ცეკვის ჯადოქარი

cover chabukiani - ცეკვის ჯადოქარი

დავით აღმაშენებლის 83/23-ში მდებარეობს სახლი, სადაც ქართველი მოცეკვავე, ქორეოგრაფი და პედაგოგი, ქართული პროფესიული ბალეტის პედაგოგი ვახტანგ ჭაბუკიანი 1947 წლიდან 1992 წლის 6 აპრილამდე, გარდაცვალებამდე ცხოვრობდა.

 

1 chabukiani - ცეკვის ჯადოქარი

2 chabukiani - ცეკვის ჯადოქარი

 

დღეს ეს სახლი ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ სახლ-მუზეუმია და ის თბილისის მუზეუმების გაერთიანების შემადგებლობაშია. მუზეუმში დაცულია ბალეტის მოცეკვავის პირადი ნივთები, სასცენო კოსტუმები, რეკვიზიტები, მრავალფეროვანი დოკუმენტური მასალა, ფოტოკოლექცია, პირადი ბიბლიოთეკა და არქივი. სახლ-მუზეუმის განახლებული ექსპოზიცია 2017 წლის 27 თებერვალს, სიმბოლურად, ვახტანგ ჭაბუკიანის 107-ე დაბადების დღეს გაიხსნა.

 

3 chabukiani - ცეკვის ჯადოქარი

4 chabukiani - ცეკვის ჯადოქარი

5 chabukiani - ცეკვის ჯადოქარი

6 chabukiani - ცეკვის ჯადოქარი

 

ბინის შესასვლელში, ვიწრო დერეფნის კედლები ვახტანგ ჭაბუკიანის სპექტაკლების აფიშებითაა სავსე. მსოფლიოს დიდი სცენები – პერინის სტუდიის პირველი პრემიერით დაწყებული, კარნეგი-ჰოლითა და სხვა თეატრებით დამთავრებული, ჭაბუკიანის წარმოდგენებსა და გასტროლებზე იუწყება.

 

7 chabukiani - ცეკვის ჯადოქარი

8 chabukiani - ცეკვის ჯადოქარი

 

განახლებული საექსპოზიციო ოთახები კი, ამ ვარსკვლავურ თავგადასავალში, ეპოქის დრამატულ პორტრეტსაც ირეკლავს – ვახტანგ ჭაბუკიანი 1910 წელს დაიბადა, თითქმის მთელი ცხოვრება საბჭოთა დროში განვლო; სისტემამ უკიდურესი პიროვნული თუ პროფესიული ტკივილები განაცდევინა; ამის მიუხედავად, მაინც გადასწია რკინის ფარდა და ჯადოსნური საცეკვაო ნახტომით იმ ადგილებს გადაევლო, რომლებზე ფიქრსაც სისტემა ხშირად კრძალავდა. და მაინც, ჭაბუკიანს არასდროს უცდია სამუდამოდ სხვაგან დარჩენა, მისი გზის და ფიქრის ბოლო ისევ თბილისი და საქართველო იყო.

ეს მემორიალური სახლ-მუზეუმი სწორედ ამის დასტურია.

ყველაფერი კი ზღაპარივით დაიწყო:

1910-იანი წლებია. თბილისში, ვერაზე, მარია შევალიეს მიერ ღარიბთა შვილებისთვის გახსნილ სამხატვრო-საოსტატო სასწავლებელში პატარა ბიჭი წნელის კალათებს წნავს, პაპიე-მაშესგან კოლოფებს, მუყაოსგან – სათამაშო ფიგურებს აკეთებს.  ბიჭი ქართულ-პოლონური მრავალშვილიანი, ხელმოკლე ოჯახიდანაა, ვერცხლისწყალივით მოძრავია, მუშაობისას ცერებზე დგება და თითქოს თავისივე საქმეს ეცეკვება. მარია შევალიე ამას ხშირად ამჩნევს და იდეაც ებადება – ბიჭის მიერ  მოწნულ კალათას საახალწლო ძღვენით ავსებს  და მისივე ხელით მარია პერინის უგზავნის.

მარია პერინი ქორეოგრაფიულ სტუდიას ხელმძღვანელობს (გიორგი შენგელაიას ფილმში – „ვერის უბნის მელოდიები“ „ტანც-კლასის“ პედაგოგის – აკვანარიხსკაიას პროტოტიპი). სტუდიაში შესული ბიჭი ჯადოსნურ, საოცნებო სამყაროში ხვდება – ცეკვის სამყაროში. ბიჭის ვულკანური ნიჭიერებით მოხიბლული მარია პერინი კი ამ სამყაროში სამუდამო ბინადრად ეპატიჟება.

პერინის ქორეოგრაფიული სტუდიის 12 წლის მოწაფე ვახტანგ ჭაბუკიანია – მომავალი ვარსკვლავი და ცეკვის ჯადოქარი, რომელმაც პლანეტას მშვენიერების ქარბორბალად გადაუარა.

ასეთი პროლოგი აქვს ამბავს ბიჭზე, რომელსაც ბავშვობიდან ფრენა უნდოდა და ამ სურვილმა ცეკვამდე მიიყვანა. ხოლო ეს გზა – ასაფრენი ბილიკიდან ხელოვნების გალაქტიკამდე – სავსეა ტრიუმფითა და ტრაგიზმით.

ამ გზის ტრაექტორიას, თავისი დეკორაციითა და რეკვიზიტებით, აღმავალი და დაღმავალი რადიუსებით, მემორიალურ სახლ-მუზეუმში გაეცნობით და დაემგზავრებით.

15  წლის  ვახტანგ ჭაბუკიანმა  პერინის  სტუდიელებისაგან  შეადგინა  მოცეკვავეთა  ჯგუფი  და  საპრემიერო სამზადისს შეუდგა. ის  ძალიან  მომთხოვნი  ქორეოგრაფი აღმოჩნდა.  მოამზადა მრავალფეროვანი პროგრამა (ჩაიკოვსკის „გედების ტბა“, რომანოვსკის „ტყის ფერიები“, „დღესასწაული სევილიაში“ – ფრაგმენტები და საბალეტო ნომრები). ქუჩებში გამოკრული აფიშები იუწყებოდა, რომ სტუდენტური დასის პრემიერა კირკის (მარჯანიშვილის) ქუჩაზე, საკრებულოს ბაღში გაიმართებოდა.

გამოსვლა  იმდენად  წარმატებული  იყო,  რომ  კლუბის  მამასახლისთა  საბჭოს  თხოვნით  ვახტანგმა განაგრძო  საცეკვაო  საღამოების გამართვა. მაყურებელი განსაკუთრებულად აღაფრთოვანა ჭაბუკიანის „ცეცხლის ცეკვამ“. ვახტანგის  მოცეკვავეთა  ჯგუფი  არტოს  კლუბის  დირექციამ  მიიწვია, იქიდან  ხარფუხის  კლუბმა  და  ასე  წარმატებით  გამოდიოდნენ ახალგაზრდა  მოცეკვავეები  თბილისის  კლუბებსა  და  საზაფხულო  ბაღებში.

ჟურნალ  „ხელოვნებაში“  იოსებ  გრიშაშვილი  წერდა: „რა  კარგები  იყვნენ  ლ. ჩიკვაიძე  და  ვ.ჭაბუკიანი,  ეს  ბედნიერი  წყვილი  უსათუოდ  დიდ  მომავალს  გვიქადის.“  ეს  იყო  პირველი  რეცენზია  ვახტანგ  ჭაბუკიანის  შესახებ.

ჭაბუკიანმა საკუთარი სასცენო ვიზუალიც შექმნა – თხელი,  სუსტი  და  ვიწრომხრებიანი  ბავშვისგან, თავდაუზოგავი ვარჯიშით (ჰანტელები, შტანგა, ტანვარჯიში, ძალოსნური ილეთები),  ანტიკური სხეული გამოძერწა. მოცეკვავე მამაკაცს დიდი ფიზიკური ძალა სჭირდებოდა. ამბობენ, საკუთარი სიმაღლეც რომ არ აკმაყოფილებდა, „გაწელვით ვარჯიშებს“ ატარებდა, ვიდრე სასურველ შედეგს არ მიაღწიაო. ამ ყველაფრით მან მოცეკვავე კაცის სრულყოფილი ნიმუში შექმნა, იდეალური სახე, რომელსაც თანაბარი ვირტუოზულობით უნდა ეცეკვა როგორც საგმირო, ასევე რომანტიკული ეპოსის პერსონაჟები; ისეთივე მნიშვნელოვანი და პირველხარისხოვანი უნდა ყოფილიყო სცენაზე, როგორც მოცეკვავე ქალი. ეს ნოვატორული მოვლენა გახლდათ იმდროინდელ ქორეოგრაფიაში.

ჭაბუკიანის უპირველესი გულშემატკივარი მისი უფროსი და – თამარი იყო. მასთან ერთად გაატარა ცხოვრების ბოლო წლები ამ ბინაში. თამარმა წაიყვანა ძმა პეტერბურგში სასწავლებლად. აქედან დაიწყო ჭაბუკიანის ცხოვრების ახალი ეტაპი.

სახლ-მუზეუმის ნივთებს შორის თამარის პირადი ნივთები და ბიბლიოთეკაცაა. ჭაბუკიანი ეთაყვანებოდა საკუთარ დას, მისთვის განსაკუთრებულ ნომრებს დგამდა  –  „ხან  ექვსი  კავალერით  ლამაზმანებთან  „დონ  კოხოტში“,  ხან  ნახევრად  შიშველ  შავ  მონებთან,  რომლებიც  მასთან  ერთად  „გორდაში“  ცეკვავდნენ…“ (მარია ბაუერის მოგონებებიდან).

მუზეუმში დაცული კოსტუმები, „ოტელოსა“ და „ლაურენსიას“ კოსტუმების გარდა, ყველა ავთენტურია   „ბაიადერა“,  „კარმენი“, „დოკ კიხოტი“… დადგმული აქვს 30-ზე მეტი სპექტაკლი, ცეკვავდა დიდხანს და თავდავიწყებით, იმ საბედისწერო და ტრაგიკულ მოვლენამდე, რომელმაც მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა.

 

9 chabukiani don kikhot - ცეკვის ჯადოქარი

 

თუმცა, მანამდე იყო დიდი აღმასვლა და ტრიუმფი.

„როდესაც (პეტერბურგში) ჩავედი, შემოდგომის წვიმიანი დღე იდგა. მქონდა ერთი ფეხსაცმელი და ერთი შარვალი, ისიც წვიმისაგან მთლიანად სველი. თითქოს ქალაქიც ისე დამხვდა, აქ რისთვის ჩამოხვედიო“…  იხსენებს ვახტანგ ჭაბუკიანი პეტერბურგში პირველი ჩასვლის ეპიზოდს. თავდაპირველად, ასაკის გამო დაიწუნეს, მაგრამ მისმა ცეკვამ მომენტალურად დაატყვევა გამომცდელებიც და მომავალი მაყურებელიც. 1929-1941 წლებში, ჭაბუკიანი პეტერბურგის ოპერისა და ბალეტის პრიმა-არტისტი იყო.

1934 წელს მის პროფესიულ ცხოვრებაში უდიდესი მოვლენა მოხდა – ის ამერიკაში გაგზავნეს, როგორც საბჭოთა წარჩინებული მოცეკვავე. ეს ფაქტი 1933 წელს საბჭოთა კავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დამყარებული დიპლომატიური ურთიერთობების პირველი გამოძახილი იყო. ჭაბუკიანი მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდა. უფლება მისცეს, თავად აერჩია პარტნიორი. მან და მისმა რჩეულმა – ტატიანა ვეჩესლოვამ, ჯერ „კარნეგი-ჰოლში“ იცეკვეს, მერე კი მთელი ამერიკა ტრიუმფით მოიარეს.

 

10 chabukiani - ცეკვის ჯადოქარი

 

ყვებიან ამბავს, რომ ეს დიდი წარმატება ჭაბუკიანს, საქართველოდან ერთადერთმა, სანდრო ახმეტელმა დეპეშით მიულოცა. თუმცა, დღეს ეს დეპეშა აღარ არსებობს. ისიც, სავარაუდოდ, რეპრესიებს შეეწირა.

1941 წელს ვახტანგ ჭაბუკიანი თბილისში დაბრუნდა და ოპერისა და ბალეტის თეატრის ქორეოგრაფად დაიწყო მუშაობა. 1946 წლიდან მისი უცვლელი პარტნიორია ვერა წიგნაძე, ხოლო მანამდე ჭაბუკიანთან ერთად ცეკვავდა ქეთევან ნადარეიშვილი. ეს გახლდათ ქალი, რომელიც რეპრესიების დროს დააპატიმრეს და წამებისა და ურთულესი პირობების მიუხედავად, ციხეში მაინც ჩამოაყალიბა 16-კაციანი მოცეკვავეთა დასი. გათავისუფლების შემდეგ კი, სწორედ ვახტანგ ჭაბუკიანი იყო ერთადერთი ადამიანი, ვინც „ხალხის მტრად“ შერაცხული ბალერინა ძველებური სითბოთი მიიღო და დასშიც აღადგინა, 1961 წელს კი ბენეფისიც გადაუხადა.

მუზეუმში დაცული ექსპონატები ვახტანგ ჭაბუკიანის არა მხოლოდ პროფესიული, არამედ პიროვნული პორტრეტის ანაბეჭდებიცაა. აქ მისი შინაგანი ბუნება, სამართლიანობის, ღირსების, პატრიოტიზმის ნამდვილი მაგალითები ცნაურდება. აქ მოისმენთ ამბავს იმაზე, თუ როგორ გააპროტესტა ჭაბუკიანმა სამხრეთ ამერიკაში გასტროლისას, აფიშებზე დაწერილი „რუსული დასი“ და მოითხოვა, სასწრაფოდ „ქართული დასით“ შეეცვალათ ეს წარწერები; გიამბობენ, თუ როგორი თანაბარი სიყვარულით უყვარდა ყველა სულიერი არსება – ადამიანი თუ ცხოველი; როგორ ეთაყვანებოდნენ მას ოჯახის წევრები, მეგობრები, მეუღლე, მაშინაც კი, როცა განშორების წუთები დგებოდა…

დღეს მაქვს უფლება უკანასკნელად ვიამაყო ჩემი საყვარელი, ნიჭიერი მეუღლით... ძვირფასო ვახტანგ, მთელი გულით გისურვებ ყველაფერ საუკეთესოსსამუდამოდ ვრჩები შენს ერთგულ მეგობრად. გკოცნი მაგრად, შენი გალია – ეს ჭაბუკიანის მეუღლის, გალია კუზნეცოვას წერილია, განქორწინების შემდეგ მოწერილი. წერილი დღესაც მუზეუმში ინახება.

ამ ამბებს შორის კი, განსაკუთრებულად ამაღელვებელია ამბები იმაზე, თუ როგორი ოვაციებით ხვდებოდნენ მის სპექტაკლებს, მის ცეკვას მაყურებლები. ამ ჯადოსნურ სანახაობათა თვითმხილველები დღესაც არიან. ცნობილი ფაქტია, რომ მაგალითად „ოტელოს“ პერიოდში, ორი წლის განმავლობაში პოლიციის კორდონები იცავდა თეატრს, იმდენად ზღვა თაყვანისმცემელი ელოდა გარეთ მაესტროს. ყვებიან, რომ საკმარისი იყო, ჭაბუკიანი მხოლოდ გამოჩენილიყო სცენაზე, რომ დარბაზი უკვე ინგრეოდა აპლოდისმენტებით.

„ოტელოს“ პრემიერა 1958 წელს, მოსკოვის დიდ თეატრში, ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის დეკადის ფარგლებში შედგა. მაია პლისეცკაია წერდა: ვახტანგ ჭაბუკიანის მიერ განსახიერებული მავრი შეუდარებელია. მისი ოტელო უდიდეს უბრალოებას, სისადავეს და სიბრძნესთან შეხამებულ ბავშვურ გულუბრყვილობას გამოხატავს. დიდების ღირსია ქართველი ხალხი, რომელმაც შექმნა ასეთი მაღალნიჭიერი, მარად დასამახსოვრებელი ბალეტი“.

ეს ტრიუმფალური წარმატება, ზებუნებრივ ნიჭთან ერთად, ჭაბუკიანის უკიდურესი შრომისმოყვარეობის შედეგიცაა. ლეგენდებად შეიბურა მისი მუშაობის პროცესი, მრავალსაათიანი, დაუღალავი წვრთნა და ვარჯიში, შეუფერხებელი რეპეტიციები… ამბობენ, „ოტელოზე“ მუშაობისას, კულისებში თეთრი ზეწრების გორა იდგა. როგორც კი ერთი ზეწარი მთლიანად დასველდებოდა, ჭაბუკიანს მომდევნოს აწვდიდნენ. ის კი ცეკვავდა მანამ, სანამ ზეწრების ფსკერიდან უკანასკნელს არ შემოიხვევდა…

მუზეუმი ინახავს ნივთებს, რომლებიც ჭაბუკიანის დასის სხვადასხვა ქვეყანაში გასტროლის სახსოვარია. ამ ქვეყნების რუკა შთამბეჭდავია – ორჯერ იყო შტატებში, სამხრეთ ამერიკაში, იაპონიაში, საფრანგეთში, სამჯერ – ირანში, იმოგზაურა ფილიპინებში (აინტერესებდა შამანური კულტურა და არსებობს ფაქტი, რომ ერთმა შამანმა მას უსისხლო ოპერაციაც გაუკეთა)…

ჭაბუკიანს თბილისში ჩამოჰყავდა პედაგოგები. 1950-1972 წლებში ხელმძღვანელობდა ქორეოგრაფიულ სასწავლებელს, რომელიც დღეს მისი სახელობისაა.   ჭაბუკიანი არაჩვეულებრივი მწვრთნელი იყო… ბრწყინვალედ შეეძლო ჩვენება, განსაკუთრებით გაოცებდა მისი უნარი, როცა ქალებს უჩვენებდა კომბინაციებს, გადასცემდა მათ სიმსუბუქისა და გრაციოზულობის საიდუმლოს. მის ცეკვაში კი მუდამ განცვიფრებდა მამაკაცურობა. ყოველთვის პლასტიკურსა და დახვეწილს მოჰქონდა ძალის, ენერგიის ბობოქარი მუხტი, ტემპერამენტი, მამაკაცური საწყისის განცდა.“ – წერს გიორგი ალექსიძე, წიგნში „ნურიევი და ჭაბუკიანი“.

ჭაბუკიანის ქორეოგრაფიულ დადგმებს, მისი სოლო-პარტიების ვერსიებს იმეორებდნენ და დღემდე იმეორებენ მსოფლიოს ვარსკვლავები. მაგალითად, „დონ კიხოტს“ დღეს ყველა ჭაბუკიანის ქორეოგრაფიით ცეკვავს, ცეკვის გენიოსმა – რუდოლფ ნურიევმა კი მინკუსის „ბაიადერა“, პარიზის გრანდ-ოპერაში, ჭაბუკიანის სოლო-პარტიებით აღადგინა. ეს მის დიდ რევერანსად მიიჩნიეს უფროსი კოლეგის და მარადიული ავტორიტეტის – ვახტანგ ჭაბუკიანის მიმართ…

ჭაბუკიანმა პირველმა იცეკვა „უარყოფითი გმირი“ ისე (გოპაკის პარტია „ტარას ბულბაში“), რომ მაყურებელს თანაგრძნობა გაუჩინა. ეს კი საბჭოთა სისტემისთვის წარმოუდგენელი მკრეხელობა იყო. კიდევ ბევრი რამ იყო წარმოუდგენელი და დაუშვებელი, რის გამოც ცეკვის ჯადოქარს მუდმივ წნეხში ამყოფებდნენ.

1972 წელს ის გამოუშვეს ოპერისა და ბალეტის თეატრიდან. მანამდე იყო კიდევ ერთი დიდი დარტყმა, რომლის შემდეგაც ჭაბუკიანს, ფაქტობრივად, აღარც უცეკვია – 1966 წელს ტრაგიკულად დაიღუპა მისი დისშვილი, ცნობილი ბალერინა – ეთერ ჭაბუკიანი. ვახტანგისთვის ეთერი მთელი ცხოვრების შთაგონება იყო. მისმა გარდაცვალებამ სამუდამოდ ჩააქრო ჭაბუკიანში ფრენის ცეცხლი…

მუზეუმში დგას ისტორიული როიალი, რომელიც ჭაბუკიანების ოჯახური თავყრილობების ეპიცენტრი იყო – ამ როიალზე უკრავდნენ ვახტანგის მეგობარი კომპოზიტორები, მის გარშემო იკრიბებოდნენ ახალი დადგმების იდეების გასაზიარებლად, იღვრებოდა დიდებული მუსიკა და თანამედროვე ქართველი მხატვრების (ელენე ახვლედიანი, ოთარ ჩხარტიშვილი, ლადო გუდიაშვილი) ტილოებით გარშემორტყმულ სივრცეში მკაფიოვდებოდა ახალი შემოქმედებითი სილუეტები, ახალი მხატვრული სამყაროს კონტურები…

 

11 chabukiani - ცეკვის ჯადოქარი

 

1973 წელს ოპერის თეატრი დაიწვა და ამ ვანდალური ფაქტის გარშემო დაიწყო ამაზრზენი კამპანია, რომელიც ჭაბუკიანის წინააღმდეგ იყო მიმართული. დიდმა მაესტრომ ამ განსაცდელსაც ღირსეულად გაუძლო. ის სიცოცხლის ბოლომდე ემსახურებოდა თავის საქმეს, სამშობლოს და ცეკვის სამყაროს.

ვარსკვლავთა საერთაშორისო კატალოგმა „კოსმოს-ზემლიამ“, გედის თანავარსკვლავედის უსახელო ვარსკვლავს ვახტანგ ჭაბუკიანის სახელი მიანიჭა. მუზეუმის ცენტრალური ოთახის პანო ამ კოსმიურ ამბავს ეძღვნება – გალაქტიკის ლაბირინთებში აღმოჩენილი გედის თანავასკვლავედის რუკაზე ახალი ვარსკვლავი იძებნება – ვახტანგ ჭაბუკიანი.

 

12 chabukiani - ცეკვის ჯადოქარი

 

ფრენის ვნებით დაწყებული ცეკვა ვარსკვლავებს შორის დასრულდა.

უფრო სწორად, გაგრძელდა. სამუდამოდ, როგორც თავად ხელოვნების უსაზღვროება.

 

 

ავტორი: ნინია სადღობელაშვილი
ფოტო: ნატა აბაშიძე-რომანოვსკაია