ილიასეული „ხუთშაბათობა“ – „ევროპული განმანათლებლობის ქსელი XIX საუკუნის საქართველოში“ ნინო დობორჯგინიძის საჯარო ლექცია

DSC 3556 scaled - ილიასეული „ხუთშაბათობა“ - „ევროპული განმანათლებლობის ქსელი XIX საუკუნის საქართველოში“ ნინო დობორჯგინიძის საჯარო ლექცია

15 ივნისს, ილიასეული ,,ხუთშაბათობის“ ფარგლებში, ქ. თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ – მემორიალურ მუზეუმში ქართველი მეცნიერის, მკვლევარის, ლინგვისტიკის დოქტორის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ნინო დობორჯგინიძის საჯარო ლექცია – „ევროპული განმანათლებლობის ქსელი XIX საუკუნის საქართველოში“ გაიმართა.

მომხსენებელმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შექმნილი ციფრული ჰუმანიტარიის პროექტი: ქშწკგ საზოგადოების პროსოპოგრაფიული ბაზა წარადგინა და XIX საუკუნის საქართველოში სახელმწიფოებრივი იდენტობის ევროპული განმანათლებლობის იდეის ირგვლივ ფორმირების პროცესებსა და  ილია ჭავჭავაძის მეთაურობით „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ჩამოყალიბების ისტორიაზე ისაუბრა. ქშწკგ საზოგადოება 1879 წლიდან მრავალი წელი ემსახურებოდა ცოდნის გავრცელებას, ეროვნული ფასეულობების, ქართული ენის შენარჩუნებას და გაძლიერებას. საზოგადოებამ არსებობის მანძილზე საქართველოში და კავკასიის ქალაქებში  ასობით სკოლა გამართა, აწარმოებდა საგამომცემლო, საბიბლიოთეკო, სამუზეუმო და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობებს.

მომხსენებელმა ლექციაზე ადგილობრივი ერთობების, კულტურულ – საგანმანათლებლო თუ სხვადასხვა სოციალური ჯგუფების, პროფესიული გილდიების დღემდე უცნობი მიკროისტორიებზე ისაუბრა, რომელთა აღდგენა და ვიზუალიზება  ციფრული ჰუმანიტარიის თანამედროვე მეთოდოლოგიის გამოყენებით მოხერხდა.

საჯარო შეხვედრის ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა ნინი სანადირაძემ – მოწვეულ სტუმარებს მემორიალური მუზეუმი დაათვალიერებინა და ის მნიშვნელოვანი ფაქტები და მოვლენები გააცნო, რომელიც ილია ჭავაჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმს, ეპოქალურ და ისტორიულ კონტექსტს უკავშირდება.

თბილისის მუზეუმების გაერთიანების მიზანია, აღადგინოს ილიასეული ,,ხუთშაბათობების“ ტრადიცია ქ. თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში. ,,ხუთშაბათობების“ ტრადიციის ფორმატი მოიცავს თანამედროვე კულტურულ – საგანმანათლებლო პროცესებში ჩართული წარმომადგენლების საჯარო ლექციებს, ილია ჭავჭავაძისა და მისი თანამედროვე საზოგადო მოღვაწეების ღვაწლისა და ეპოქის მნიშვნელობის წარმოჩენას საქართველოს  ისტორიის კონტექსტში.