ვერცხლისფერი ლომებით დამშვენებულ ხიდს მისი სახლისკენ მიჰყავხართ. ხიდს ამ სახლის მასპინძლის – დიდი პოეტის სახელი ჰქვია. ამ სახელმა ქართული პოეზია კოსმიური ენერგიით დამუხტა:
გალაკტიონ ტაბიძე – პოეტთა მეფე, დიდებული უცნობი.
გალაკტიონის მემორიალური სახლ-მუზეუმი კოტე მარჯანიშვილის #4-ში მდებარეობს. აქ პოეტი 1935 წლიდან გარდაცვალებამდე – 1959 წლამდე ცხოვრობდა. ეს სახლი 1935 წელს, მწერლებს ბანკმა აუშენა ჟორესის ანუ მარჯანიშვილის №4-ში, სადაც გალაკტიონმა მეორე სართულის სამ ოთახში თავისი ცხოვრების უკანასკნელი 24 წელი გაატარა.
მემორიალური ბინა-მუზეუმი, გალაკტიონის გარდაცვალებიდან 40 წლის შემდეგ, 1999 წელს გაიხსნა. დღეს ეს სივრცე თბილისის მერიის გაერთიანების ნაწილია, სადაც ცოტა ხნის წინ დასრულდა რეაბილიტაცია და საზოგადოების წინაშე სრულიად განახლებული მულტიმედია-სივრცე იმ წიგნივით გადაიშალა, რომელშიც გალაკტიონის მთელ ცხოვრებასთან ერთად მისი პიროვნული და შემოქმედებითი იდუმალებაცაა დაუნჯებული.
პოეტის სახლის წარმოდგენა ყოველთვის ამაღელვებელია და გალაკტიონის სახლისა – ათასჯერ მეტად ამაღელვებელიც, ძნელიც და შეიძლება ითქვას, წარმოუდგენელიც. როგორ ცხოვრობდა აქ, ამ კედლებში, როგორ იჯდა და წერდა, როგორ საუზმობდა ან ეწეოდა, როგორ ებრძოდა სიცივეს, შიმშილს, ტკივილებს ამ ოთახებში, ამ ფანჯრების შუქ-ჩრდილებში?! როგორ ეტეოდა ამ სამ ოთახში მაშინ, როცა მისი ბედისწერა სწორედ ნებისმიერ სივრცეში ვერდატევა იყო – ვერც პალტოში ჩაეტია, ვერც პალატაში, ბოლოს ხომ გაჭრილ საფლავშიც ვერ ჩაეტია და სამარე სახელდახელოდ გაუფართოვეს…
განახლებული მემორიალური სახლ-მუზეუმის კონცეფცია სწორედ ამ სირთულეს, ამ ძნელ კითხვას „როგორ“ პასუხობს – ავთენტურ-მემორიალური ექსპოზიციებით, ნივთებით თუ ციფრული მედიით შექმნილია სამყარო, რომელიც მხოლოდ მუზეუმი კი აღარაა, არამედ ერთგვარი მედიუმია, გამტარია დროსა და სივრცეში, გალაკტიონის საიდუმლოებასა და მნახველ/მკითხველის გულისხმას შორის. შესაბამისად, მუზეუმის დათვალიერებაც, არა ყოფით-კულტურული აქტი, არამედ მიღმიერი მოგზაურობაცაა, ოთხ ოთახში – როგორც სამყაროს ოთხ ვირტუალურ მხარეში – ხეტიალი და განუწყვეტელი ფიქრი იმაზე, თუ რა ძალა აქვს პოეზიას…
საექსპოზიციო სივრცეების უმეტესი ნაწილი აწყობილია პოეტის ციტატების, წერილების, ჩანახატებისა და ჩანაწერების მიხედვით; გალაკტიონი თავად გვიყვება თავის ისტორიას. თითოეული აბზაცი თემატურად უკავშირდება კედელზე ასახულ ფოტოს/ჩანახატს.
ოთახებს ფერებით გამოარჩევთ – ხორბლისფერი სამუშაო ოთახი/კაბინეტი, საიდანაც ამ სახლში მოგზაურობა უნდა დაიწყოთ, პოეტის მემორიალურ ნივთებს ინახავს – მაგიდა, ბლოკნოტი, მუნდშტუკი და პაპიროსის ყუთი, რომელსაც ერთი ღერი თავისი უკანასკნელი პერფორმანსის – ლეჩკომბინატის აივნიდან გადახტომის წინ ამოაცალა.
კაბინეტშია ასევე გალაკტიონის ეპოქისეული ნივთები, სამოსი და სხვა. აქ იმ სცენის ვირტუალურად მოხელთებაც შეიძლება, თუ როგორ მუშაობდა გალაკტიონი – როგორ წერდა, ათეთრებდა, ბეჭდავდა… ამ სცენების რეკონსტრუქციაში მისივე დღიურები გვეხმარება – ზედმიწევნით დეტალურად აღწერილი ბიოგრაფიული ეპიზოდები; სწორუპოვარი გზამკვლევია ასევე ვახტანგ ჯავახაძის მონოგრაფია „უცნობი“ – ეს მონუმენტური ძეგლი, რომელმაც ჩვენი მზერა გალაკტიონის თვალუწვდენელ სამყაროსთან განუზომლად მიაახლოვა.
„ღამის თორმეტი საათიდან 3 საათამდე გადავალაგე მე-9 ტომის მასალები სიათა მიხედვით. აკლია მცირე მასალა პირველ სამ სიას, ხოლო უკანასკნელ მეოთხეს კი – მთლიანად თითქმის. სადაა ეს მასალები?! კვლევა-ძიებანი ხვალისთვის გადავდვათ…“
კაბინეტის, ისევე როგორც მთელი სახლ-მუზეუმის მთავარი ამბავი კი ჭერია. დიახ, გალაკტიონის მუზეუმს თავისი ცა აქვს, თავისი თაღები აქვს, მისივე პოეზიით და ბიბლიოგრაფიით „შეკონილი“. მაგალითად, კაბინეტის ჭერი მთლიანად „არტისტული ყვავილების“ ლექსებითაა შეჭედილი – 86 ლექსით, რომლებითაც, თავის დროზე, ეს ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული კრებული გამოიცა.
„თავის ქალა – სიმბოლო ჩვენი არსებობისა დ საშინელი წლების. [არტისტიული] ყვავილები – სიმბოლო არტისტიული გრძნობებისა მშვენიერებისადმი. [აღსანიშნავია:] ეს ყვავილები მე მოვათავსე არა პრიუდომის ვაზაში, არამედ თავის ქალაში. ეს მოხდა შეგნებულად: წიგნის [იდეიის] შინაარსის მიხედვით. ცოტა შორი მანძილის დაახლოვებით! თვით საშინელი სამოქალაქო ომის წლებში, შესაძლებელია, მე მშიერი ვიყავი, მაგრამ უკანასკნელი გროში უსათუოდ ყვავილებზე მიდიოდა. ჩემს ბინაში ყოველთვის იყო ყვავილები, და ეს მმატებდა ენერგიას.. ერთხელ, როდესაც ჟანდარმერია მოვიდა ჩემი ბინის გასაჩხრეკად, მისი ყურადღება მიიქცია ყვავილების სიმრავლემ. ბინის ასეთნაირმა ატმოსფერამ უთუოდ მოახდინა მათზე ესეთნაირი გავლენა, რომ მე არ დამაპატიმრეს, მიუხედავად იმისა, რომ ყუთში იპოვეს რამდენიმე ცალი [პროკლამაციების] საეჭვო წიგნებისა.“
კაბინეტიდან იისფერ ოთახში გადიხართ. აქ ეპოქის აქცენტია – მთლიანად სივრცე ეპოქალურ რეტროსპექტივას ქმნის. ეპოქა გალაკტიონის სახელის მეტაფორაცაა, მან ხომ თავად შექმნა ქრონოლოგია – დიდი წერტილის შემდეგ („წიწამურთან რომ მოჰკლეს ილია, მაშინ ეპოქა დამთავრდა დიდი“) ახალი ათვლის წერტილის გაჩენით. ეს ახალი დრო თავად იყო, მიუხედავად იმისა, რომ მისი სამწერლო ასპარეზზე მოსვლა, ზოგადად, ქართული კულტურის აღმავლობის ფაზას დაემთხვა – 1910-იანი წლებიდან მოყოლებული, გასაბჭოებამდე, სახელოვნებო-კულტურული პროცესები არასდროს ყოფილა ასეთი სისხლსავსე და პროგრესული, ევროპული ორიენტირებით და პერსპექტივებით დამუხტული. ლიტერატურა, თეატრი, მხატვრობა, მუსიკა – იდგა დიდი ამოფრქვევის ხანა, რომელიც უმძიმეს საბჭოთა რეჟიმში, საბედისწერო ინერციითღა ფეთქავდა…
„გაცივდება თქვენი ოცნება, თქვენი გზა არ დაიდაფნება, თქვენის საფლავის ლოდებზე არ იქნება არავითარი წარწერები და თქვენივე მარტოობას მოიგონებს მხოლოდ აღმოსავლეთის ქარი და დაგვიანებული ლექსი მომავლის პოეტისა. ცა დამტვერილი, გოლვიანი ცა, ყრია ღრუბლები, როგორც დაცემული კოშკები. უდიდესი ოცნებები ამაოდ ანთებულან. ისტორია ყვირის, რომ შურისძიება და თვითნებობა უფრო ძლიერია, ვინემ სიყვარული და სიტყვები. უკეთესები სამარეში წვანან, და ამიტომაა, რომ ჩვენ ვეღარა ვდგებით…“
გალაკტიონის ბიოგრაფია მკაფიოდ ირეკლავს ყველა გარდამტეხ ეპოქალურ მოვლენას – დამოუკიდებლობის სამწლიან ისტორიას, საბჭოთა წლების მღვრიე მდინარებას… იისფერ ოთახს კი ჭერიდან გალაკტიონის „ბიბლიოგრაფიული ზეცა“ დასცქერის – იმ გამოცემათა და პერიოდიკის ერთობლიობა, რომელიც მის სახელს და შემოქმედებას უკავშირდება. დაწყებული ჟურნალ „კვალით“ და გაზეთ „ამირანით“, სადაც, 1908 წელს, გალაკტიონ ტაბიძის პირველი ლექსები დაიბეჭდა (მაშინ ის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა), დასრულებული უკანასკნელი კრებულებით (1954 წელს დაიბეჭდა ლექსების კრებული „რჩეული“. გალაკტიონი მესამე „რჩეულს“ ვერ მოესწრო. წიგნი მისი გარდაცვალების შემდეგ, ვახტანგ ჯავახაძის რედაქტორობით, 1959 წლის მაისში გამოვიდა), მართლაც იმ მასშტაბის ბიბლიოგრაფია იყრის თავს, რომელსაც ვერა სივრცე ვერ დაიტევს, უზეცოდ და უგუმბათოდ.
მომდევნო, ინდიგო ოთახის კედელზე აღბეჭდილი გამოსახულება და ფრაზა თქვენს ყურადღებას მაშინვე მიიპყრობს:
„გესმის, ოლოლ, ბავშობიდანვე მწამდა ბედისწერა, მოირა, როგორც ეძახიან – ფატალიზმი. იგი ჩემი მუდმივი მტერი იყო… მე არ მახსოვს მისგან რაიმე კეთილი საქმე. ხვალინდელი დღე ჩემთვის, არ ვიცი, როგორი იქნება…“ ამ სივრცეში გალაკტიონისა და მისი მეუღლეების ისტორიებს მოისმენთ, თუმცა მთავარი პერსონაჟი ამ გალერეაში, რა თქმა უნდა, ოლია ოკუჯავაა – გალაკტიონის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ქალი, მისი პირველი მეუღლე.
გალაკტიონმა და ოლია ოკუჯავამ ერთმანეთი 1912 წელს გაიცნეს. ოლია ოკუჯავა რევოლუციონერთა ოჯახიდან იყო. ის იყო გალაკტიონის მხურვალე გულშემატკივარი, მხარდამჭერი და მეგობარი. ოლიას დიდი დამსახურებაა გალაკტიონის არაერთი შემოქმედებითი წარმატება; ბოლოს და ბოლოს, რამდენიმე შედევრი, რომლებიც პოეტს საყვარელი ქალის დაკარგვით გამოწვეულმა ტკივილმა დააწერინა…
„ოლია!
მას შემდეგ, რაც შენ წადი, რაღაც საშინელმა სიცალიერემ მოიცვა მთელი ჩემი არსება.. სიცალიერემ, რომლის განადგურებას, არ ვიცი, რანაირი მდგომარეობა შეძლებს და რა არის მისი წამალი. როდესაც შენ აქ იყავი, მე შემეძლო დამენახე შენ… ჩემთვის უბრალოდ შენს ახლო ყოფნა საკმარისი იყო, რომ შენს გარდა არაფერზე არ მეფიქრა…“
ეს სიყვარული, ისევე, როგორც გალაკტიონის ყველა ვნება და მღელვარება, თბილისის ცის ქვეშ, თბილისური მზითა და მთვარით იმუხტებოდა. თბილისს განსაკუთრებული როლი ენიჭება გალაკტიონის ცხოვრებაშიც და პოეზიაშიც. ამის დასტურია „მესამე ზეცა“ მუზეუმში – თბილისური თემატიკით გაჯერებული, გალაკტიონის სიტყვითვე გამშვენებული. „რას ჰგავს თბილისი ეხლა? ცას, გადმობრუნებულ ცას…“
გალაკტიონისთვის თბილისი ფეხბედნიერი ქალაქი აღმოჩნდა. პირველად, 17 წლისა ჩამოვიდა, 1908 წელს და ამ წელსვე ემთხვევა მისი ლიტერატურული დებიუტი. ყველა შემოქმედებითი წარმატება, აღმაფრენა, ტკივილი და სიკვდილის მისტიკაც კი თბილისს უკავშირდება. „მე ეხლაც გუშინდელი დღესავით მახსოვს თბილისში ჩამოსვლის პირველი დღე. ენკენისთვის პირველი დღეები. მზე არ სჩანდა და ჰაერი დაგუბებული იყო, სუნთქვა მიძნელდებოდა. სოფლებიდან ჩამოსული სემინარიელები იდგნენ სემინარიის შენობის წინ, ერევნის მოედნის ახლო. აქა-იქ გუნდებად დაყოფილ სემინარიელებში ცხარე კამათი იყო გაჩაღებული. კარგად არ მახსოვს თუ რაზე კამათობდნენ. მახსოვს მხოლოდ სემინარიელების ანთებული სახეები და გაბრწინებული თვალები“ იგონებს პოეტი.
თბილისური ცის მწუხრი ბუნებრივად გრძელდება მეოთხე ოთახში – ჭერს გალაკტიონის ესკიზებით აღდგენილი მთვარეების ციკლი აგვირგვინებს, ამ მთვარეთა მქრქალი, ბლანტი შუქი კი ოთახის ქლიავისფერ სიმუქეს უსვამს ხაზს.
„არასდროს არ მინახავს ასე მშვენიერი მთვარე… ქარი ჰქრის, ალვის ხეები მახლობლად შრიალებენ. ესაა შემოდგომის ცივი მთვარე. როგორ მეფურად აშუქებს ცას…“
„როგორც იქნა! მთვარე გამოჩნდა! ჯერჯერობთ ის სავსე მთვარეა! და ისეთი მშვიდი, ისეთი წყნარი, ისეთი თეთრი! მასზე მკაფიოდ სჩანს ხალები, ის ხალები, რომლებიც ლეგენდით დედამისმა დააჩინა ცომის ზელის დროს მარჯვე სილის გარტყმევით…“
ეს ბოლო ოთახია, დასასრულის წინა სივრცეა, მნახველ/მკითხველთა მუზეუმში მოგზაურობის ბოლო სადგურია – ფანჯრის ელდამდე შესამზადებლად. ჯერ ეკრანზე უწყვეტად გასულ დოკუმენტურ კადრებს უნდა შეავლოთ თვალი, პოეტის ხმა, ღიღინი უნდა მოისმინოთ, მერე ოთახის ბოლოსწინა დეკორაციას – მეტაფორული ტალღების მწკრივს უნდა ჩაუყვეთ, ტალღებზე ამოჩენილ წარწერებს თვალი უნდა გადაავლოთ: „ნუ დაღონდები, არსებობს მხარე, სად თანაგრძნობაც არსებობს შენთვის…“ და ბოლოს კი, იმ საბედისწერო ფანჯარას მიადგეთ, გალაკტიონის მოირას, რომელზეც თვითონვე წერდა და მუდმივად თან ატარებდა, როგორც გაფრენის იდეას, გარდაცვალების ჭეშმარიტ მისტერიას.
ეს ფანჯარა სწორედ ამ დიდი ტრანსფორმაციის სიმბოლოა; მასში ის ქარიცაა ნაგულისხმევი, ნიკოლოზ ბარათაშვილის მერანს რომ მიაფრენს უსაზღვრო სამანებისკენ. ეს ფანჯარა ინტერაქციის საშუალებაცაა – მასთან შესაძლოა როგორც ხმაურიანი დისკუსია, ასევე სრულ სიჩუმესა და მარტოობაში წარმართული დიალოგი საკუთარ თავთან. ეს ფანჯარა კონცეპტუალურად კრავს და აგვირგვინებს მთელი მუზეუმის იდეას და მულტიმედიური სისავსით შესაძლებელს ხდის იმასთან შეხებას, რაც ზოგჯერ ხილულად წარმოუდგენელია.
ამიტომაც ჰგავს თავად ეს მუზეუმი ცას, გადმობრუნებულ ცას, რომელზეც სამყაროს მეორე, უჩინარი მხარის ნაწერებიც იკითხება.
ამ სამყაროს მისამართია – კოტე მარჯანიშვილის 4. გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური სახლ-მუზეუმი.
ავტორი: ნინია სადღობელაშვილი
ფოტო: ნატა აბაშიძე-რომანოვსკაია