როგორ შეიქმნა გადასაღები კამერა და როგორ ამოძრავდა კადრი?
ადამიანს უძველესი დროიდან ჰქონდა კადრების ამოძრავების ექსპერიმენტული მცდელობები. დროთა განმავლობაში ოპტიკური მოწყობილობებისა და მათი ვიზუალური შესაძლებლოების განვითარების საფუძველზე ყალიბდება კინემატოგრაფი.
საგანმანათლებლო პროგრამა მოგვითხრობს ფოტო და ვიდეოკამერის შექმნის და ეტაპობრივად დახვეწის ისტორიას პირველი კინოს გადაღებამდე.
ეს იყო განვითარების გრძელი გზა – ადამიანი ჯერ კიდევ უძველეს დროში მიხვდა, რომ ჩრდილის/ანარეკლის მისაღებად საჭირო იყო სინათლე. სინათლის გამოყენებით შეიქმნა ოპტიკური მოწყობილობა „კამერა ობსკურა“ (ბნელი ოთახი). XVII საუკუნეში „კამერა ობსკურას“ პარალელურად დიდი პოპულარობით სარგებლობდა ადრეული ტიპის საპროექციო მოწყობილობა – „ჯადოსნური ფარანი“ (ლათ. „Laterna Magica“), რომლითაც მინის ფირფიტაზე გადატანილი ნახატების კედელზე პროექცია იყო შესაძლებელი. ის ძირითადად გასართობად, XIX საუკუნეში კი შემეცნებისათვის გამოიყენებოდა.
ანარეკლის ანუ ოპტიკური გამოსახულების მიღების შემდეგ საჭირო იყო შუქმგრძნობიარე ნივთიერების გამოგონება, XVIII საუკუნეში პირველი გამოსახულების მიღებას ცდილობენ. მსგავსი ექსპერიმენტების საფუძველზე XIX საუკუნეში ყალიბდება ფოტოგრაფია – ეს იყო აბსოლუტური სიზუსტით ასახული რეალობა, რომელმაც ერთგვარი „ვიზუალური შოკი“ გამოიწვია საზოგადოებაში.
ფოტოგრაფიის გამოგონების შემდეგ მოძრაობის თანმიმდევრობითი ფაზების ხელოვნურად შეერთება დაიწყეს – იქმნება ისეთი მოწყობილობები, როგორებიცაა ფოტოდრომი, ტაუმატროპი, ფენაკისტოსკოპი, კინეტოსკოპი. თუმცა ეს ყოველივე მოძრაობის ილუზიის შექმნის მცდელობა იყო, რაც მალევე ფირზე მომუშავე კინოკამერების გამოგონებით დაგვირგვინდა და ჩამოყალიბდა სახელოვნებო დარგი – კინემატოგრაფი, რომელიც ლიტერატურის, მუსიკის, თეატრის, სახვითი ხელოვნების სინთეზს წარმოადგენს.
საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეები მრავალფეროვანი ფოტო და აუდიომასალის გამოყენებით მოისმენენ და გაეცნობიან:
✥ ფოტო და ვიდეოკამერის შექმნისა და ეტაპობრივად დახვეწის ისტორიას – პირველი კინოს გადაღებამდე;
✥ ოპტიკურ ხელსაწყოებსა და პირველ საპროექციო საშუალებას „ჯადოსნურ ფარანს“;
✥ პირველი ფილმების შექმნის თავისებურებებს;
✥ კინოს, როგორც ხელოვნების დარგის ჩამოყალიბებასა და ტექნიკური ნაწილის დახვეწაში ჟორჟ მელიესის, ძმები ლუმიერების დამსახურებას;
✥გაეცნობიან საქართველოს გამოცდილებას კინოინდუსტრიაში;
✥ გამოჩენილი მხატვრისა და მეცნიერის დავით კაკაბიძის მიერ შეტანილ წვლილს კინოინდუსტრიის ტექნიკურ განვითარებაში;
✥ კადრის ამოძრავების მსოფლიოში პირველი ხელსაწყოების მუშაობის პრინციპებს.
პროგრამა სრულდება აქტივობით, რომლის მონაწილეები დამოუკიდებლად გააკეთებენ კადრის ამოძრავების მსოფლიოში პირველ ხელსაწყოებს – ტაუმატროპსა და ფენაკისტოსკოპს.
პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად.
◈ მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 20
◈ ასაკობრივი ჯგუფი: 10 წლიდან
◈ ხანგრძლივობა: 90 წუთი
◈ შაბათი, 15:00 საათი
◈ ღირებულება: 10 ლარი
◈ ქ. თბილისი, ივანე ჯავახიშვილის ქ. N 7
◈ 577 27 00 45 | 595 08 36 93 | (+995 32) 2 305 001