ვპოვე ტაძარი… ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი

DSC 1149 baratashvili scaled - ვპოვე ტაძარი... ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი

„…ჩვენ ახალს სახლებში გადავედით, ანჩისხატის უბანში; უწინ რომ აფხაზი იდგა“ – სწერდა ნიკოლოზ ბარათაშვილი ბიძას, გრიგოლ ორბელიანს, სახლზე, რომელშიც ბარათაშვილების ოჯახი 1841 წლიდან ცხოვრობდა.

დღეს, ამ სახლში ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმია განთავსებული და ის თბილისის მუზეუმების გაერთიანების შემადგენლობაშია. სახლ-მუზეუმი 1982 წლის 31 ოქტომბერს დაარსდა. შენობას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.  2017 წელს ჩატარებული სარემონტო სამუშაოების და რეაბილიტაციის შედეგად, შეიქმნა სრულიად ახალი ტიპის სამუზეუმო სივრცე, სადაც ერთმანეთს თანამედროვეობა და წარსული, ძველი და ახალი ეპოქები შეერწყა: მე-19 საუკუნე თავისი ლიტერატურული ტრადიციებით, სალონებით (მწვანე დარბაზი), და ჩვენი საუკუნე, ტექნოლოგიური შესაძლებლობებით – ანიმაციებისა და ჰოლოგრამების გამოყენებით გაცოცხლებული ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებითი სამყარო (შავი დარბაზი).

 

DSC 1179 baratashvili scaled - ვპოვე ტაძარი... ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი

DSC 1465 baratashvili scaled - ვპოვე ტაძარი... ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი

 

ნიკოლოზ ბარათაშვილი – მე-19 საუკუნის რომანტიკოსი პოეტი, სევდისა და უდაბნოს ტაძრის ბინადარი, უგზოუკვლოდ გაფრენილი მერანის მხედარი, რომელმაც უკვდავების საზღვარი პოეზიით გადალახა… ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელს უკავშირდება ქართული ლექსის ვერსიფიკაციული და სემანტიკური განახლება, ფილოსოფიური ჭვრეტით დამუხტვა, ენობრივი და აზრობრივი შესაძლებლობების გაფართოება…

სახლი, რომელშიც ბარათაშვილები საცხოვრებლად გადმოვიდნენ, ანტონ აფხაზს ეკუთვნოდა. ეს სახლი ჩახრუხაძის ქუჩიდან ერთსართულიანი, ხოლო ანჩისხატის ქუჩიდან – ორსართულიანი ყოფილა.

 

DSC 1161 baratashvili scaled - ვპოვე ტაძარი... ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი

 

ვიდრე პოეტის სახლში შევაბიჯებდეთ, იმ ქუჩის წარსული გავიხსენოთ, სადაც ეს სახლი დგას – ჩახრუხაძის ქუჩა 17, ანჩისხატის უბანი. დღესაც, ისევე როგორც ყოველთვის, ეს ქუჩა განსაკუთრებულად ხიბლავს თბილისის სტუმრებსაც და მასპინძლებსაც. ანჩისხატის უბანი ძველი თბილისის ისტორიულ ნაწილში, ზემო კალაში მდებარეობდა, სადაც განლაგებული იყო ქალაქის უმთავრესი ნაგებობები – სასახლე და კომპლექსი, ქარვასლები, ქართული ეკლესიები, კათალიკოზის და ეპისკოპოსის ადგილსამყოფელები, თავადების სახლები. აქ ძირითადად ქართველი წარჩინებულები სახლობდნენ. ქვემო უბანში კი ქართველების გარდა, დიდი რაოდენობით ცხოვრობდნენ სომხები და მუსულმანები. ამ უბანში ქართული და სომხური ეკლესიების, მეჩეთების გარდა, კათოლიკური ეკლესიაც (ე.წ. ფრანგთა საყდარი) იდგა. ზემო და ქვემო უბნები, თბილისის ძირითადი რაიონები იყო.

მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში თბილისიც და მთელი საქართველოც ძნელი ცხოვრებით ცხოვრობდა – 1795 წელს აღა-მაჰმად ხანის შემოსევასა და 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატს მოჰყვა 1801 წლის ალექსანდრე I-ის მანიფესტი ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისა და რუსეთთან შეერთების შესახებ. ამან ქართველ საზოგადოებაში პროტესტისა და ამბოხების სურვილი გააღვივა, რაც საბოლოოდ 1832 წლის შეთქმულებაში გადაიზარდა. შეთქმულება გამჟღავნდა, ამბოხებულები დაიჭირეს. თავისუფლების და გამარჯვების მოლოდინი თმენასთან ერთად იწრიტებოდა. მძიმე მდგომარეობაში იყო ქართული ენის, განათლების, კულტურის საკითხი.

სწორედ ასეთ ვითარებაში დაიბადა 1817 წლის 4 დეკემბერს, მელიტონ ბარათაშვილის და ეფემია ორბელიანის ოჯახში, ნიკოლოზ ბარათაშვილი.

სამწუხაროდ, პოეტის ბიოგრაფიული ცნობებიდან ბევრი არაფერი მოგვეპოვება. მისი ცხოვრების რეკონსტრუქცია მისივე შემოქმედებით (33 ლექსი და ერთი პოემა), პირადი წერილებით და თანამედროვეთა მოგონებებით თუა შესაძლებელი.

 

DSC 1311 baratashvili scaled - ვპოვე ტაძარი... ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი

 

სახლ-მუზეუმში შესული სტუმარი, პირველ რიგში, მწვანე დარბაზს მოინახულებს. ესაა ეპოქალური სივრცე, სადაც ბარათაშვილის ოჯახის ფოტოები, ლექსების ხელნაწერები, ეპოქისთვის დამახასიათებელი ექსპონატებია განთავსებული.

 

DSC 1187 baratashvili scaled - ვპოვე ტაძარი... ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი

 

ორ ნაწილად გაყოფილი, სათავადო მანტიით გარშემორტყმული ფარი – ზედა ნაწილში დროშა, ურთიერთგადაჯვარედინებული ხმალი და მშვილდი, ქვედა ნაწილში – სვეტი, რომელიც ლომებს უჭირავს; კბილანებიანი, კარიბჭიანი კოშკი – ეს ბარათაშვილების საგვარეულო გერბია.

ბარათაშვილები XVI-XVII საუკუნეებში ქართლის ხუთ დიდებულ თავადთა შორის ერთ-ერთი პირველნი იყვნენ და დიდ როლს ასრულებდნენ ქართლის სამეფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამ გვარის წარმომადგენლები იყვნენ მეწინავე სადროშოს – სომხით-საბარათიანოს სარდლები, მათ ხშირად ეჭირათ აგრეთვე სახლთუხუცესის, მდივანბეგებისა და სხვა თანამდებობები. მათი სამფლობელოს ცენტრი სამშვილდე გახლდათ.

ნიკოლოზ ბარათაშვილმა მთელი ბავშვობა პაპის – ზურაბ ორბელიანის სახლში გაატარა. აქ იზრდებოდა ის ბიძასთან – ილია ორბელიანთან ერთად (სწორედ მას უძღვნის მომავალში ლექსს „მერანი“).  ჰყავდა გადია – გორელი ქალი მაია ზავრაშვილი. ნიკოლოზს შინ და ახლობელთა წრეში ტატოს ეძახდნენ, ეს სახელი შემორჩა მას ზრდასრულობისასაც და ამ სახელით იცნობენ დღესაც – მარადიულად 27 წლის გენიალურ პოეტს, რომელმაც თავისთავში ეპოქის მთელი ტრაგიზმი იტვირთა.

 

DSC 1491 baratashvili scaled - ვპოვე ტაძარი... ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი

ტატოს მამა – მელიტონ ბარათაშვილი ნიჭიერი, განათლებული, ქართული ლიტერატურის მცოდნე, ოღონდ ფიცხი, მოქეიფე და ფულის მფლანგველი კაცი იყო. მათ სახლში იკრიბებოდნენ იმ დროის  წარჩინებული ადამიანები, განსაკუთრებით ხშირად სტუმრობდა პლატონ იოსელიანის მამა, მღვდელი ეგნატე იოსელიანი; ასევე ალექსანდრე ჭავჭავაძე, ძმები ნიკოლოზ და მიხეილ ფალავანდიშვილები, სოლომონ მეითარი თარხნიშვილი, გიორგი და ალექსანდრე საგინაშვილები (მელიტონის დისშვილები) და სხვანი. თანამედროვეები იგონებენ, რომ მელიტონი იმდენად უხასიათო და ბრაზიანი ყოფილა, რომ ბაზარში რომ გამოჩნდებოდა, ზოგიერთი ვაჭარი დუქანს კეტავდა, ემანდ არ დამინახოს და შარი არ მომდოსო…  დიდად არც შვილის სწავლა-განათლებისთვის იწუხებდა თავს. ცნობილია, რომ სოლომონ დოდაშვილის მიერ შედგენილი გრამატიკის სახელმძღვანელო, მელიტონმა დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ უყიდა შვილს.

მელიტონის დაუდევარმა ხელგაშლილმა ცხოვრებამ ოჯახი გააღარიბა და ვალებში ჩააგდო. 1835 წელს ის მძიმედ დაავადდა. ტატოს, სრულიად ახალგაზრდას მოუწია ოჯახის უღლის საკუთარი ქედით გათრევა, რასაც საბოლოოდ შეეწირა კიდეც…

მეუღლისაგან სრულიად განსხვავდებოდა პოეტის დედა ეფემია, ზურაბ ორბელიანის ასული და რომანტიკოსი პოეტის გრიგოლ ორბელიანის და. ეფემიას დედა – ხორეშანი ერეკლე მეფის შვილიშვილი იყო.

ეფემია ლამაზი, დარბაისელი, მშვიდი, კეთილშობილი, ოჯახზე მზრუნველი, კარგად აღზრდილი ქართველი მანდილოსანი ყოფილა. სწორედ მას მიუძღვნა გრიგოლ ორბელიანმა ლექსი „ჩემს დას ეფემიას“, რომელშიც ის ასოცირდება ოჯახის სიხარულთან, სიმშვიდესთან და ნუგეშთან.

მწვანე დარბაზის კედელზე განთავსებული ფოტოებიდან ტატოს ოჯახის წევრების – მისი დების პორტრეტები იმზირება. პოეტის დებს თავიანთი ოჯახები ჰყავდათ. ერთ-ერთი მათგანის, ბარბარეს შვილიშვილი იყო გიორგი მაჩაბელი – „პრინცი“ გიორგი მაჩაბლის სახელით ცნობილი პარფიუმერი, რომელმაც მთელ მსოფლიოში განთქმული სუნამოების კომპანია შექმნა აშშ-ში.

 

DSC 1237 baratashvili scaled - ვპოვე ტაძარი... ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი

 

ამ ოჯახურ ფოტოებს შორის არ არის თავად ნიკოლოზ ბარათაშვილის პორტრეტი. როგორც ცნობილია, არსებობდა მხოლოდ ერთადერთი დაგეროტიპი, რომელიც პოეტის დასთან ინახებოდა. ის მისი ნაწარმოებების პირველ გამოცემასთან ერთად უნდა დაბეჭდილიყო და თბილისელი ფოტოგრაფის დუბელირის ფოტოატელიეში მიიტანეს დასაბეჭდად, იმ ღამეს ხანძარი გაჩნდა, ფოტოატელიე დაიწვა და ბარათაშვილის სურათიც განადგურდა. მას შემდეგ ბევრჯერ ეცადნენ, მიეკვლიათ ტატოს ფოტოსთვის, ან შეექმნათ პორტრეტი ახლობელთა მოგონებებზე დაყრდნობით, მაგრამ საზოგადოებამ არცერთი მათგანი არ მიიღო, ვიდრე 1938 წელს ლადო გუდიაშვილმა არ შექმნა ნიკოლოზ ბარათაშვილის პორტრეტი. ის საზოგადოებამ აიტაცა და შეიყვარა.  სავარაუდო ესკიზები და სხვადასხვა ავტორთა მიერ შექმნილი პორტრეტები წარმოდგენილია საინფორმაციო ეკრანზე, სადაც ასევე განთავსებულია მნიშვნელოვანი ფაქტები და ეპოქალური მოვლენები ბარათაშვილის ბიოგრაფიიდან.

 

DSC 1314 baratashvili 1 scaled - ვპოვე ტაძარი... ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი

 

შვიდი წლის ნიკოლოზი მშობლებმა კალოუბნის სამრევლო სასწავლებელში მიაბარეს. ეს სასწავლებელი მაშინ განთქმული იყო, როგორც კარგი განათლების კერა. აქვე უსწავლია პოეტის ბიძას – გრიგოლ ორბელიანს. სამრევლო სასწავლებელში ასწავლიდნენ საღვთო წერილს და ქართულ სიტყვიერებას. კონსტანტინე მამაცაშვილის ცნობით, რვა წლის ბარათაშვილი უკვე კითხულობდა და წერდა ქართულად.

1830 წელს, სოლომონ დოდაშვილის, დიმიტრი ყიფიანის და სხვა მოღვაწეთა თაოსნობით, თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელი გიმნაზიად გადაკეთდა. ამავე წელს, გიმნაზიის ხელმოკლე ოჯახის მოსწავლეებისათვის გაიხსნა პანსიონი. აქ ცხოვრობდა და საუკეთესო პანსიონერთა შორის ირიცხებოდა გიმნაზიის მოსწავლე ნიკოლოზ ბარათაშვილი.

სოლომონ დოდაშვილი (1804-1836) იყო ნიკოლოზ ბარათაშვილის მასწავლებელი, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა მის სამოქალაქო და პოეტურ აზროვნებაზე.

სწორედ სოლომონ დოდაშვილი იყო მე-19 საუკუნის საქართველოს საზოგადოებრივ ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მოვლენის – 1832 წლის შეთქმულების ერთ-ერთი ლიდერი. შეთქმულების მზადების პროცესმა და შემდეგ მისმა ჩაშლამ წარუშლელი დაღი დაასვა პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოებას. ეს დამარცხება კი განსაკუთრებით მტკივნეულად განიცადა გიმნაზიის მოსწავლე ახალგაზრდობამ. ტატო მაშინ 15 წლისა იყო და სავარაუდოდ, შეთქმულებაში არ მონაწილეობდა, თუმცა არსებობს საპირისპირო მოსაზრება, რომელიც მის ორკვირიან პატიმრობაზეც მოგვითხრობს.

სოლომონ დოდაშვილი, შეთქმულებაში მონაწილეობის გამო, დააპატიმრეს და ჯერ სიკვდილით დასჯა, შემდეგ კი რუსეთში გადასახლება მიუსაჯეს, სადაც 1836 წელს გარდაიცვალა კიდეც.

მწვანე დარბაზში ნიკოლოზ ბარათაშვილის ხელნაწერი ლექსების ფოტოებსაც ნახავთ. ეს უნიკალური ექსპონატებია, იმ იშვიათ წყაროთაგანი, რომლებიც პოეტის ცხოვრების და შემოქმედების ანაბეჭდებიდან შემოგვრჩა.

 

DSC 1398 baratashvili scaled - ვპოვე ტაძარი... ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი

 

ტატოს პირველი ლექსები სწორედ გიმნაზიის პერიოდს უკავშირდება: „ვარდი და ია“, „ნარგიზი და ყაყაჩო“, პოემა „კავკასიური მოთხრობა“. ეს ლექსები ჯერ კიდევ ბავშვურია და 1832 წლით თარიღდება. ამათ მოჰყვება პირველი ვარიანტები ლექსებისა „ვარდი და ბულბული“ (1832-1833 წწ) და „შემოღამება მთაწმინდაზედ“ (1833), რომლებშიაც უკვე იგრძნობა ტატოს დიდი პოეტური ნიჭი და ღრმა სულიერება. წერდა თვითმპყრობელობის წინააღდეგ; წერდა სატირულ ლექსებსაც, რომლებშიც აბუჩად იგდებდა ხელისუფლების წარმომადგენლებს და ამ ლექსებს თავისი ამხანაგების დახმარებით, ფოსტით უგზავნიდა ადრესატებს. ამის გამო ბარათაშვილი რამდენჯერმე დასაჯეს კიდეც. ასეთი მამხილებელი ლექსების წერისა და გავრცელებისათვის ნიკოლოზ ბარათაშვილი, ლევან მელიქიშვილი, პეტრე ბაგრატიონი და ილია ორბელიანი სასწავლებლიდან გარიცხეს, თუმცა მალევე აღადგინეს.

საქართველოს ისტორიის კურსის შედგენის პერიოდს ეკუთვნის ნიკოლოზ ბარათაშვილის მიერ პოემის „ივერიელნი“ დაწერა. პოეტის სკოლის მეგობარი და აღნიშნული წრის წევრი კონსტანტინე მამაცაშვილი გადმოგვცემს: მე მახსოვს ბარათაშვილის დიდი პოემა, რომელიც ჩემთან წაუკითხავს – „ივერიელნი“. ამ პოემაში იყო აღნიშნული ჩვენი აჰყვავებული ცხოვრება 10, 11 და 12 საუკუნოებისა. ამ ლექსების გადაკეთება უნდოდა, რომელნიც ისეც მშვენიერი იყო “.

ბარათაშვილის ოცნება რუსეთში სწავლის გაგრძელება იყო, თუმცა ეს ოცნებაც, სხვათა მსგავსად, განუხორციელებელი დარჩა – ოჯახური პირობების გამო (მძიმე ავადმყოფი მამა, ეკონომიკური სიდუხჭირე) იძულებული გახდა, რომ უნივერსიტეტში შესვლის ნაცვლად, სამოქალაქო სამსახური დაეწყო.

„…დავრჩი ისევ ჩემს მამულში, განვჰწესდი სამსახურში და დავჰმორჩილდი ჩემს მკაცრს ბედსა. თუმც ხანდისხან ჯავრით დავაპირებ ხოლმე მასთან შებმას: ან ჩემი ბედი, ან ჩემი სურვილის აღსრულება – სწერს პოეტი გრიგოლ ორბელიანს.

პოეზია მისი სულიერი და ინტელექტუალური მისწრაფებების ასპარეზად იქცა, მასში განახორციელა ყველა ოცნება, რასაც მის მიწიერ არსებობაში ახდენა არ ეწერა. ის ჭეშმარიტად რომანტიკოსი პოეტი იყო – სულიერი თავისუფლების, ადამიანური ჩარჩოებიდან გაღწევის ვნებით სავსე, რომლის მოელვარე ტრაგიზმსაც სიცოცხლის დაუძლეველი ძალა და ოცნების სიმძლავრე აქრობს, ანელებს…

ამბობენ, რომ ბევრს წერდა. თუმცა ჩვენამდე მისმა მხოლოდ ოცდაცამეტმა ლექსმა და ერთმა პოემამ მოაღწია. სიცოცხლეში ვერც საკუთარი ტექსტების გამოქვეყნებას მოესწრო. მისმა პოეზიამ ახალი სიცოცხლე მისი გარდაცვალების შემდეგ დაიწყო.

მწვანე დარბაზში გამოფენილია ასევე ბარათაშვილის პოეზიის პირველი გამოცემები.

 

DSC 1306 baratashvili scaled - ვპოვე ტაძარი... ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი

 

იქ, სადაც ტატოზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია, იმდროინდელი ეპოქის სიმბოლო – ლიტერატურული სალონები არ ვახსენოთ.

არც თეატრები, არც კონცერტები, არც კლუბებიხშირად შევიყრებოდით ხოლმე, ახალგაზრდა ამხანაგები ხან ნიკოლოზ ბარათაშვილთან, ხან ლევან მელიქიშვილთან, ხან სადილად გარეთუბნის ბაღებში. ჩვენი დროის გატარება იყო: ლაპარაკი მაშინდელს ლიტერატურაზედ, სწავლაზედ, სხვადასხვა ჩვენს გარემოებაზედქართული დარბაისლური მეტყველი ხუმრობა, შექცევა, სიმღერა, ვისაც სურდა ქაღალდს თამაშობდა, ნარდს, ჭადრაკს. ქაღალდის თამაშობაში ხანდახან ნიკოლოზ ბარათაშვილიც მიიღებდა მონაწილეობას, მერმე მეგობრული ვახშამი და ვახშამს შემდეგ სეირნობა მთვარიანს ღამეს ქუჩებში და ზოგჯერ ბაღშია– იგონებს კონსტანტინე მამაცაშვილი.

 

DSC 1367 baratashvili scaled - ვპოვე ტაძარი... ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი

DSC 1458 baratashvili scaled - ვპოვე ტაძარი... ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი

 

მაშინდელ თბილისში განთქმული იყო მანანა ორბელიანის და ალექსანდრე ჭავჭავაძის სალონები. გადმოცემით, სწორედ ალექსანდრე ჭავჭავაძის სალონში წაიკითხა ბარათაშვილმა თავისი პოემა „ბედი ქართლისა“ 1839 წელს.

ამ სალონებში თავს მაშინდელი ბომონდი იყრიდა, როგორც ადგილობრივი საზოგადოება, ასევე სტუმრები. გრიგოლ ორბელიანი მანანა ორბელიანისთვის მიწერილ წერილში აღნიშნავს: თქვენი გაბრწყინვალებული სალონი სავსეა ანგლიჩნებით, ფრანცუზებით, ჰინდოელებით; ჭეშმარიტად მშურს მათი ბედნიერება და ვამბობ, ნეტავ მათ რიცხვში მეც ვიყო “.

1840-იანი წლებიდან მანანა ორბელიანი (1808-1870) თბილისის კულტურულ-სალიტერატურო ცხოვრების ცენტრში მოექცა. სწორედ მანანას სალონში დაიბადა და ჩამოყალიბდა ქართული პროფესიული თეატრისა და ჟურნალ „ცისკრის“ დაარსების იდეა. ამის გამო იონა მეუნარგია მანანას „ჩვენებურ მადამ რეკამიეს“ უწოდებს (მადამ რეკამიეს პარიზში ჰქონდა სახელგანთქმული სალონი, სადაც თავს იყრიდნენ დიდი მწერლები და ხელოვანები – შატობრიანი, სტენდალი, ბალზაკი, ჰიუგო, მერიემ, მიუსე, ჟაკ ლუი დავიდი და სხვ.). დიმიტრი ყიფიანის ცნობით, 1840-იანი წლების დასაწყისში ქართველ პოეტებს და მათ შორის ნიკოლოზ ბარათაშვილსაც, შეუდგენიათ მანანასადმი მიძღვნილი ხელნაწერი პოეტური კრებული, რომელიც დაკარგულად მიიჩნევა. მის სალონში წაიკითხა ბარათაშვილმა ამჟამად დაკარგული თარგმანი იოჰან ლაიზევიცის ტრაგედიისა „იულიუს ტარენტელი“.  ალ. ჭავჭავაძისა და მანანა ორბელიანის ბრწყინვალე ოჯახებში სალონური ევროპეიზმი გემოვნებით იყო შეხამებული ქართულ ტრადიციულ დარბაზობასთან და ეს თავისებურება ყველას ხიბლავდა.

ბარათაშვილის პოეზიაც თავის გამოხმაურებას და დაფასებას ამ პატარა კულტურულ ცენტრებში პოულობდა. პოეტი მეგობრობდა მრავალ საინტერესო პიროვნებასთან, იყო მათი ოჯახების სასურველი სტუმარი. ამ წრეებში დაიბადა მისი გატაცებები, რომლის შედეგადაც მან არაერთი სატრფიალო ლექსი შექმნა: „ხმით მშვენიერით“, „საყურე“, „…ნა ფორტეპიანოზედ მომღერალი“.

პავლე ინგოროყვა ამბობს: „ნიკოლოზ ბარათაშვილი ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა კაცი იქცა ცენტრად თავისი დროის ლიტერატურული და საზოგადოებრივი ცხოვრებისა“.

სახლ-მუზეუმის მეორე სივრცე – შავი დარბაზი, თანამედროვე ტექნოლოგიური რესურსით ქმნის სრულიად ახალ ატმოსფეროს, რომელშიც ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებითი სამყარო ცოცხლდება.

კინემატოგრაფიული სიბნელე მოულოდნელი სანახაობისთვის განგაწყობთ. კედლების გასწვრივ განთავსებულ ნიშებში ერთმანეთს ენაცვლება ბარათაშვილის ლექსებზე შექმნილი ანიმაციები – „ვპოვე ტაძარი“ და „ფიქრნი მტკვრის პირას“. მაგიდაზე, ეკატერინე ჭავჭავაძის პორტრეტთან ერთად, ჰოლოგრამის გამოყენებით, ბარათაშვილისეული ხელწერით იწერება „ლოცვა“, ხოლო იმპროვიზებულ სცენაზე ხმიანდება ლექსები „ცისა ფერს“ და „საყურეს“.

დარბაზის შუაგულში, 3D ანიმაციით წარმოდგენილია მისი შემოქმედების სავიზიტო ლექსი „მერანი“ – მუდმივ დინამიკაში მყოფი, მოძრავი სილუეტი, დაუსაბამო სრბოლის, ჭენების სიმბოლო – ფაფარაშლილი თეთრი მერანი, რომელიც წარმავალობის საზღვრის გადალახვას ლამობს…

 

DSC 1383 baratashvili scaled - ვპოვე ტაძარი... ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი

 

ცოტა რამ „მერანის“ შესახებ: ილია ორბელიანი 1842 წელს ტყვედ ჩაუვარდა შამილს და რვა თვე ტყვეობაში გაატარა.  ილია ორბელიანის დატყვევებისა და “მერანის” შექმნის შესახებ ნიკოლოზ ბარათაშვილი 1842 წლის მაისში სწერს გრიგოლ ორბელიანს:

არ ვიცი, ეს ლექსები როგორ მოგეწონება. აქ კი ბევრი ცრემლი, ტყუილი და მართალი, დაინთხა ამის წაკითხვაზე, რასაკვირველია იმიტომ, რომ ამას ამბობს ილია ტყვეობაში, და არა მე, ილიას დაჭერა რომ შევიტყვე, სწორე გითხრა, ძალიან შევწუხდი, ისე, რომ სამი დღე გაბრუებული ვიყავ ათასის სხვადასხვა უცნაურის ფიქრებით და სურვილით და რომ ეკითხათ კი ჩემთვის, მეც არ ვიცოდი, რა მინდოდა. ბოლოს, მესამე დღეს, ეს ლექსები დავწერე და თითქოს ამან რაღაც შვება მომცაო. ვცდილობ, რომ ილიკოს როგორმე მივაწვდინო; ვიცი, გულში ჩაიცინებს და არ იქნება, მით არა ენუგეშოს რა’’.

ამავე დარბაზში წარმოდგენილია მუსიკალური საკრავები: თარი, დაირა და დუდუკი,  XIX ს-ის როიალი და ლომბერის მაგიდა, რომელიც თითქმის ყველა იმდროინდელ სალონში იდგა, მასზე დევს ამავე საუკუნის თამაშები – ლოტო და ფლირტი.

შავი დარბაზიდან აივანზე გახვალთ. აივანი მოკირწყლული ქვაფენილით, ხეივნითა და ხურმის ხით შემკულ პეიზაჟს გადაჰყურებს. აივნის კედელზე კი უზარმაზარი პანოა – ქალის პროფილი საყურით – ბარათაშვილის შთაგონების და სიყვარულის სიმბოლო. ამ აივანზე დაყოვნებით პოეტის ნაცნობ თუ უცნობ სასიყვარულო ისტორიებსაც მოისმენთ: როგორც თანამედროვეები ყვებიან, ნიკოლოზ ბარათაშვილის პირველი სიყვარული ვინმე ნინო ორბელიანი იყო, რომელსაც პოეტმა ცნობილი ლექსი „ღამე ყაბახზედ“ მიუძღვნა.  სხვა ცნობები ამ ქალის შესახებ, სამწუხაროდ, არ მოიპოვება. ნინოს შემდეგ ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრებაში ჩნდება ფრანგი კონდიტერის ქალიშვილი დელფინა ლაბიელი.

 

DSC 1473 baratashvili scaled - ვპოვე ტაძარი... ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი

 

1838 წლიდან კი ბარათაშვილის შემოქმედებაში ახალი სახე(ლი) ამოშუქდება – ეკატერინე ჭავჭავაძე – ალექსანდრე ჭავჭავაძის ასული. მან დიდი გავლენა იქონია პოეტის შემოქმედებაზე. ეკატერინეს სახით არის შთაგონებული მისი არაერთი ლექსი.

 

DSC 1232 baratashvili scaled - ვპოვე ტაძარი... ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი

 

ეკატერინეს ნიკოლოზი ბავშვობიდან იცნობდა, რადგან მელიტონისა და ჭავჭავაძეების ოჯახები მეგობრობდნენ და ერთმანეთს ხშირად სტუმრობდნენ.

ლევან მელიქიშვილი, ლექსის „საყურე“ შექმნის ისტორიას იგონებს: ბარათაშვილი იყო თურმე მიწვეული საგინაშვილის სიდედრთან საღამოზე და იქიდან შემოვარდა ყაფლან ორბელიანთან, საცა დაუხვდა იმას ლევან მელიქიშვილი. «ლევან, ლევან! გავგიჟდი მეტი არა ვარ! ეკატერინა იქ არის და მისმა საყურეს თამაშმა გადამრია! ღვთის განაჩენი კაცი ვერ ნახავს ვერაფერს უკეთესს»… და იმ საღამოს სახსოვრად დასწერა ლექსი საყურე. ეკატერინესადმი მიძღვნილი ლექსები: „საყურე”, „თავადის ჭავჭავაძის ასულს ეკატერინას” და  „…ნა ფორტეპიანოზედ მომღერალი” 1839 წლით არის დათარიღებული.

ლექსები: „სატრფოვ მახსოვს”, „სული ობოლი”, „აღმოხდა მნათი” და „არ უკიჟინო სატრფოო” ასევე ეკატერინეს სახით არის შთაგონებული.

ეკატერინემ ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა – ფაქტობრივად, შთამომავლობას მან შემოუნახა პოეტის ხელნაწერები.  ბარათაშვილის რამდენიმე კრებულმა მოაღწია ჩვენამდე, რომლებიც მან მეგობრებს უსახსოვრა. ერთ-ერთი კრებული ეკატერინე ჭავჭავაძესაც გადასცა. ამ დროს ეკატერინე უკვე დავით დადიანზე იყო გათხოვილი. ლირიკულ კრებულში 26 ლექსი შევიდა. მოგვიანებით მან კიდევ ერთი ხელნაწერი გადასცა ეკატერინეს – პოემა “ბედი ქართლისა”.  ბარათაშვილის გარდაცვალებიდან 13 წლის შემდეგ კი, ამ ხელნაწერ წიგნებს, ეკატერინე დადიანის სახლში, ცარსკოე სელოში, ნახავს ახალგაზრდა ილია ჭავჭავაძე. ცნობილია, რომ ჯერ კიდევ სტუდენტობისას, პეტერბურგში ყოფნის დროს, ილია ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანის სახლში გაეცნო ბარათაშვილის შემოქმედებას. ამის შესახებ ილიას მეგობარი, კოხტა აბხაზი წერს (1858 წელს,  ცარსკოე სელოში ყოფნისას, ის და ილია სწვევიან დადიანების სახლს, სადაც მათთვის „ქალბატონ დადიანისას” გამოუტანია ბარათაშვილის ხელით ნაწერი ლექსთა კრებული და პოემა „ბედი ქართლისა”): ვერ წარმოიდგენთ რა შთაბეჭდილება მოახდინეს ამ ლექსებმა ილიაზედ. თითქმის ერთი კვირა ყმაწვილი ჰბოდავდა ბარათაშვილით”.

 1870-იანი წლებიდან ბარათაშვილის პირველი კრებულები ცალკე წიგნებად გამოიცა. (1876 წელი – პირველი ბეჭდური კრებული პეტრე უმიკაშვილის რედაქტორობით; ასევე 1879, 1886, 1890 და 1895 წლების გამოცემები).

1893 წლიდან გაზეთი „ივერია” აქტიურად იწყებს ბარათაშვილის შესახებ კრიტიკული ნარკვევებისა და მისი ლექსების გამოქვეყნებას. ამავე წელს გამოქვეყნდა ბარათაშვილის ნეკროლოგი და იონა მეუნარგიას მონოგრაფია „ბარათაშვილის ცხოვრება და პოეზია”.

ბარათაშვილის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ქალი იყო მისი უახლოესი მეგობარი – მაიკო ორბელიანიც. მაიკო ორბელიანი ქაიხოსრო ორბელიანის უმშვენიერესი ასული იყო. ბარათაშვილის წერილები მაიკო ორბელიანისადმი ბარათაშვილის ეპისტოლარული მემკვიდრეობის საუკეთესო ნაწილია.

მასაც გადაუწერა ბარათაშვილმა თავისი ლექსების ერთ-ერთი კრებული და მიართვა  წარწერით: „დაო მაიკო! ეს ლექსები იქონიე ჩემეულად. ვიცი, რომ წარმკითხველი მათი მოიგონებ ბევრთა საამოთა დღეთა ყრმაწვილობისათა და შემიბრალებ შენსა ყარიბსა ძმასა. თ-ი ნ. ბარათაშვილი“.

 

DSC 1169 baratashvili scaled - ვპოვე ტაძარი... ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი

 

1835 წლიდან 1844 წლამდე ნიკოლოზ ბარათაშვილი მუშაობდა უბრალო კანცელარისტად. მიუხედავად იმისა, რომ თავის საქმეს შესანიშნავად ასრულებდა, მისთვის სხვა თანამდებობა არ შეუთავაზებიათ.

1844 წელს მეგობრებისა და ოჯახის ნაცნობების დახმარებით, ბარათაშვილი დანიშნეს ნახიჩევანის მაზრის მმართველის – ლევან მელიქიშვილის მოადგილედ.

აქ ნიკოლოზი დაახლოვებია ექსანხანის ოჯახს.  ნახიჩევანში ყოფნა ბარათაშვილისთვის გაუსაძლისი იყო: ვიღას მოვაგონდებით, ვიღაც ორი ტლუ ბიჭი გდია ნახიჩევანშიწერს ერთერთ წერილში, ჩვენი აქ ცხოვრებამ სწორე გითხრა, ტანჯვისა და უსიამოვნების მეტი არა არის რა”.

ნახიჩევანში ყოფნის პერიოდს უკავშირდება ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფიიის ერთი საინტერესო მომენტი. თავისი ბავშვობის მეგობრის, მაიკო ორბელიანისადმი  მიწერილი წერილიდან ვიგებთ, რომ ნახიჩევანში ტატოს გაუცვნია ახალგაზრდა პოეტი ქალი, ხანის „ლამაზი“ და „მარილიანი“ ასული, გონჩა ბეგუმი. როგორც ჩანს, ნიკოლოზ ბარათაშვილი ამ ქალბატონით საკმაოდ სერიოზულად დაინტერესებულა, მისი ერთ-ერთი ლექსის თარგმნასაც აპირებდა თურმე.  სავარაუდოდ, ცხოვრების ბოლო პერიოდში დაწერილი, ჩვენამდე მოღწეული ორი ლექსი „მადლი შენს გამჩენს“ და  „დამქროლა ქარმან სასტიკმან“, ბარათაშვილმა სწორედ ამ ქალს მიუძღვნა.

1845 წელს ბარათაშვილი სამუშაოდ განჯაში გადავიდა. რუსეთთან მიერთების შემდეგ (1804) მას სახელი მაშინვე შეუცვალეს და ელისავეტოპოლი უწოდეს. ქალაქს მდინარე ორ – მუსულმანურ და სომხურ (მთიან) ნაწილებად ყოფდა. პოეტი ქალაქის სომხურ ნაწილში, პატარა სახლში ცხოვრობდა. მისთვის განჯაში ყოფნა ძნელი იყო, მაგრამ ოჯახის რჩენის სხვა საშუალება არ გააჩნდა. ზაქარია ჭიჭინაძე აღნიშნავს, რომ ბარათაშვილი გრიგოლ ორბელიანს ხშირად სთხოვდა, იქნებ საქართველოში რაიმე ადგილი მიშოვო და გადმომიყვანოო, მაგრამ პოეტს სამშობლოში დაბრუნება აღარ ეწერა. ბიძინა ჩოლოყაშვილის გადმოცემით, 1845 წლის სექტემბერში ნიკოლოზი განჯის „ავთვისებიანი ციებ-ცხელებით” დაავადდა და ორ კვირის შემდეგ, 9 ოქტომბერს გარდაიცვალა.

ნიკოლოზ ბარათაშვილი დაკრძალეს განჯაში, ქალაქის ციხესთან აგებული მართლმადიდებლური ეკლესიის ეზოში. ნიკოლოზის საფლავს, მასზე ამოსული კიპარისის ხით სცნობდნენ.  მისი გარდაცვალებიდან მხოლოდ მეორე წელს შეძლეს ჩასვლა პოეტის დედამ ეფემიამ და ბიძამ ილია ორბელიანმა.  განჯაში მათ ჩასვლამდე ბარათაშვილის ყველა ნივთი გაიბნა და დაიკარგა.

1891 წელს განჯელმა კორესპონდენტმა გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში”, გამოაქვეყნა წერილი ნიკოლოზ ბარათაშვილის განადგურების პირას მყოფი საფლავის შესახებ და რომ იმ ეკლესიის ეზოში სადაც, პოეტი იყო დაკრძალული, ქალაქის ადმინისტრაცია გზის გაყვანას აპირებდა.

განჯელი კორესპონდენტის წერილს მაშინვე გამოეხმაურა გაზეთი „ივერია” და მისი რედაქტორი, ილია ჭავჭავაძე მაშინვე შეუდგა ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის თბილისში გადმოსვენების საკითხის მოგვარებას. 1893 წლის 25 აპრილს, ილია ჭავჭავაძისა და „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ თაოსნობით, ბარათაშვილის ნეშტი განჯიდან თბილისში გადმოასვენეს. იგი ჯერ დიდუბის ეკლესიის ეზოში დაკრძალეს, 1938 წლის 15 ოქტომბერს კი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენეს.

განჯაში პოეტის გარდაცვალების შემდეგ,  დაიკარგა მისი პირადი არქივი, რომელშიც უნდა ყოფილიყო დაცული პოემა „ივერიელნი”; ის ლექსები, რომლებიც არ შესულა 1841-1843 წლების ხელნაწერ კრებულებში, მათ შორის „ასტრა”; ასევე თარგმანები, მათ შორის „იულიუს ტარენტელი” და პირადი კორესპონდენცია. დაკარგულია 1844-1845 წლების ლექსებიც.

მემორიალური სახლ-მუზეუმი, ჩახრუხაძის 17-ში, ნიკოლოზ ბარათაშვილის პიროვნულ/ეპოქალურ და შემოქმედებით პორტრეტს ქმნის. პორტრეტს, რომელიც ისტორიამ მხოლოდ ფრაგმენტულად შემოინახა, დრომ კი უსაზღვროების სიმბოლოდ გადააქცია.

ეს სახლ-მუზეუმია ახლა სივრცე, სადაც მის მხატვრულ სილუეტთან ერთად, იმ ზეცის მოხილვაც შეიძლება, რომლისკენაც მუდმივად ეჭირა თვალი, რომელზეც ოცნების გახელებით წერდა: „ვპოვე ტაძარი, შესაფარი, უდაბნოდ მდგარი…“

ავტორი: ნინია სადღობელაშვილი
ფოტო: ნატა აბაშიძე-რომანოვსკაია