დ. უზნაძის #2-ში მდებარე სახლის აივანი მტკვარს გადაჰყურებს. აივანზე ვრცელი პანოა, რომელიც იუწყება, რომ ამ სახლში კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური სახლ-მუზეუმია. ხშირად, დამთვალიერებლების ინტერესი ამ ხედიდან იწყება. მუზეუმში შესული სტუმარი კი, სრულიად განსაკუთრებულ სივრცეში მოხვდება – სახლში, რომელიც ტრაგიკული ეპოქის მეხსიერებას მკაფიო ანაბეჭდებით ინახავს.
ამ სახლში, წერეთლების ოჯახი 1959 წლიდან ცხოვრობდა. დღეს, განახლებული სახლ-მუზეუმი თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების შემადგენლობაშია.
მუზეუმში დაცულია მხატვარ სოსო წერეთლისა და ცნობილი ქართველი აღმოსავლეთმცოდნის, საქართველოში ებრაისტიკა-არამეისტიკის ფუძემდებლის, კონსტანტინე წერეთლის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები: მემორიალური ნივთები, პირადი არქივი, ხელნაწერები, ფოტომასალა, სხვადასხვა დოკუმენტები, სოსო წერეთლის შემოქმედებითი მემკვიდრეობა (ფერწერა, გრაფიკა, ჩანაწერები), კოტე წერეთლის ბიბლიოთეკა, როგორც მისი ნაშრომები, ასევე აღმოსავლეთმცოდნეობის დარგის იშვიათი გამოცემები. მუზეუმში არსებული ექსპონატები მხოლოდ ოჯახის კუთვნილი ნივთებია.
2017-2018 წლებში მუზეუმში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა. განახლებული მუზეუმი 2019 წლის 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გაიხსნა.
განახლებული ექსპოზიციის კონცეფცია ისტორიულ-კულტუროლოგიური რეტროსპექტივაა – მუზეუმი აღადგენს ოთხმოციანი წლების წინააღმდეგობებითა და ტრაგიზმით სავსე ეპოქას, რომელიც წინ უძღვოდა საბჭოთა იმპერიის ნგრევას საქართველოში.
სამუზეუმო სივრცე ორადაა გაყოფილი – სახლ-მუზეუმის ერთი ნაწილი კოტე წერეთლის სამეცნიერო-საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეთმობა, ხოლო მეორე – მისი ვაჟის, მხატვარ სოსო წერეთლის შემოქმედებას. სოსო წერეთელი იყო ასევე მონაწილე 80-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ამბის – „თვითმფრინავის საქმისა“. მუზეუმი, ცხადია, ამ ამბავსაც ირეკლავს.
„თვითმფრინავის საქმე“, რომელსაც „საქმე #8309“-საც უწოდებენ, დღემდე აქტიური პოლემიკის, პოლიტიკურ-კულტუროლოგიურ-მორალური დისკურსის საგანია. ამ ტრაგიკულ ისტორიას, ბოლო წლებში, არაერთი მხატვრული ტექსტი თუ ფილმი მიეძღვნა. დღემდე დილემად რჩება ბევრი კითხვა და აქცენტი – რა იყო ეს: ტერორისტული აქტი თუ თავისუფლების წყურვილით გახელება? ახალგაზრდული პროტესტი თუ საბჭოთა სპეცსამსახურების პროვოკაცია?!.
საზოგადოების, მათ შორის სახელოვნებო წრეების ამ მუდმივად დაძაბულ რეფლექსიაში კი, განახლებული სახლ-მუზეუმის კონცეპტმა ახალი კონტექსტით ამოაშუქა. კოტე და სოსო წერეთლები – როგორც ორი თაობის, ორი ეპოქის მეტაფორა – თავიანთი ცხოვრებისეული და შემოქმედებითი შინაარსით, ქმნიან ისტორიული დროის და ამ კონკრეტული ეპიზოდის („თვითმფრინავის საქმე“) ცოცხალ მუზეუმს, რომელიც მთლიანი საზოგადოებრივი ნარატივის განუყოფელი ნაწილია.
„თვითმფრინავის საქმე“ – თბილისის აეროპორტიდან თვითმფრინავის გატაცების ეპიზოდი 1983 წლის 18 ნოემბრით თარიღდება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული დღე საბჭოთა იმპერიის უკანასკნელ პერიოდში; დღე, რომელსაც დამოუკიდებლობის წლებში ხშირად გაიხსენებენ და ათას ტყუილ-მართალს მიაწერენ…
ამ დღეს კი წინ უძღვოდა ეპოქის პანო, რომელიც კოტე და სოსო წერეთლების მემორიალურ სახლ-მუზეუმში შთამბეჭდავადაა აღდგენილი: მუზეუმის „ეპოქალური ოთახი“ განსაკუთრებულად მომნუსხველი და იდეურად დატვირთულია. შავ-წითელ ფერებში გადაწყვეტილი ისტორიული რაკურსი ანტიკური სიღრმით წარმოაჩენს ნებისმიერი დროის, ეპოქის თავსატეხ თემებს თავისუფლება, ომი, ადამიანი…
შუშის კედელზე აღბეჭდილი თარიღები იმპერიის სისასტიკის, აბსურდის, ნგრევის და მსხვერპლის ამბებს გვიყვება.
იოსებ ბროდსკი საბჭოთა იმპერიაზე მოსწრებულად წერდა: „ყველა ჯალათი მასში პოტენციური მსხვერპლია და ყველა მსხვერპლში არსებობს მორალური მზაობა იმისა, რომ იყოს ჯალათი“. „თვითმფრინავის საქმე“ ამ ტრაგიკული აბსურდის ნიმუშადაც შეიძლება მივიჩნიოთ – დამნაშავეების და მსხვერპლის ამბივალენტური აქტორობით… სახლ-მუზეუმის კონტექსტი კი, „თვითმფრინავის საქმის“ ნარატივში მკაფიოდ წარმოაჩენს უმთავრეს გარემოებას – ეს საქმე საბჭოთა სპეცსამსახურების მიერ კარგად დაგეგმილი და განხორციელებული პროვოკაცია იყო.
გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან იწყება ახალი, რთული და დესტრუქციული პერიოდი საბჭოთა იმპერიაში. 1979 წელს, საბჭოთა შეიარაღებული ძალების ავღანეთში შეჭრამ დასავლეთის სახელმწიფოების, უპირველეს ყოვლისა, ამერიკის შეერთებული შტატების დიდი უკმაყოფილება (მაგალითისთვის – 1980 წლის ოლიმპიადის ბოიკოტირება) და სსრ კავშირში ურთულესი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების პროვოცირება გამოიწვია. ეს ფაქტი თბილისში, ახალგაზრდების ჯგუფმაც გააპროტესტა (გრიბოედოვის ძეგლთან გამოვიდნენ პლაკატებით და ტრანსფარანტებით). მათ შორის იყო თეიმურაზ ჩიხლაძე – ერთ-ერთი წევრი „თვითმფრინავის საქმისა“, რომელიც იმთავითვე ანტისაბჭოთა განწყობებით გამოირჩეოდა.
ამ ყველაფერს თან ერთვოდა საბჭოთა იმპერიის მძაფრი ეკონომიკური კრიზისი, კორუფცია, „სამეფო კარის“ მუდმივი ინტრიგები და ძალაუფლებისთვის უმოწყალო ბრძოლა. საბჭოთა სხეულზე გაჩენილი ბზარები ნელ-ნელა ღრმავდებოდა, საზოგადოება ამას გრძნობდა და ახალი დიდი ცვლილებისთვის ემზადებოდა; გაჩნდა სულიერების მოთხოვნილება; მონსტრის სხეულზე გაჩენილი ნაპრალები, სამყაროს კანონით, სიცოცხლისა და რწმენის ახალ სადინარებად იქცა…
. . .
„ჩვენ არ ვცხოვრობთ ერთი სიცოცხლით, არა, გვჯეროდეს! შესაძლოა, ვიცხოვროთ 100-1000000 და მეტჯერ, ალბათ უსასრულოდ, ერთი ცხოვრება არის მეორის წინამორბედი. იგი, ალბათ განსაზღვრავს მას. რაც მეტ სიკეთეს მოიტან შენ, მით გაიბედნიერებ თავს მომავალში“ ეს მხატვარ სოსო წერეთლის სიტყვებია. მან 25 წლისამ დაასრულა სიცოცხლე – ყველაზე დიდი და ავანტურული ოცნებისკენ გაქცევისას.
. . .
საბჭოთა იმპერიიდან გაღწევის იდეა ორი წლის განმავლობაში მწიფდებოდა სოსო წერეთელსა და მის ახლობელ, რამდენიმე ქართველ ახალგაზრდას შორის. ზოგიერთი მათგანი ერთმანეთს დიდი ხნით ადრე იცნობდა და მეგობრობდა, ზოგი კი ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე შეუერთდა. თავდაპირველად დასახელდა საზღვარგარეთ გასვლის ლეგალური გზები, თუმცა შექმნილ ვითარებაში მათი განხორციელება წარმოუდგენელი იყო. თვითმფრინავის გატაცების იდეა მოგვიანებით გაჩნდა. 1983 წლის აპრილიდან კი ამ იდეას თანდათან ფრთები შეესხა…
ამ ახალგაზრდების უმეტესობა მხატვარი და ხელოვანი იყო (სოსო წერეთელი, დავით მიქაბერიძე, გია ტაბიძე, გეგა კობახიძე, თინა ფეტვიაშვილი), თანამოაზრეები იყვნენ ასევე ძმები – კახა და პაატა ივერიელები (ლეკიშვილები) – ექიმები და მღვდელი თენგიზ ჩიხლაძე.
ისინი სხვადასხვა დროს, ანტისაბჭოთა განწყობებში იყვნენ შემჩნეულნი, უსმენდნენ „ამერიკის ხმას“, „ბი-ბი-სის“, ჯაზს და როკს, კითხულობდნენ ბიბლიას და საუბრობდნენ სულზე, ადამიანის სულზე და ოცნებაზე – იყვნენ უფრო მეტად თავისუფლები…
. . .
ჯერ კიდევ 6 წლის იყო, როცა მისმა ნახატებმა რესპუბლიკურ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა და პირველი ხარისხის მედლითაც დაჯილდოვდა. სკოლის დამთავრების შემდეგ, სოსო წერეთელმა სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა და ფერწერის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“, მხატვრად. საუკეთესოდ ფლობდა რამდენიმე ენას (გერმანული, ფრანგული, ინგლისური და მოგვიანებით ასირიულიც).
თავისუფლების წყურვილი, საბჭოთა სისტემის კრიტიკა და მის მიმართ პროტესტი სოსო წერეთლის მთავარი მრწამსია, ეს აძლევს მას ინსპირაციას როგორც მხატრობაში, ასევე ცხოვრებაში _ მუდმივი ძიების და აქტიური ძალისხმევის პროცესში იკვლევს თავისუფლების იდეას, ცდილობს მის გამოხატვას, ეცნობა მსოფლიო რელიგიებს, ჭვრეტს ქრისტიანობის არსს და იწყებს ეკლესიურ ცხოვრებას (ის საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ერთ-ერთი პირველი სტიქაროსანია)… მისი კუბისტური აბსტრაქციები, ფერის და ფორმის სიახლე, თვითმყოფადობა მისი ადამიანური და სამოქალაქო პოზიციის მეტაფორებია.
ამ კრიტიკული და საპროტესტო განწყობების გამო რიცხავენ სამხატვრო აკადემიიდან. სწორედ ამ ფაქტს უძღვნის ერთ-ერთ ცნობილ ავტოპორტრეტს “რა დავაშავე?!”
. . .
თბილისის აეროპორტში 1983 წლის 18 ნოემბერს დატრიალებული ტრაგიკული მოვლენები, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა, კრემლში მიმდინარე მწვავე პოლიტიკური პროცესების გამოძახილი იყო… 1981 წელს, საქართველოს გასაბჭოებიდან 60 წლისთავის აღსანიშნავ იუბილეზე, შევარდნაძემ საქართველოში „გენსეკი“ (სსრკ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი) ლ. ბრეჟნევი ჩამოაბრძანა და საჩვენებელი სტუმარ-მასპინძლობა მოაწყო, იმის დასადასტურებლად, თუ რა გავლენას ფლობდა შევარდნაძე იმპერიის უმაღლეს ინსტანციებში. განგების ირონიაა, რომ სწორედ ამ ვიზიტისთვის საგანგებოდ ასაშენებელი სასტუმროსა და რესტორნის პროექტი შევარდნაძემ „თვითმფრინავის ბიჭებიდან“ ერთ-ერთის – დავით მიქაბერიძის მამას – „ინტურისტსპეცმშენის“ მმართველს, რაჟდენ მიქაბერიძეს დაუკვეთა. ამბობენ, დაკვეთა პროვოკაციული იყოო – მიქაბერიძეს ძალიან სწრაფად უნდა აეშენებინა იმ დროისათვის უმაღლესი არქიტექტურული სტანდარტების სასტუმრო-რესტორანი ფუნიკულიორზე. მიქაბერიძეს ეს გამოწვევა ღირსეულად, ოღონდ ერთადერთი პირობით მიუღია: მიეცათ დამოუკიდებლად, ყოველგვარი პარტიულ-სამეურნეო ნომენკლატურის გვერდის ავლით მუშაობის შესაძლებლობა. პირობა შეუსრულეს, თუმცა მისი გვარი სამუდამოდ დაიმახსოვრეს. ფუნიკულიორზე შენობა მართლაც დათქმულ პერიოდში აიგო.
ბრეჟნევის გარდაცვალების და მის ადგილას ი. ანდროპოვის დანიშვნის შემდეგ, ე. შევარდნაძემ იგივე ურთიერთობის დამყარება ახალ ხელისუფალთანაც სცადა, თუმცა ის ანდროპოვის „გარემოცვის წევრად“ არასდროს განიხილებოდა. ამ კავშირის შესაქმნელად მან ახალი იუბილეც „ჩაიფიქრა“ – გეორგიევსკის ტრაქტატიდან 200 წლისთავის არნახული პომპეზურობით აღნიშვნა. ამ თარიღს უკავშირდება თბილისის ცენტრში, ყოფილი რესპუბლიკის (ახლა პირველი რესპუბლიკის) მოედანზე, სასტუმრო „ივერიის“ წინ ანდროპოვის საპატივცემულოდ ტალღისებური ფორმის ორიგინალური ნაგებობის შექმნა (ავტორი: კალანდარიშვილი), სამთავრობო ტრიბუნით და ლენინის დიდი ბიუსტით, რომელსაც თბილისელებმა ხუმრობით „ანდროპოვის ყურები“ შეარქვეს და ეს სახელი მას 2005 წლამდე, ნაგებობის დემონტაჟამდე შემორჩა. ანდროპოვი ამ ღონისძიებას არ დასწრებია.
. . .
1983 წლის 18 ნოემბერი. თბილისის აეროპორტი. ავიაკომპანია აეროფლოტი. თვითმფრინავი ტუ-134A. რეისი თბილისი-ბათუმი-კიევი-ლენინგრადი. მოსკოვის დროით 15:43. თვითმფრინავში იმყოფება 57 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი. მგზავრებს შორისაა 7 ქართველი ახალგაზრდა, რომლებმაც წინა დღით ერთ-ერთი მეგობარი დააქორწინეს. ახალდაქორწინებული წყვილი – მსახიობი გეგა კობახიძე და თინა ფეტვიაშვილი – მათთან ერთად არიან.
წინა დღის ნაქორწილარი „მაყრიონი“ თვითმფრინავის სალონში მშვიდად მოთავსდება. სოსო წერეთელი ფურცლებს და ფანქრებს იღებს და გვერდით მჯდომი თანამგზავრის პორტრეტის ხატვას იწყებს. ეს მისი უკანასკნელი ჩანახატებია…
. . .
„გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა სპეცსამსახურების საქმიანობის ერთ-ერთ მიმართულებად კვლავ რჩებოდა ანტისაბჭოთა ემიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა. მართალია, ამ პროცესს განსაკუთრებული აქტუალობა, 20-50-იან წლების მსგავსად, აღარ ჰქონდა, მაგრამ ქართული ანტისაბჭოთა ემიგრაცია და მისი შესაძლო კავშირები უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან საბჭოთა დაზვერვის მუდმივი დაკვირვების საგანი იყო. „თვითმფრინავის საქმეში“ მონაწილეთაგან რამდენიმეს, საზღვარგარეთ მყოფ ნათესავებთან ურთიერთობა იმ ავბედით წელსაც ჰქონდა. მაგალითად, გრიგოლ (გია) ტაბიძის ოჯახს, რომელიც სწორედ ამის გამო საქართველოს სსრ სუკ-ის ყურადღების არეალში წლების მანძილზე იმყოფებოდა. გიას დედას – მერი ტაბიძეს, საზღვარგარეთ ჰყავდა ბიძა, მამის ძმა – გურჯისტანი (გუგუშვილი) ევსეი დიმიტრის ძე. ის, პირველი მსოფლიო ომის პერიოდში, 1914 თუ 1916 წელს წავიდა ირანში და საცხოვრებლად დასახლდა თეირანში. მოგვიანებით მისი ოჯახის წევრები აშშ-სა და საფრანგეთში გადავიდნენ საცხოვრებლად. 1977 წელს დიმიტრი გურჯისტანმა აშშ-ში მიწვევის ვიზა გამოუგზავნა გრ. ტაბიძის დას – ნინოს, რომელსაც იგი არ გამოუყენებია. საბჭოთა საქართველოს სპეცსამსახურს არ გამოეპარებოდა სატელეფონო ზარი, რომელიც 1983 წლის სექტემბერში მერი ტაბიძემ თავისი რძლის, მანანა მესხის, საცხოვრებელი ბინიდან განახორციელა პარიზში ბიძაშვილთან, ნიკოლოზთან, რათა ბიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაეგო…
თვითმფრინავის გატაცების მცდელობას წინ უძღოდა ერთი საინტერესო მოვლენა: 1983 წლის აპრილში თბილისის სამხატვრო გალერეაში მოეწყო ნახატების გამოფენა. მათ შორის იყო სოსო წერეთლისა და დავით მიქაბერიძის ნამუშევრებიც. ეს იყო სიცოცხლეში მათი პირველი და უკანასკნელი გამოფენა. საგამოფენო დარბაზში მათ ორი დამთვალიერებელი, ამერიკელი ტურისტები გაიცნეს. ამ „შემთხვევითმა“ შეხვედრამ დ. მიქაბერიძისა და ი. წერეთლის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
. . .
აფრენიდან 30 წუთის შემდეგ, 7 ახალგაზრდა მეგობრიდან ერთ-ერთი, რომელსაც ხელში ხელყუმბარა უჭირავს, დგება და აცხადებს, რომ თვითმფრინავი კურსს შეიცვლის. წინააღმდეგობის შემთხვევაში გაიხსნება ცეცხლი. ახალგაზრდები აღჭურვილნი არიან იარაღით: „TT“ ტიპის 2 პისტოლეტი, „ნაგანისა“ და „რევსტერის“ ტიპის 2 რევოლვერი, 2 სასწავლო ტიპის ხელყუმბარა. კახა ივერიელი, გია ტაბიძე და სოსო წერეთელი თვითმფრინავის კაბინაში იჭრებიან. კახა ივერიელი პილოტ ახმათგერ გარდაფხაძისგან თვითმფრინავის თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ აშშ სამხედრო ბაზაზე დასმას ითხოვს. შტურმანი ვლადიმერ გასოიანი ცეცხლს ხსნის. ადგილზე კლავს გია ტაბიძეს, სასიკდილო ჭრილობებს მიაყენებს კახა ივერიელს და სოსო წერეთელს.
. . .
ძნელად მოიძებნება კაცობრიობის ისტორიაში უფრო სასტიკი, იდუმალი, თუმცა ამავდროულად საშინლად საინტერესო სამყარო, როგორც სპეცსამსახურებია. მით უფრო, საბჭოთა იმპერიაში, სადაც ეს ორგანო მედუზა გორგონას თავივით ედგა იმპერიის სხეულს და შხამიანი საცეცებით ყველაზე წარმოუდგენელ რეალობასაც სწვდებოდა. თუმცა, ეს ბუნებრივიცაა – ის ხომ საბჭოთა კომუნისტური პარტიის მებრძოლი ავანგარდი იყო. პროვოკაციულობა და ძალადობისკენ მიდრეკილება მისი ხარისხის ნიშანი გახლდათ.
ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში, თვითმფრინავის გატაცების იდეა ყოფილ პილოტს, მარკ დიმშიცს გაუჩნდა. ერთ-ერთ ვარიანტად სახელდებოდა ლენინგრად-მურმანსკის მარშრუტზე მოძრავი „ტუ-124“ თვითმფრინავის გატაცება. ამისათვის განზრახული იყო ყველა ბილეთის წინასწარ შესყიდვა (ეტეოდა 48-52 მგზავრი), შემდეგ კი შვეიცარიაში ანდა ფინეთში მისი იძულებით დასმა. ასეთი რაოდენობის ებრაელთა მგზავრობა მოტივირებული უნდა ყოფილიყო ქორწილში გამგზავრების სურვილით. სწორედ აქედან გაჩნდა ოპერატიული დამუშავების საქმის კოდური დასახელება – „ოპერაცია „ქორწილი“. ცხადია, თვითმფრინავის გატაცების ეს მცდელობაც ჩავარდა და „დამნაშავეები“ გასამართლდნენ, თუმცა სიკვდილით დასჯა, რონალდ რეიგანის და გოლდა მეიერის პროტექციის გათვალისწინებით, 15-წლიანი პატიმრობით შეუცვალეს. ამ ისტორიაში საინტერესო ისაცაა, რომ ამ ოპერატიული დამუშავების ზოგადი შედეგები შეტანილი იყო საბჭოთა სპეცსამსახურების სასწავლო-სამეცნიერო ბიულეტენებში და მას დამწყები „ჩეკისტები“ სასწავლო პროცესში ეცნობოდნენ.
ამდენად, „ოპერაცია „ქორწილი“ – როგორც პროვოკაციის ფორმა და მეთოდი, სპეცსამსახურებისთვის ქრესტომატიული მნიშვნელობის აქტი იყო და მისი „კოპირება“, სხვადასხვა მოტივით, სხვა საბჭოთა ქვეყნებშიც არ გამოირიცხებოდა.
1983 წლის „თვითმფრინავის საქმე“ საქართველოში, ქორწილის ინსცენირებით დაიწყო. ახალგაზრდებს თვითმფრინავის გატაცება დაგეგმილი ჰქონდათ 18 ნოემბრისათვის, როდესაც, გ. კობახიძისა და თ. ფეტვიაშვილის ქორწილის მეორე დღეს, ახლად შეუღლებულებთან ერთად, „მაყრიონი“ ბათუმში გაფრინდებოდა. თვითმფრინავის ბილეთები თბილისი-ბათუმის რეისზე, 7 ადამიანისთვის კახა ივერიელმა შეიძინა.
საგულისხმოა, რომ გეგა კობახიძე ეწინააღმდეგებოდა თვითმფრინავის გატაცების ბრუტალურ ვერსიას. ძალიან აბრკოლებდა ის აზრი, რომ ამ გზით საბჭოეთის დატოვების შემთხვევაში უკან ვეღარასდროს დაბრუნდებოდა. გია ტაბიძემ, რომელიც გეგა კობახიძემ ნოემბრის დღეებში გაიცნო, დაარწმუნა ის, რომ ქორწილის ფაქტორი ყველაზე ეფექტიანი და დამაჯერებელი იყო, ამიტომ მისი უარი იდეის ჩაშლას და ღალატს უდრიდა.
1983 წლის 17 ნოემბერს გ. კობახიძისა და თ. ფეტვიაშვილის ოჯახში ქორწილის სამზადისი დაიწყო. თინა ფეტვიაშვილის მეჯვარეები იყვნენ თეატრალური ინსტიტუტის მე-3 კურსის სტუდენტი ეკატერინე (ეკა) შალუტაშვილი და სახელოვანი ქართველი მხატვრის – ლადო გუდიაშვილის შვილიშვილი ანა მელივა. წყვილმა ჯვარი სიონში დაიწერა. საქორწილო სუფრა კი რესტორან „დურუჯში“ გაიშალა.
სოსო წერეთელმა გეგა კობახიძეს ინგლისურ და რუსულ ენებზე დაბეჭდილი, ლურჯყდიანი ბიბლია აჩუქა.
შეთანხმებულნი იყვნენ, რომ ქორწილში არ უნდა ყოფილიყვნენ ძმები ივერიელები და გია ტაბიძე. თუმცა, მოგვიანებით, გია ტაბიძე ქორწილში ცოტა ხნით მაინც მოვიდა, პატარძალს თაიგული აჩუქა, გეგა კობახიძე გვერდზე გაიხმო და კიდევ ერთხელ გადაამოწმა მომავალი ავანტიურისთვის მისი მზაობა.
ამ საბედისწერო ქორწილში გეგა კობახიძის უახლოესი მეგობრები თავდავიწყებით ილხენდნენ: ირაკლი ჩარკვიანი, დავით ევგენიძე, ირაკლი კოსტავა, გურამ კეკელია, კოკო გამსახურდია, ქეთევან ქობულია, დავით სულაქველიძე, რამაზ ჩანტლაძე, გოგა ჩხეტია, ლადო მაისაია, გოგი მუჩიაშვილი, გუგა კოტეტიშვილი, ლევან ჭიჭინაძე, ლევან აბაშიძე და ნინო სუხიშვილი. მათ არაფერი იცოდნენ გეგას და მისი თანამოაზრეების განზრახვაზე…
. . .
თვითმფრინავ ტუ-134-ში ორმხრივი სროლის შედეგად დაიღუპა ეკიპაჟის რამდენიმე წევრი და მგზავრი. 17-მა მგზავრმა მიიღო სხეულის მძიმე დაზიანება. თავდამსხმელთა ჯგუფის წევრმა დათო მიქაბერიძემ თვითმფრინავში თავი მოიკლა. პილოტმა თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დასვა. სადგომისაკენ მიმავალ თვითმფრინავს მოსკოვიდან საგანგებოდ ჩამოყვანილმა სპეცდანიშნულების რაზმმა ცეცხლი გაუხსნა. დაიჭრა 11 მგზავრი და გარდაიცვალა 1. თვითმფრინავის კორპუსზე დაფიქსირდა 108 ნატყვიარი. კახა და პაატა ივერიელები, გეგა კობახიძე და თინათინ ფეტვიაშვილი დააპატიმრეს. სოსო წერეთელი 1983 წლის 20 ნოემბერს, იზოლატორში სისხლისდენით გარდაიცვალა.
„თვითმფრინავის საქმეზე“ წინასწარი გამოძიება 1984 წლის 23 ივლისს დასრულდა; სასამართლო პროცესის საჯარო სხდომა კი 1984 წლის 1 აგვისტოს დაიწყო. პროცესი 2 კვირა გრძელდებოდა. სულ 9 სხდომა ჩატარდა. განსაკუთრებით აქტიურობდა ბრალდების მხარე. ეს იყო საბჭოეთის უკანასკნელ წლებში ყველაზე გახმაურებული სასამართლო პროცესი, რომელსაც კონკრეტული მიზანი ჰქონდა – მაქსიმალური სისასტიკით და შეუწყნარებლობით წარმოეჩინა ქართველი ახალგაზრდების დანაშაული, ექცია ისინი ტერორიზმის და დანაშაულის სიმბოლოდ, რათა ზნეობრივი ლეგიტიმაცია მისცემოდა მთავარი განაჩენის აღსრულებას – სიკვდილით დასჯას.
ეს მაშინ, როცა საქართველოს სსრ სსკ 19 მუხლის თანახმად, ბანდიტიზმში მონაწილეობა ისჯებოდა თავისუფლების აღკვეთით სამიდან თხუთმეტ წლამდე, ქონების კონფისკაციით და გადასახლებით. და არავითარ შემთხვევაში სიკვდილით დასჯით. ამ განაჩენზე არ იმოქმედა არც შეწყალების პერსპექტივამ, რადგან ხელისუფლება ითვალისწინებდა „ბრალდებულთა მიმართ საზოგადოების სულ უფრო მზარდ უარყოფით განწყობას.“
„თვითმფრინავის ბიჭები“ სამაგალითოდ დასაჯეს. ცაში აჭრის და საზღვრების გადალახვის ეს უცნაური, უმწიფარი პერფორმანსი ჟანრის კანონით – ფრთების სამუდამოდ მოკვეცით დასრულდა…
. . .
ვინ იყვნენ „თვითმფრინავის ბიჭები“ თავისუფლებისთვის მებრძოლი რაინდები თუ ტერორისტები? ამ კითხვებმა თაობების აზროვნებაში, ეჭვებსა და ოცნებებში გამოაღწია. ჩნდება მისი ათასგვარი ინტერპრეტაცია, ყოველი დრო ალბათ თავისი კონტექსტით წაიკითხავს ამ ამბავს. ამბავს, რომელსაც ბევრი მსხვერპლი ჰყავს და არცერთი გმირი. სიმართლე კი, როგორც ამქვეყნად ყოველი ამბის და მოვლენის არსი, არა კოლექტიურ განსჯაში, არამედ თითოეულ გულში დგინდება. მთავარია, ეს გული თავად შეეხოს იმ წამს, რომელშიც ყოველი ამბის მონაწილე ერთიანდება: ეს თავისუფლების წამია.
„სიკვდილი არის ერთი ცხოვრებიდან მეორეში გარდამავალი ინტერვალი, რომელიც ფიზიკურ ტკივილს აყენებს ადამიანს“ ესაც სოსო წერეთლის სიტყვებია. თუ განვაზოგადებთ, სიკვდილმა, რომელმაც თვითმფრინავის ბიჭები საბჭოთა ეპოქის დასასრულის საწყისად აქცია, ამ ფიზიკურ ტკივილში მთელი ქვეყანა ჩაიზიარა. ეს ტკივილი დღემდე გვახსენებს თავს, თუმცა დღეს უკვე შეგვიძლია გარედანაც შევეხოთ, დავინახოთ და ვიკვლიოთ ის.
ამ პროცესში ყველაზე მეტად სწორედ ეს სახლ-მუზეუმი დაგეხმარებათ – უტყუარი ექსპონატებით, ეპოქის ანაბეჭდებით, ნახატებით, უზუსტესი კონტექსტით.
დაგეხმარებათ, დაინახოთ თვითმფრინავი, რომელიც ბოროტების წინააღმდეგ, ყოველთვის, ყველა დროში, ყველაზე ნათელი და ამაღლებული სურვილებით, ყველაზე შორ ცაში გასაფრენად ემზადება.
ავტორი: ნინია სადღობელაშვილი
ფოტო: ნატა აბაშიძე-რომანოვსკაია