2023 წლის 18 მაისს თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ – მემორიალურ მუზეუმში პროექტის „მეტი ინოვაციები და საზოგადოებრივი ჩართულობა თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში“ ფარგლებში მომზადებული ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ – მემორიალური მუზეუმის აუდიო გიდის წარდგენა გაიმართა.
პროექტის ფარგლებში მომზადდა ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში ორენოვანი თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აუდიო გიდის სისტემა და დაინერგა ახალი ტექნოლოგიები, რაც სამუზეუმო თხრობის გამრავალფეროვნებას და დამთვალიერებლისათვის მეტი კომფორტის შექმნას უწყობს ხელს. აუდიო გიდების მეშვეობით, დამთვალიერებელს შესაძლებლობა ეძლევა მისთვის მისაღებ ენაზე ინდივიდუალურად წარმართოს სამუზეუმო ტური.
პროექტი “მეტი ინოვაციები და საზოგადოებრივი ჩართულობა თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში” დაფინანსებულია bp-ის მიერ სოციალური ინვესტიციების პროგრამის ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) და თბილისის მუზეუმების გაერთიანების თანამშრომლობით.
პროექტის მიზანია, ხელი შუწყოს თბილისის მუზეუმების გაერთიანებას ისეთი სიახლეების დანერგვაში, რაც საშუალებას მისცემს გააფართოვოს აუდიტორია, განავითაროს საგანმანათლებლო სერვისები და უზრუნველყოს ექსპონატების უკეთესი დაცვა.
ღონისძიებას დაესწრნენ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, თბილისის საკრებულოს, bp-ის სოციალური ინვესტიციების პროგრამისა და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
პროექტის ფარგლებში მომზადებული აუდიო გიდის წარდგენა სიმბოლურად მუზეუმების საერთაშორისო დღეს გაიმართა. 2023 წლის მუზეუმების საერთაშორისო დღის დევიზია „მუზეუმები, მდგრადი განვითარება და კეთილდღეობა“. მუზეუმების საერთაშორისო დღე 1977 წლის 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) მიერ დაფუძნდა და ამ თარიღს საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოება 40 წელზე მეტია აღნიშნავს. მუზეუმების საერთაშორისო საბჭო მუზეუმის პროფესიონალთა უნიკალური ქსელია, სადაც 35,000 – ზე მეტი ინდივიდუალური წევრი, 20 000 მუზეუმი, 172 ადგილობრივი და საერთაშორისო კომიტეტია გაერთიანებული.