თბილისში, ვერაზე, დიმიტრი ბაქრაძის ქუჩაზე გამვლელთ ახსოვთ ეს ტრადიცია – ყოველი კვირის რომელიმე დღეს, ბაქრაძის #10-ში, მეორე სართულის ღია ფანჯრებიდან იღვრებოდა ღვთაებრივი მუსიკა, ზოგჯერ ცოცხალი შესრულებით, ზოგჯერ კი ჩანაწერებით… ეს მუსიკაც და ეს დღეც ეკუთვნოდა ქართული პროფესიული მუსიკის ფუძემდებელს და პირველი ქართული ეროვნული კლასიკური ოპერის ავტორს, ზაქარია ფალიაშვილს და ყველა გამვლელმა იცოდა, რომ დიდი მაესტრო ამ სახლის ბინადარი იყო…
დღეს, დიმიტრი ბაქრაძის #10-ში მდებარე სახლი ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმია და ის თბილისის მუზეუმების გაერთიანების შემადგენლობაშია. ზაქარია ფალიაშვილი ამ სახლში ოჯახთან ერთად 1915-1933 წლებში ცხოვრობდა და იმ დროინდელ პრესასა და დოკუემნტაციაში შენობა, აგურის ქუჩაზე მდებარე სახლადაა მოხსენებული.
მუზეუმში დაცულია კომპოზიტორის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი მასალები; ასევე გამოყენებითი ხელოვნების ექსპოზიცია – ფერწერა, გრაფიკა, სკულპტურა, ყოფისა და ეთნოგრაფიის ნიმუშები.
მემორიალური სახლ-მუზეუმის ექსპოზიციური ნაწილი სხვადასხვა მხატვრის ტილოებითაა წარმოდგენილი – სწორედ მათგან იწყება დიდი კომპოზიტორის ბიოგრაფიიის თხრობა. მხატვარ მიხეილ ხვიტიას ფერწერული ნამუშევარი „ძველი ქუთაისი“ (ზეთი, ტილო) იმ ქალაქს აცოცხლებს, სადაც 1871 წლის 3 აგვისტოს ზაქარია ფალიაშვილი დაიბადა. ამ ტილოზე მკაფიოდ ჩანს როგორც მაესტროს საცხოვრებელი ადგილი, ასევე კათოლიკური ეკლესია. წარმოშობით მესხები -ფალიაშვილები კათოლიკეები იყვნენ. პეტრე ფალიაშვილსა და მარიამ მესარქიშვილს 18 შვილი ჰყავდათ, მათგან მესამე იყო ზაქარია ფალიაშვილი. პეტრე ფალიაშვილი კათოლიკური ეკლესიის მნათე იყო, დედა – დიასახლისი, რომელიც, სასიამოვნო ტემბრით ხშირად უმღეროდა ბავშვებს. ამ ოჯახიდან 5 პროფესიონალი მუსიკოსი გახდა: ივანე – დირიჟორი, ზაქარია – კომპოზიტორი, პოლიკარპე – გუნდის ლოტბარი და დირიჟორი, ჟანა – პიანისტი, ლევანი – კომპოზიტორი. ზაქარია ფალიაშვილი ავტობიოგრაფიაში თავისი ოჯახის წევრების ბუნებრივ მუსიკალურ ნიჭზე მოგვითხრობს და იმასაც აღნიშნავს, რომ ეს ნიჭი მათ კათოლიკურ ეკლესიაში სისტემატურად გალობამ კიდევ უფრო განუვითარა.
8 წლის იყო ზაქარია ფალიაშვილი, როდესაც კათოლიკეთა ეკლესიის წინამძღოლმა იოანე ანტონიშვილმა საშობაო საგალობელი „იესოს ნანი“ შეასწავლა და პირველად შობის ღამეს აგალობა. სწორედ ამ ფაქტს ასახავს საექსპოზიციო ოთახის კიდევ ერთი ტილო – მხატვარ ოთარ სულავას „ზაქარია ფალიაშვილი ქუთაისის კათოლიკეთა ეკლესიაში“.
ზაქარია ფალიაშვილისა და მისი ძმის ივანეს ნიჭს ყურადღება მიაქცია ცნობილი ქართველი პიანისტისა და კომპოზიტორის, ქართული საფორტეპიანო სკოლის ფუძემდებლის ალოიზ მიზანდარის ძმამ, ფორტეპიანოს პედაგოგმა ფელიქს მიზანდარმა, რომელიც უფასოდ ასწავლიდა ღარიბ, მაგრამ ნიჭიერ ძმებს. ამ თემას მხატვარმა ჯიბსონ ხუნდაძემ მიუძღვნა ტილო „მუსიკის გაკვეთილი“.
იმ დროს, როცა ზაქარია ფალიაშვილის ოჯახი საცხოვრებლად გადმოდის (1887-1889), თბილისი ამიერკავკასიის კულტურულ ცენტრად მიიჩნევა – ოპერისა და დრამის თეატრები, სამუსიკო სასწავლებლები, „ქართული გალობის აღმდგენი კომიტეტი“ და სხვა – ამ კერებში სახელოვნებო ცხოვრება დუღს. თბილისის კათოლიკურ ეკლესიაში ივანე ორღანისტად იწყებს მუშაობას, ზაქარია კი გუნდის მგალობლად (პარალელურად ორღანის დაკვრასაც სწავლობს). ზაქარია ფალიაშვილი იგონებს: “იმდენად შევეჩვიე ორღანზე დაკვრას და გუნდის მომზადებას და გაძღოლას, რომ დავიკავე ადგილი ორღანისტისა“.
ამავე დროს, ივანე და ზაქარია ლადო აღნიაშვილის გუნდის “ქართული ხოროს” აქტიური წევრები ხდებიან (ეს გუნდი უკვე მთელ საქართველოში პოპულარული იყო) და მომავალმა კომპოზიტორმა სწორედ აქ შეისწავლა ქართული ხალხური სიმღერა. ისინი თეთრი წაღებით, ცისფერი შარვლებითა და ალუბლისფერი ხავერდის ქულაჯებით მორთულნი მღეროდნენ ამ გუნდში. სწორედ „ქართულ ხოროში“ დაწყებული ხალხური მუსიკის მგზნებარე სიყვარული იქცა ზაქარია ფალიაშვილისთვის მთელი შემოქმედებითი ცხოვრების უმთავრეს ვნებად, ამ სიყვარულმა განმსჭვალა მისი მუსიკა და აქცია ის უნიკალურ, ავთენტურ, თვითმყოფად მოვლენად არამხოლოდ ქართულ, არამედ მსოფლიო მუსიკალურ სამყაროში.
1891 წელს ზაქარია ფალიაშვილი თბილისის სამუსიკო სასწავლებლის ვალტორნის კლასის მოსწავლეა (პედაგოგი ვ. პარიზეკი). პარალელურად, მეცადინეობს საგუნდო გალობისა და საორკესტრო კლასებში. სასწავლებელში ზაქარიამ მრავალეთნიკური გუნდი ჩამოაყალიბა, რომელთაც ხალხურ სიმღერებს ასწავლიდა. ამ გუნდის გამოსვლებში ხშირად მისი ოჯახის წევრებიც მონაწილეობდნენ. მაგალითად, მისი დები: თეკლე, ანა და ნინო. სასწავლებელში გაიცნო ზაქარიამ ვანო სარაჯიშვილი, რომელიც ჩელოს დაკვრას სწავლობდა. მათ მეგობრობას საფუძველი სწორედ აქ გატარებულმა ერთმა წელიწადმა ჩაუყარა. ვანო სარაჯიშვილი მისი მუდმივი ინსპირაციაც იყო. ცნობილია, რომ ოპერაში „დაისი“ მალხაზის სახის შექმნაში უდიდესი წვლილი ვანო სარაჯიშვილს მიუძღვის. 1924 წლის ნოემბერში, როდესაც ვანო სარაჯიშვილი გარდაიცვალა, „აბესალომ და ეთერი“ მაინც ითამაშეს, რეჟისორ კოტე მარჯანიშვილის გადაწყვეტილებით, ვანო სარაჯიშვილი არავის შეუცვლია – მის ნაცვლად, მთელი ოპერის მანძილზე, ნახევრად ჩაბნელებულ სცენაზე სინათლის სხივი დასრიალებდა…
სასწავლებლის პერიოდში იწყებს ზაქარია მუსიკალური ნაწარმოებების შექმნას – საფორტეპიანო სონატა, ოთხხმიანი მესა, რამდენიმე საგუნდო და სოლო ნაწარმოები… მუზეუმში დაცულია მემორიალური საკრავები – ვალტორნა, ფისჰარმონია, რომლებზეც სტუდენტობისას უკრავდა ფალიაშვილი.
თბილისის სამუსიკო სასწავლებლის წარჩინებით დასრულების შემდეგ, 1900 წელს, ზაქარია მოსკოვის კონსერვატორიის სტუდენტი ხდება.
მოსკოვში სწავლის პერიოდში ზაქარიამ იქაური ვაჭრის, მიხეილ უტკინის სახლში იქირავა ოთახი. რამდენიმე ხნის შემდეგ, მას და სახლის მეპატრონის ერთ-ერთ ქალიშვილს – იულიას შორის სასიყვარულო ურთიერთობა გაჩაღდა და წყვილმა მალე იქორწინა. შეეძინათ ვაჟი – ირაკლი. ის განსაკუთრებულად ნიჭიერი ბავშვი იყო. კარგად ითვისებდა უცხო ენებს და მუსიკალური ნიჭითაც გამოირჩეოდა. ცნობილია, რომ კომპოზიტორი “აბესალომ და ეთერი“-ზე” მუშაობისას ირაკლის ასმენინებდა ნაწყვეტებს და მისგან შენიშვნებსაც იღებდა. მუზეუმში ირაკლის არაერთ ფოტოს შეხვდებით. ყველა მათგანიდან საოცრად ჭკვიანი, შთაგონებული, ასაკთან შედარებით დაბრძენებული ბავშვი იმზირება. ამ მზერაში საბედისწერო ტკივილის მოხელთებაც შეიძლება. ირაკლი იქცა კიდეც მამის ბედისწერად – ის 1915 წელს, 11 წლის ასაკში გარდაიცვალა. ეს მაშინ, როცა კომპოზიტორი „აბესალომ და ეთერი“-ზე თავდავიწყებით მუშაობდა და მისი მთავარი შთაგონებაც ირაკლი იყო… ტრავმის გამო, ზაქარიამ არათუ მუშაობა შეწყვიტა, არამედ „აბესალომ და ეთერის“ კლავირის განადგურებაც სცადა, მაგრამ ამ დროს მასთან სტუმრად მისულმა ივანე ჯავახიშვილმა იხსნა ხელნაწერი განადგურებისგან… ხოლო როცა მრავალწლიანი ტკივილების დათმენის შემდეგ, ფალიაშვილმა ოპერა დაასრულა, ნოტების თავფურცელზე წააწერა: “ძეგლად დედისერთა ყრმის ირაკლის უმანკო სულისა, მამამისის ზაქარია პეტრეს–ძე ფალიაშვილისაგან”…
მანამდე კი იყო საინტერესო მოგზაურობა და ინტენსიური მუშაობა, საქართველოს რეგიონებში ფოლკლორული ნიმუშების ჩასაწერად. მუზეუმის ექსპონატებს შორისაა თომას ედისონის მიერ შექმნილი ხმის ჩამწერი მოწყობილობა – ფონოგრაფი. თავდაპირველად, ფალიაშვილს ამ მოწყობილობის შეძენის სახსარი არ გააჩნდა. მან დახმარებისთვის „წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას“ მიმართა და მათაც შეუსრულეს სათხოვარი. ფალიაშვილმა სწორედ ამ აპარატის წყალობით ჩაიწერა უნიკალური მასალა.
1905 წლიდან ზაქარია ჩართულია „ქართული ფილარმონიული საზოგადოების“ მოღვაწეობაში. მუზეუმში დაცულია სადირიჟორო ჯოხი, რომლითაც ფალიაშვილმა, 1906 წლის 18 აპრილს, „ფილარმონიული საზოგადოების“ მიერ ქართულ ენაზე დადგმულ „ფაუსტს“ უდირიჟორა.
ამავე საზოგადოების დახმარებით გამოიცა ზაქარია ფალიაშვილის მიერ შედგენილი საგალობლების კრებული, 1909 წელს. თუ რა მიზნით მოკიდა ხელი ფალიაშვილმა საგალობლებს, ამის შესახებ თავად საუბრობს 1909 წლის ჟურნალ „ფასკუნჯის“ ფურცლებზე:
„უპირველესი და მეტად რთული გამოცანა ის არის, თუ რა გზით და როგორ უნდა მოვახერხოთ, რომ ქართველ საზოგადოების უმეტესობას, რომელსაც დღეს მივიწყებული აქვს თავისი საკუთარი მამა-პაპისგან შექმნილი და ჩვენთვის ნაანდერძევი გალობა-სიმღერების სიმშვენიერე და გამსჭვალული აქვს სმენა საზოგადო ევროპიულ მუსიკით, ინტერესი აღუძრათ და შევაყვაროთ ისა, რასაც უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს მისთვის – ეროვნულ კულტურული განვითარების საქმე“. (ჟურნალი „ფასკუნჯი“ 1909 წ. N1)
1910 წლიდან, ფალიაშვილმა დაიწყო „აბესალომ და ეთერი“-ს წერა, ზაფხულობით ოჯახთან ერთად რიაზანელ ქვისლს კუვშინოვების მამულში სტუმრობდა, სადაც ცოლის ნათესავები ყველა პირობას უქმნიდნენ სამუშაოდ.
ირაკლის გარდაცვალების შემდეგ იყო პაუზა და სიჩუმე…
„აბესალომ და ეთერის“ პრემიერა მხოლოდ 1919 წლის 21 თებერვალს. დადგმის რეჟისორი ალექსანდრე წუწუნავა გახლდათ, ლიბრეტოს ავტორი – პეტრე მირიანაშვილი (ლიბრეტო შექმნილია ქართული ეპოსის „ეთერიანის“ მიხედვით), მხატვარი – ალექსანდრე ზალცმანი.
ეს იყო უდიდესი მნიშვნელობის კულტურული მოვლენა დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიაში, რომელიც ეროვნულ დღესასწაულში გადაიზარდა. პრემიერის შემდეგ ფალიაშვილი გვირგვინებით შეამკეს. მომდევნო 4 წელიწადში ამ სპექტაკლის 100 წარმოდგენა გაიმართა. ოპერა თავიდანვე აღიარეს, როგორც ქართული საოპერო მუსიკის ფუძემდებლური ნაშრომი.
ტრადიციულად, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ თეატრში სეზონი იხსნება ოპერა “აბესალომ და ეთერით” და იხურება ოპერით “დაისი”. ოპერა „აბესალომ და ეთერი“ ცამეტჯერ დაიდგა. უკანასკნელი დადგმით გაიხსნა განახლებული თეატრის შენობა (პრემიერა – 2016 წლის 30 იანვარი).
ზაქარია ფალიაშვილის მეორე დიდი გამარჯვება ოპერა „დაისი“ იყო. ოღონდ, ეს უკვე გასაბჭოებულ საქართველოში… „დაისის“ წერა ფალიაშვილმა 1923 წლის 3 აგვისტოს, აბასთუმანში დაასრულა, იმავე წლის 19 დეკემბერს კი ოპერის თეატრში დაიდგა. ამ დადგმით ახალი ბრწყინვალე ფურცელი ჩაიწერა ქართული ოპერის ისტორიაში. მისი მომხიბლავი მუსიკა ელვის სისწრაფით მოედო ხალხს. სპექტაკლის რეჟისორი იყო კოტე მარჯანიშვილი, მხატვრულად გააფორმა მხატვარმა ვალერიან სიდამონ–ერისთავმა, ქორეოგრაფიული ნომრები ილიკო სუხიშვილმა დადგა. პრემიერამდე ერთი კვირით ადრე ყველა ბილეთი გაყიდული იყო. სპექტაკლს პრემიერაზე ივანე ფალიაშვილი დირიჟორობდა. ზაქარია ფალიაშვილმა ოპერა „დაისი“ თავის შთაგონების წყაროს, მომღერალ ნადეჟდა ბუზოღლის მიუძღვნა. ოპერის პარტიტურაზე მინაწერში ვკითხულობთ: „ვუძღვნი ნადეჯდა ივანეს ასულს ბუზოღლისას“. იგი ოპერიდან მოყვანილი ციტატებით უხსნიდა სიყვარულს: „მსურს ასე ვიყო სულგანაბული, შენს ლამაზ თვალებს მიჩერებული“. მასვე მიუძღვნა კომპოზიტორმა ოპერა „ლატავრა“ და რომანსები – „რისთვის მიყვარხარ“, „ნანა“ და სხვა ნაწარმოებები.
სახლ-მუზეუმის სასადილო ოთახში ფალიაშვილისეული ეპოქაა გაცოცხლებული: ოჯახის ფოტოები, მემორიალური მუსიკალური ინსტრუმენტები და საყოფაცხოვრებო ნივთები, მაგიდა და „ვენური სკამები“, ასევე ოჯახის კუთვნილი სამოვარი… აქ ხშირად იკრიბებოდნენ ოჯახის წევრები და მეგობრები, საუბრობდნენ ხელოვნებაზე; ფალიაშვილების ოჯახში ასეთი ტრადიცია იყო: სანამ სუფრას მიუსხდებოდნენ, ასრულებდნენ საქართველოს იმდროინდელ “არაოფიციალურ” ჰიმნს “სამშობლო”. 1906-1907 წლებში ზაქარია ფალიაშვილმა ანდრია ყარაშვილის საფორტეპიანო პიესას მიუსადაგა იოსებ დავითაშვილის პატრიოტული ლექსი „სამშობლო“. ასე დაიბადა შემდგომში საყოველთაოდ ცნობილი რომანსი „საზანდარი“ და ფალიაშვილების სახლშიც მისი ყოველდღიურად შესრულების ტრადიცია.
ამ ოთახში თავს იყრიდა იმდროინდელი ქართული ელიტა. მათ შორის იყო ივანე ჯავახიშვილი – დიდი მეცნიერი და უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი. საექსპოზიციო ოთახის დიდ ტილოზე გამოსახული ჯავახიშვილის და ფალიაშვილის პორტრეტი ამ მეგობრობის ანაბეჭდია. ხშირად სტუმრობდნენ აგრეთვე ზაქარია ფალიაშვილის მეუღლის და – ვალენტინა უტკინა და მისი მეუღლე, მხატვარი-ფოტოგრაფი ვიქტორ კუვშინოვი. ძირითადად, სწორედ ამ უკანასკნელის ფოტოების წყალობით შემორჩა შთამომავლობას ფალიაშვილების ოჯახის საინტერესო ფოტოები.
მემორიალურ კაბინეტშიც თითქმის ყველაფერი ავთენტურადაა შემონახული – აქ ყურადღებას მწვანე ფერი იპყრობს. ამბობენ, რომ კომპოზიტორს განსაკუთრებულად უყვარდა ამ ფერის გარემოცვაში მუშაობა. გამოფენილია ზაქარია ფალიაშვილის კუთვნილი ფრაკი და მისი პირადი ნივთები, ასევე მათი ოჯახის კუთვნილი ბიბლიოთეკა.
ოთახს ამშვენებს შრედერის ფირმის როიალი, რომელზეც იწერებოდა მისი ოპერები. ეს ინსტრუმენტი ზაქარიამ შეიძინა 1903 წელს, თბილისში გოლოვინის პროსპექტზე მდებარე ერთადერთ მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზიაში. თანხის გადახდაში დაეხმარნენ იმდროინდელი მეცენატები – ძმები ზუბალაშვილები.
ზაქარია ფალიაშვილისთვის განსაკუთრებულად ძვირფასი იყო ერთი ნივთი – მისი დედის – მარიამ მესარქიშვილის კუთვნილი სარკე. კომპოზიტორს დედისგან ადრეულ ბავშვობაში ნამღერი იავნანისა და სხვა საწესჩვეულებო სიმღერების გარდა, მომავლისა და საკუთარი თავის რწმენაც გამოჰყვა. დედის კუთვნილი ნივთი კი მისთვის საკრალურად იქცა…
ზაქარია ფალიაშვილი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვლა 1933 წლის 6 ოქტომბერს. იგი დაკრძალულია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბაღში, 1971 წელს აქ დაიდგა კომპოზიტორის ძეგლი (ავტორი: მერაბ ბერძენიშვილი). თეატრი 1937 წლიდან ზაქარია ფალიაშვილის სახელს ატარებს.
ეროვნული და ევროპული მუსიკის იდეალური, სრულყოფილი შერწყმა – ეს ზაქარია ფალიაშვილის მუსიკალური ჰარმონიაა, მისი სამყაროა, რომელიც მის სახლ-მუზეუმში დაცულ ყველა ექსპონატში, მთლიან ატმოსფეროში მკაფიოდ იგრძნობა.
სახლი აგურის ქუჩაზე – ღია სარკმელის სიმბოლოა, საიდანაც მუდმივად იღვრება ღვთაებრივი ჰარმონია და ის მთელს სამყაროს სწვდება.
ავტორი: ნინია სადღობელაშვილი
ფოტო: ნატა აბაშიძე-რომანოვსკაია