საქართველოს პრეზიდენტმა მუზეუმების გაერთიანების გენერალური დირექტორი – ნინი სანადირაძე ღირსების მედლით დააჯილდოვა

DSC 5216 scaled - საქართველოს პრეზიდენტმა მუზეუმების გაერთიანების გენერალური დირექტორი -  ნინი სანადირაძე ღირსების მედლით დააჯილდოვა

ქართული კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის დაცვასა და შენარჩუნებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისთვის, საზღვარგარეთ მისი საუკეთესოდ წარმოჩენისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალური დირექტორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი ნინი სანადირაძე ღირსების მედლით დაჯილდოვდა.

საქართველოს პრეზიდენტმა თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში შემავალი რეაბილიტირებული მუზეუმების საერთაშორისო წარმატებასა და თბილისის სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმში დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ისაუბრა, რომლის დასრულების შემდეგ თოჯინებისა და სათამაშოების კოლექცია განახლებულ მუზეუმში განთავსდება, მან ამ პროცესებში მუზეუმების გაერთიანების გენერალური დირექტორის – ნინი სანადირაძის როლზე ისაუბრა.

„ეს ჯილდო ერთისმხრივ არის ყველაფერი იმის აღიარება, რაც მოხდა თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში, ამ ბოლო წლებში ბევრია განახლებული მუზეუმი და საერთაშორისო წარმატება, მაგრამ  ეს ჯილდო ასევე არის წინასწარ გადმოცემული, იმ სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმისთვის, რომელიც ვიცით რომ უკვე მზადებაშია. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ის ისტორიული თოჯინები, რაც დღეს საცავშია შენახული, ხვალ მართლაც თავის სამყოფელს დაიმკვიდრებს თქვენი მეშვეობით, დიდი მადლობა“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ორბელიანების სასახლეში.

ღირსების ორდენით დაჯილდოვების ცერემონიალზე – თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ნინი სანადირაძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს და იმ კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელსაც თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში შემავალი მუზეუმები და მათში დაცული კოლექციები მოიცავს.

„ჩემთვის დიდი პატივია ამ ჯილდოს მიღება, ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით დღევანდელ დღეს. მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ქალბატონ ელისო კოტრიკაძის ღვაწლის დაფასებისთვის, რომ არა ქალბატონი ელისო, რომ არა ქალბატონი თინა თუმანიშვილი 1936 წლიდან ჩვენ არ გვექნებოდა თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმი და ის კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც სრულიად საქართველოს მოიცავს. მოიცავს არამარტო თოჯინურ ხელოვნებას, არამედ იმ ეთნოგრაფიულ მასალასაც, რომელიც სამაჩაბლოდან აფხაზეთამდე წვდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ განვაგრძოთ ის ტრადიცია საქართველოს ეთნოგრაფიული, მატერიალური და არამატერიალური მემკვიდრეობა იყოს იმ ევროპული ოჯახის ღირებულებების მატარებელი, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს თავის ისტორიულ ფესვებს და აუცილებლად უნდა იყოს იმ ღირებულებათა გამგრძელებელი, რომელიც დღეს ჩვენს ფასეულობას წარმოადგენს. დიდი მადლობა ყველას, დიდი მადლობა თბილისის მუზეუმების გაერთიანების ყველა თანამშრომელს, ყველა ჩართულ პირს იმ შესაძლებლობებში, რომელიც გვეძლევა ხოლმე საქართველოს გარეთ, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისა და მემორირებული პირების პოპულარიზებისთვის, დიდი მადლობა.“

ორბელიანების სასახლეში ღირსების მედლით დღეს ასევე დააჯილდოვდა ქართული არამატერიალური კულტურული მემკვირეობის კვლევაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისთვის, ხანგრძლივი და ნაყოფიერი პროფესიული მოღვაწეობისათვის ელისო კოტრიკაძე, რომელიც თბილისის სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმში 50 წლის მანძილზე მუშაობდა.  მან თავდაპირველად პედაგოგ-მეთოდისტად დაიწყო მუშაობა, შემდეგ კი მეცნიერ-თანამშრომლად. ელისო წლების მანძილზე იკვლევდა ქართული ტრადიციული დედოფალებისა და თამაშობების ისტორიას, არის არაერთი სტატიის ავტორი. მუზეუმის მიერ ორგანიზებული ეთნოგრაფიული ექსპედიციების (1964-70 წწ.) ფარგლებში მოაგროვა ინფორმაცია საქართველოს კუთხეებში არსებული ძველი დედოფალების, სათამაშოებისა და თამაშობების ტრადიციისა და ისტორიების შესახებ, რომელიც მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს ქართული არამატერიალური კულტურის ისტორიის კვლევისათვის.

პრეზიდენტის სასახლეში დღეს ასევე გაიმართა თოჯინების საერთაშორისო კვირეულისადმი მიძღვნილი მეთოჯინეების გამოფენა, მათ შორის თბილისის სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმის მეთოჯინის ბაჩო ცანავას თოჯინების გამოფენა.