რატი ამაღლობელის ლექცია „ზღვა ახმაურდა“

IMG 9833 scaled - რატი ამაღლობელის ლექცია „ზღვა ახმაურდა“

7 თებერვალს, გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ სახლ-მუზეუმში რატი ამაღლობელის საჯარო ლექცია „ზღვა ახმაურდა“ გაიმართა.

1948 წლის 7 თებერვალს აფხაზეთის სახელგამმა გამოსცა პოეტის ლექსების კრებული „ზღვა ახმაურდა“, რომლის გამოცემიდან 75 წელი შესრულდა. დღიურებიდან ვიგებთ, რომ გალაკტიონი სხვა სათაურსაც მოიაზრებდა – „აფხაზეთო, აფხაზეთო“.

გალაკტიონი 1945 წლიდან შეუდგა ლექსებზე მუშაობას, რომლებსაც უნდა აესახა აფხაზეთის ისტორია, ფოლკლორი და ხელოვნება. ამიტომაც ეცნობოდა აფხაზეთის ისტორიულ ძეგლებს, ქალაქებს, სოფლებს, უბრალო ადამიანებს, მათ ტრადიციებსა და,  რა თქმა უნდა, ზღვას. ამ საქმეში პოეტს ძმა აბესალომ ტაბიძეც ეხმარებოდა, რომელიც საჯარო ბიბლიოთეკებში აფხაზეთზე ცნობებს აგროვებდა. დღიურში ამ ფაქტთან დაკავშირებით ვკითხულობთ: „მე, გალაკტიონ ტაბიძე, საქართველოს სახალხო პოეტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, ვდებ ჩემს ძმასთან აბესალომ ტაბიძესთან პირობას: დავწერ წიგნს და წარვუდგენ აფხაზეთს!“

გალაკტიონმა გულწრფელი დამოკიდებულება და სიყვარული  აფხაზეთისადმი ლექსებით გამოხატა: „გამარჯობა, აფხაზეთო, შენი!“, „ქალაქი წყალქვეშ“, „აფხაზეთის წვიმა მიყვარს“, „აფხაზეთო, აფხაზეთო“ და სხვ.

საჯარო ლექციაზე მომხსენებელმა გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებისა და შემოქმედების იმ ნაწილზე, ისაუბრა, რომელიც აფხაზეთს და კონკრეტულად ამ კრებულს უკავშირდება.