2022 წლის 21 აგვისტოდან 28 აგვისტომდე ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პრაღაში, მუზეუმების საერთაშორისო კომიტეტის ICOM Prague 2022 – “The Power of Museums” გენერალურ კონფერენცია გაიმართა. ICOM-ის გენერალური კონფერენცია წარმოადგენს მსოფლიოს უდიდესი ცენტრს, სადაც განიხილება სამუზეუმო სფეროში მიმდინარე ყველაზე აქტუალური საკითხები და ინოვაციური გადაწყვეტილებები. 1948 წლიდან ICOM-მუზეუმების საერთაშორისო საბჭო სამ წელიწადში ერთხელ ერთ ქვეყანაში იწვევს საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოებას, სამუზეუმო სფეროში მიმდინარე კრიტიკული საკითხების განხილვის, კულტურული გაცვლების, საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობის, ადგილობრივ დონეზე ქმედებების წახალისების და მუზეუმების სოციალური როლის ამაღლების მიზნით. ყოველ სამ წელიწადში ერთხელ გენერალურ კონფერენციებზე მთელი მსოფლიოდან 3000-დან 6000-მდე მონაწილე იკრიბება, ისინი ესწრებიან და მონაწილეობენ დებატებში, მრგვალი მაგიდის შეკრებებში, პანელურ დისკუსიებში, ქსელურ ღონისძიებებსა და კულტურულ აქტივობებში. ICOM-ის გენერალური კონფერენციის ფარგლებში მთელი კვირის განმავლობაში ტარდება სამუზეუმო საერთაშორისო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი და დემონსტრირებულია სამუზეუმო სფეროს უახლესი პროექტები და პროდუქტები.
2022 წლის ICOM-ის გენერალური კონფერენცია ასევე მოიცავდა ICOM-ის პრეზიდენტისა და მთავარი მმართველი ორგანოების არჩევნებს. გენერალური კონფერენცია სამუზეუმო სფეროს წარმომადგენლებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, შეხვდნენ და დაამყარონ საქმიანი კავშირები მთელი მსოფლიოს სამუზეუმო საზოგადოებასთან.
ICOM-ის გენერალური კონფერენცია სამ ძირითად მიმართულებას ეყრდნობა
- მსოფლიოს ცნობილი ექსპერტების მოხსენებები საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოების მულტიდისციპლინურ თემებზე;
- გენერალური კონფერენციის თემაზე სამეცნიერო დისკუსიები ICOM-ის საერთაშორისო კომიტეტებს შორის;
- ადმინისტრაციული სესიები გასული სამი წლის განმავლობაში განხორციელებული ქმედებების შეჯამების, შეფასების და ახალი სამუშაო ვადის დაწყების მიზნით.
2022 წლის ICOM-ის გენერალური კონფერენციის უნიკალურობა ასევე მდგომარეობდა მუზეუმების დეფინიციის ახალი განმრატების დამტკიცებაში. ახალი რედაქციით მუზეუმების ახალი განმარტება გულისხმობს:
“მუზეუმი არის არაკომერციული, მუდმივი დაწესებულება საზოგადოების სამსახურში, რომელიც იკვლევს, აგროვებს, კონსერვაციას, ინტერპრეტაციას და გამოფენას ახდენს მატერიალური და არამატერიალური მემკვიდრეობის შესახებ. ღიაა საზოგადოებისთვის, ხელმისაწვდომი და ინკლუზიური, მუზეუმები ხელს უწყობს მრავალფეროვნებას და მდგრადობას. ისინი მუშაობენ და ურთიერთობენ ეთიკურად, პროფესიონალურად და საზოგადოებების მონაწილეობით, სთავაზობენ მრავალფეროვან გამოცდილებას განათლების, სიამოვნების, რეფლექსიის და ცოდნის გაზიარებისთვის.”
კონფერენცია 21 აგვისტოდან 26 აგვისტოს ჩათვლით ინტენსიურ ფორმატში მიმდინარეობდა. დატვირთული საკონფერენციო პროგრამა აერთიანებდა კონფერენციის ძირითადი მომხსენებლების პრეზენტაციებს, ICOM – ის საერთაშორისო კომიტეტების შეხვედრებს, დისკუსიებს, სამენტორო სესიებს, გასვლით სამუშაო შეხვედრებს პრაღის სხვადასხვა მუზეუმში. ასევე სახლ – მუზეუმების DEMHIST -ის სესიაზე თბილისის მუზეუმების გაერთიანების დირექტორის მიერ წარდგენილი იყოს მოხსენება კოტე და სოსო წერეთლების მუზეუმის შესახებ სათაურით – „სახლ-მუზეუმი, როგორც ლუსტრაცია“. კონფერენციაზე მსჯელობები მიმდინარეობდა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა მუზეუმებისა და საზოგადოების ურთიერთმიმართება, ICOM – ის ეთიკის კოდექსი, რეზოლუციები და წესდებებში შესატანი ცვლილებები, მუზეუმების მდგრადი განვითარება, ტექნოლოგიური განვითარება სამუზეუმო სივრცეებში და კოლექციების დიგიტალიზაციის საკითხები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების პარალელურად. განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო მუზეუმების ახალი განმარტების დამტკიცება, რასაც კონფერენციაზე დამსწრეთა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი, ხმის მიცემის პრინციპით. ამავდროულად კი, ამავე კონფერენციის ფარგლებში არჩეულ იქნა ICOM – ის ახალი პრეზიდენტი და საბჭოს ახალი შემადგენლობა, რომელიც მომდევნო წლების განმავლობაში გაუძღვება ICOM – ის საქმიანობას.
ასევე 2022 წლის ICOM-ის გენერალური კონფერენციის სადისკუსიო ფორმატის ფარგლებში ICOM- საქართველოს წარმომადგენლობის მიერ მოხდა თბილისის მუზეუმების გაერთიანების ასოცირებული წევრობის კანდიდატათ განხილვა, რაც დღის წესრიგში დადგება 2023 წლიდან.