2 თებერვალს, ილიასეული ,,ხუთშაბათობის“ ფარგლებში, თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ – მემორიალურ მუზეუმში, დავით უსუფაშვილის საჯარო ლექცია – „ილია და სახელმწიფო“ გაიმართა.
ილია ჭავჭავაძის მოსაზრებები და შეხედულებები ქვეყნის განვითარების შესახებ, რომელსაც ის საზოგადოებას პუბლიცისტური წერილებით უზიარებდა, დღევანდელობასაც ზუსტად შეესაბამება.
აღნიშნული საღამოები თავისი შინაარსით, როგორც ექვთიმე თაყაიშვილი აღნიშნავდა, „დემოკრატიული“ ხასიათის იყო, რადგან მისი სტუმრები რედაქციის თანამშრომლები, ქართველი მწერლები, საზოგადო მოღვაწეები და უბრალო ხალხი იყო.
,,ხუთშაბათობის“ ტრადიციის ფორმატი მოიცავს თანამედროვე კულტურულ-საგანმანათლებლო პროცესებში ჩართული წარმომადგენლების საჯარო ლექციებს, ილია ჭავჭავაძისა და მისი თანამედროვე საზოგადო მოღვაწეების ღვაწლისა და ეპოქის მნიშვნელობის წარმოჩენას საქართველოს ისტორიის კონტექსტში.
ელისაბედ ჭავჭავაძე-საგინაშვილის სახლში, სადაც ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმია, ილია 1888-1901 წლებში ცხოვრობდა. ამ სახლს უკავშირდება მისი საზოგადოებრივ-პოლიტიკური და შემოქმედებითი ცხოვრების აქტიური წლები, აქვე განთავსებული იყო გაზეთ „ივერიის“ რედაქცია და სტამბა. ამ სახლში საფუძველი ჩაეყარა არაერთ ეროვნულ-სახელმწიფოებრივ და კულტურულ წამოწყებას და ყოველკვირეულად იმართებოდა ტრადიციული „ხუთშაბათობა“.