2023 წლის მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში საფეხმავლო-შემეცნებითი ტური „ნობელიანტები თბილისში“ ჩატარდა.
თბილისის მუზეუმების გაერთიანების მიზანია, დამთვალიერებლებსა და დაინტერსებულ პირებს გააცნოს იმ ადამიანთა სახელები, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით XIX-XX საუკუნეების ქართული კულტურის ჩამოყალიბებაში.
საქართველოში სხვადასხვა დროს ოცდათხუთმეტამდე ნობელის პრემიის ლაურეატია ნამყოფი, რომელებიც სხვადასხვა დამსახურებისა და ღვაწლისთვის დაჯილდოვდნენ და თავიანთი წვლილი შეიტანეს მსოფლიო მეცნიერების, ხელოვნების, ლიტერატურისა და მშვიდობის საკითხებში. საქართველოში სტუმრად იყვნენ – ფრიტიოფ ნანსენი, გუსტავ ჰერცი, იგორ ტამი, ნილს ბორი, მიხეილ შოლოხოვი, ბორის პასტერნაკი, ჯონ სტაინბეკი, დედა ტერეზა, ანდრეი სახაროვი, შიმონ პერესი, კარლ ალექს მიულერი, იოჰან გეორგ ბედნორცი, აარონ ჩეჰანოვერი, ორჰან ფამუქი და სვეტლანა ალექსიევიჩი. სხვა ფიზიკოსები, მწერლები თუ საზოგადო მოღვაწეები კი პრემიის მიღებამდე სხვადასხვა დროს სტუმრობდნენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქს.
წარმოდგენილი მარშრუტის „ნობელიანტები თბილისში“ მიზანია მე-19 საუკუნის ბოლოდან მე-20 საუკუნის 60-იან წლებამდე აღადგინოს და გააცოცხლოს საქართველოს არქივებსა და მემუარებში დაცული მასალა და თხრობაში ჩაერთონ ის ტურისტული და სამუზეუმო ობიექტები, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად კავშირში არიან ნობელიანტთა სტუმრობასთან თბილისსა და საქართველოში.
წარმოდგენილი მარშრუტი მოიცავს მე-19 საუკუნის ბოლოდან მე-20 საუკუნის 60-იან წლებამდე საქართველოს ისტორიის შესწავლის ახლებური შესაძლებლობების წარმოჩენას, ქვეყნის მხატვრული, კულტურული, საგანმანათლებლო და აკადემიური საქმიანობის შესახებ, რომელიც ტურის მონაწილეს აღმოაჩენინებს უცხო და საინტერესო სტუმრების თვალით დანახულ თბილისსა და ქვეყნის მნიშვნელოვნებას ევროპული ინტერესების კვალდაკვალ.
მარშრუტის წერტილოვანი რუკა:
თბილისი, ანჩისხატის უბანი – თბილისის ისტორიულ-ლიტერატურული კონტექსტი
საფეხმავლო ტური – თბილისი ლიტერატურასა და არქიტექტურაში
სასტუმრო „ლონდონი“
კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური სახლ-მუზეუმი
ილია ჭავაჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი
საფეხმავლო ტური ჩატარდა 2023 წლის 23 მაისს
საფეხმავლო შემეცნებითი ტური დაიწყო ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმიდან, სადაც ტურში მონაწილეებს უმასპინძლა მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ნინი სანადირაძემ, რომელიც ასევე ტურს გაუძღვა ანჩისხატის მიმართულებით, ხოლო შემდეგ უკვე საფეხმავლო ტური ჩაატარა ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის გამოფენების მენეჯერმა თამარ სიხარულიძემ.