ქ. თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ – მემორიალურ მუზეუმში ფუნქციონირება დაიწყო მუზეუმის ბიბლიოთეკამ, რომლიც მოიცავს XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან დღემდე გამოცემულ ისტორიულ, სამეცნიერო, მხატვრულ ლიტერატურასა და პერიოდული პრესის 4500-მდე ერთეულს. (ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, ივანე ჯავახიშვილი, ანტონ ფურცელაძე, ექვთიმე თაყაიშვილი, იონა მეუნარგია, აკაკი ბაქრაძე, იოსებ გრიშაშვილი, აკაკი შანიძე, ნიკო ნიკოლაძე, რაფიელ ერისთავი, არჩილ ჯორჯაძე, ოლივერ უორდროპი, ჟან შარდენი, არტურ ლაისტი და სხვა. პერიოდული პრესა – „საქართველოს მოამბე“, „ივერია“, „ცნობის ფურცელი“, „კვალი“, „დროება“‘ და სხვა.)
ბიბლიოთეკაში წარმოდგენილია მუზეუმის წიგნადი ფონდიც, რომელიც სიმრავლესთან ერთად გამოირჩევა თემატური მრავალფეროვნებით. წიგნადი ფონდის უმეტესი ნაწილი რარიტეტულია. მათ შორისაა, ილიას სიცოცხლეშივე გამოცმეული და მაქსიმე შარაძის სტამბაში დაბეჭდილი წიგნები. მაგ.: ილიას „ქვათა ღაღადი“, 1899 წ.; ლუკა ისარლიშვილის „კათოლიკენი საქართველოში“, 1898 წ.; ქართველი მესტამბისა და გამომცემლის ექვთიმე ხელაძის სტამბაში დაბეჭდილი ჟურნალები და წიგნები; გიორგი ქართველიშვილისეული „ვეფხისტყაოსანი“ (1888 წ.); 1914 წელს გამოცემული, ილია ჭავჭავაძის თხზულებათა პირველი აკადემიური გამოცემა ჰენრიკ ჰრინევსკის ილუსტრაციებით და სხვა.
კულტურულ-საგანმანათლებლო დატვირთვა ელისაბედ ჭავჭავაძე – საგინაშვილის სახლს, ილიას ამ სახლში გადმოსვლისთანავე (1889-1901 წწ.) მიეცა. ამ სივრცეს უკავშირდება ილიას საზოგადოებრივ – პოლიტიკური და შემოქმედებითი ცხოვრების აქტიური წლები. აქვე იყო განთავსებული გაზეთ „ივერიის“ რედაქცია. 1891 წლიდან სახლის სარდაფში მოეწყო „მაქსიმე შარაძისა და ამხანაგობის სტამბა“, სადაც იბეჭდებოდა გაზეთი „ივერია“ და სხვა პერიოდული გამოცემები, გამოდიოდა ვალერიან გუნიას რედაქტორობით გამომავალი „ცნობის ფურცელი“ და „საქართველოს კალენდარი“, წმინდანთა ცხოვრებანი, იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელოები: დედა ენა, ბუნების კარი. მაქსიმე შარაძის სტამბაში დაიბეჭდა მოსე ჯანაშვილის მიერ შედგენილი და გამოცემული საეკლესიო მუზეუმის კატალოგი, ვახუშტი ბატონიშვილის „საქართველოს გეოგრაფია“, საქართველოში პირველად „ივერიის“ სტამბაში დაიბეჭდა ნოტებზე გადაღებული ქართული საგალობლები და მრავალი სხვა სასულიერო თუ საერო ნაშრომი, რომელიც საქართველოს კულტურისა და ისტორიის ქვაკუთხედს ქმნის.
მნიშვნელოვანია, რომ სტამბასთან ერთად სახლში ფუნქციონირება დაიწყო „მაქსიმე შარაძისა და ამხანაგობის“ მიერ დაარსებულმა – „საღმრთო წიგნთ-საკითხავმა და სამგალობლო კაბინეტმა“, რომელმაც მანამდე მრავალჯერ შეიცვალა ადგილსამყოფელი და 1891 წლიდან ნიკოლოზის ქუჩის 21 ნომერში, სარდაფის სივრცეში – სტამბის გვერდით დაიდო ბინა. დღეს სწორედ ამ ისტორიულ ადგილზეა განთავსებული მუზეუმის ბიბლიოთეკა.
ბიბლიოთეკა მუშაობს ყოველდღე შაბათ – კვირის გარდა, 10:00 – 18:00 საათამდე.
დაინტერსებულ პირებს შეუძლიათ ისარგებლონ მუზეუმის სამკითხველო დარბაზით, ასვე, შეუძლიათ ისიამოვნონ განახლებული მემორიალური და საექსპოზციო დარბაზებით, მუზეუმის ეზოთი და მუზეუმის კაფით.
ბიბლიოთეკაში შემოსვლა თავისუფალია.
ბიბლიოთეკის სარგებლობის წესი:
მუზეუმის საბიბლიოთეკო და საფონდო მასალებით სარგებლობა ხდება მხოლოდ ადგილზე;
მასალების გატანა დაუშვებელია;
ერთჯერზე შესაძლებელია მხოლოდ სამი ბიბლიოგრაფიული ან საფონდო მასალებით სარგებლობა;
მასალებით სარგებლობა ხდება წიგნადი ფონდის მცველის უშუალო მეთვალყურეობითა და ზედამხედველობით;
მასალების ფოტოგადაღება ან ასლის გადაღება დაუშვებელია;
მასალებზე მუშაობისას აუცილებელია სპეციალური ბარათების შევსება რეგისტრაციისა და აღრიცხვისთვის.