4 თებერვალს თბილისის მუზეუმების გაერთიანების კოტე და სოსო წერეთლების მემორიალურ სახლ-მუზეუმს ასურელ თემთა სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ.
თბილისის, გარდაბანის და ძველი ქანდის საჯარო სკოლის ეროვნებით ასურელმა მოსწავლეებმა საგანგებოდ ეს დღე აირჩიეს მუზუემის დასათვალიერებლად, რადგან 4 თებერვალს აკადემიკოს კონსტანტინე წერეთლის დაბადების დღეა. კოტე ასურელ თემთან აქტიურად იყო დაკავშირებული, იგი იკვლევდა ასურულ ენას, ესწრებოდა მათ დღესასწაულებს, ხშირად ჩადიოდა ქანდაში, სადაც ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მის კვლევებთან დაკავშირებულ საინტერესო ფაქტებს იხსენებენ. სწორედ ამიტომ აღმოსავლეთმცოდნე, სემიტოლოგი, საქართველოში ებრაისტიკა-არამეისტიკის სწავლების ფუძემდებელის კოტე წერეთლის მემკვიდრეობა ასურელი თემის წევრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
სახლ-მუზეუმის გაცნობითი ხასიათის ექსკურსიის შემდეგ მოსწავლეებს საგანმანათლებლო პროგრამა „კოლექციონერი“ ჩაუტარდათ. პროგრამის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ინტერაქციული მეთოდითა და პრაქტიკული აქტივობებით შეესწავლათ, თუ როგორ განასხვავონ შესრულების სტილის მიხედვით სხვადასხვა პერიოდში შექმნილი მხატვრული ნამუშევრები. პროგრამის დასასრულს თითოეული მონაწილე თავად გახდა ლეონარდო და ვინჩის, სალვადორ დალის, პაბლო პიკასოს და სხვათა ნამუშევრების კოლექციონერი.