20 ოქტომბერს ილიასეული ,,ხუთშაბათობების“ ფარგლებში, ქ. თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ – მემორიალურ მუზეუმში გაიმართა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის მაია ნინიძის საჯარო ლექცია „ილია ჭავჭავაძე და დემოკრატიული ღირებულებები“.
თანამედროვე დემოკრატიული ღირებულებები განსაზღვრული უფლებებთან და თავისუფლებებთან ერთად გულისხმობს სამოქალაქო თანასწორობასა და კანონმორჩილებას. ილიასეული გაგება თავისუფლებისა და თანასწორობისა სწორედ კანონმორჩილების პრინციპებს ემყარება. თავის ერთ-ერთ პუბლიცისტურ წერილში „რა არის თავისუფლება“ ილია წერდა: თავისუფლება იგი ყოფა-მდგომარეობაა ადამიანისო, ამბობს ბოსსუეტი თავის მსოფლიო ისტორიაში, საცა ყოველი ემორჩილება მარტო კანონსა და საცა კანონი უძლიერესია ყოველ ცალკე კაცზედაო… ჭეშმარიტი, რიგიანი აგებულება და წყობილება კაცთა საზოგადოებისა სწორედ ამ ქვაკუთხედზედ უნდა იყოს ამოყვანილი. საცა ეგ არ არის, იმ კაცთა საზოგადოებირი ცხოვრება, რომელიც ერთმანეთზედ დამოუკიდებლად და გადუბმელად შეუძლებელია, მარტო ძალმომრეობაა, ერთმანეთის თელვაა, ერთმანეთის ჩაგვრა და ძარცვა – გლეჯა. მაშინ ყოფა ადამიანისა ნადირთ ყოფაა და ადამიანი, ეგ კერძი ღვთისა, ნადირად გადაქცეულია“.
თბილისის მუზეუმების გაერთიანების მიზანია, აღადგინოს ილიასეული ,,ხუთშაბათობების“ ტრადიცია ქ. თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში. ,,ხუთშაბათობების“ ტრადიციის ფორმატი მოიცავს თანამედროვე კულტურულ – საგანმანათლებლო პროცესებში ჩართული წარმომადგენლების საჯარო ლექციებს, XIX საუკუნის მეორე ნახევარსა და XX საუკუნის დასაწყისში, ილია და მისი თანამედროვე საზოგადო მოღვაწეების ღვაწლისა და ეპოქალური მნიშვნელობის მოვლენებს.