭვი, რომლის მიზანია ბუნებრივი გარემოს შენარჩუნება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, როგორ წარვმართოთ ჩვენი ყოველდღიური ქმედებები ბუნების დასაცავად ჯანმრთელი ცხოვრებისა და ადამიანის კეთილდღეობის სასარგებლოდ.
საგანმანათლებლო პროგრამა გაგაცნობთ თანამედროვე მსოფლიოში კლიმატისა და ბუნების დაცვის მიზნით მიმდინარე პროცესებს და მათ აქტიურ თანამონაწილეს გაგხდით. ვისაუბრებთ გასულ საუკუნეში საბჭოთა ხელისუფლების მიერ წარმართული პოლიტიკური პროცესებისა და ომით გამოწვეული ეკოლოგიური კატასტროფების შესახებ; საყოფაცხოვრებო ნარჩენების კლასიფიკაციაზე, მათი შეგროვების, გადამუშავებისა და შენახვის პრობლემებზე. ისტორიულ კონტექსტში განვიხილავთ, ეკოლოგიური თვალსაზრისით რა შეიცვალა საბჭოთა კავშირიდან დღემდე.
პროგრამის დასასრულს მონაწილეები თავად მოახდენენ სხვადასხვა ტიპის ნარჩენების კლასიფიკაციას და მათ სპეციალური გადამამუშავებელი სიმბოლოებით მარკირებულ კალათებში მოათავსებენ.
პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად.
- ◈ მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 20
- ◈ ასაკობრივი ჯგუფი: 7 წლიდან
- ◈ ხანგრძლივობა: 90 წუთი
- ◈ პარასკევი, 15:00 საათი
- ◈ ღირებულება: 10 ლარი
- ◈ ქ.თბილისი, დ. უზნაძის ქ. N2
- ◈ 577 27 00 45 | (+995 32) 2 305 001