მუსიკა ილიას სახლში

ილიას სახლში 1 - მუსიკა ილიას სახლში

მუსიკა ხელოვნების ერთ-ერთი დარგია, რომელიც მუსიკალური მხატვრული ფორმებით ასახავს და აქტიურად ზემოქმედებს ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზე. საუკუნეების განმავლობაში ხალხური შემოქმედების საფუძველზე ვითარდებოდა პროფესიული მუსიკა, გაჩნდა სხვადასხვა სტილი, სკოლები, მიმდინარეობები. თითოეული კულტურის, ხალხის ხასიათის თავისებურებებმა სხვადასხვაგვარი გამოვლინება ჰპოვა მათ მუსიკალურ კულტურაში.

ხალხური შემოქმედება ანუ ფოლკლორი არის მუსიკალური ხელოვნების ფესვები, რომელიც უხსოვარი დროიდან იღებს სათავეს და გამომსახველობითი ხელოვნების მთავარ ფორმას წარმოადგენს. საქართველო ვოკალური მრავალხმიანობის ქვეყანაა, რომლის მუსიკალური აზროვნებისათვის მრავალხმიანობის პრინციპი იდენტობის საუკეთესო გამოხატულებად იქცა. ქართულმა ხალხურმა მრავალხმიანმა სიმღერამ განვითარებისა და სრულყოფის ხანგრძლივი პერიოდი განვლო.

XIX საუკუნის საქართველოს ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, მაშინ, როცა იდევნებოდა ეროვნული ფასეულობები, ქართული ენა, ეკლესიებში წირვა-ლოცვა და გალობა რუსულ ენაზე აღევლინებოდა უმნიშვნელოვანესი გამოწვევების წინაშე დადგა ქართული იდენტობის შენარჩუნება. 60-იანი წლებიდან ქართველმა საზოგადო მოღვაწეებმა, პროფესიონალმა მუსიკოსებმა და სასულიერო პირებმა დიდი წვლილი შეიტანეს ქართული ხალხური სიმღერებისა და საეკლესიო საგალობლების გადარჩენის საქმეში. პროგრამის მონაწილეები გაეცნობიან ილიას ეპოქაში მოღვაწე ლოტბარების, მგალობლების, პროფესიონალი მუსიკოსების ისტორიებს და პირველი სანოტო კრებულებისა და ქართული „ხოროს“ თავგადასავალს.

საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეები ნახავენ და მოისმენენ:

✥ XIX საუკუნის ქართული ტრადიციული მუსიკისა და საგალობლების ისტორიას;
✥ ქართული საგალობლების ნოტირებასა და  ხალხური სიმღერების ჩაწერა-ფიქსაციის ისტორიას;
✥ ილია ჭავჭავაძისა და მისი თანამოაზრეების როლზე ქართული ხალხური მუსიკის გადარჩენის საქმეში;
✥ XIX საუკუნის მეორე ნახევარში მოღვაწე ქართველი ლოტბარების, მგალობლებისა და მუსიკოსების ისტორიებს;
✥ პირველი სანოტო კრებულის ბეჭდვისა და „ქართული ხოროს“  შექმნის თავგადასავალს.

პროგრამა სრულდება ინტერაქტივითა და მონაწილეთა ჩართულობით.

პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად.

◈ მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 20
◈ ასაკობრივი ჯგუფი: 11 წლიდან
◈ ხანგრძლივობა: 90 წუთი
◈ ორშაბათი, 15:00 საათი
◈ ღირებულება: 10 ლარი
◈ ქ. თბილისი, ივანე  ჯავახიშვილის ქ. N 7
◈ 577 27 00 45 | 595 08 36 93 | (+995 32) 2 305 001