რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამუშაოები თბილისის მუზეუმების გაერთიანება ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში

Cover Ilia 1 9 x 16 - რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამუშაოები თბილისის მუზეუმების გაერთიანება ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში

თბილისის მუზეუმების გაერთიანება ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამუშაოებს იწყებს.

ილია ჭავჭავაძე ამ სახლში 1902-1907 წლებში თავის მეუღლესთან, ოლღა გურამიშვილთან, ერთად ცხოვრობდა. თბილისში ცხოვრების პერიოდში ილია ჭავჭავაძემ რამდენიმე საცხოვრებელი მისამართი გამოიცვალა, მთაწმინდასა და სოლოლაკში. 1889-1901 წლებში კი – თავისი უმცროსი დის, ელისაბედ საგინაშვილის, სახლში ცხოვრობდა, სადაც გაზეთ „ივერიის“ რედაქცია და სტამბა იყო განთავსებული და დღეს თბილისის მუზეუმების გაერთიანების შემადგენლობაშია და 4 წლიანი სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ დამთვალიერებლებისა და სტუმტებისთვის ღიაა. 1900-იან წლებში ილია ჭავჭავაძემ საკუთარი სახლის შეძენა გადაწყვიტა და ანდრეევის ქუჩაზე (ახლა: გიორგი ჩუბინაშვილის ქ. N22) გაბრიელ და ბარბარე ღვინიაშვილისაგან შეიძინა ეზო და პატარა ერთსართულიანი სახლი. შენობას თავდაპირველად მომცრო ზომის ოთახები ჰქონდა. შემდეგში ილიამ ფასადის გალამაზებისა და გაფართოების მიზნით, XIX საუკუნის ცნობილი არქიტექტორის, სიმონ კლდიაშვილის პროექტის მიხედვით სახლზე მიაშენებინა ორი ოთახი შემოსასვლელი ფასადით. ერთში სამუშაო ოთახი მოაწყო, მეორეში კი – სასტუმრო. სახლის მშენებლობას უძღვებოდა მშენებელ-ინჟინერი იაკობ ფრანგიშვილი.

თბილისის ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი (გ. ჩუბინაშვილის №22) საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1956 წლის 3 აგვისტოს დადგენილების საფუძველზე დაარსდა და 1957 წლის 22 ოქტომბერს გაიხსნა. მუზეუმის თბილისში დაარსების ინიციატორი საქართველოს სახალხო პოეტი გიორგი ლეონიძე იყო.

სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, მუზეუმში დაცული კულტურული მემკვიდრეობა და სამუზეუმო ფონდი, შესაბამისი წესისა და ფასეულობათა დაცვის ინსტრუქციის შესაბამისად, გადატანილია დაცულ ადგილას შესწავლა-დამუშავებისთვის.

პროექტით გათვალისწინებულია ეპოქალური შენობის სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები ისე, რომ სრულად იქნება დაცული ძეგლის, როგორც არქიტექტურული და მხატვრული თავისებურება, ეპოქალური სტილისტიკა, ისე სამუზეუმო საჭიროებები, შენარჩუნებული იქნება მემორიალობა, ავთენტურობა და მხატვრული ღირებულება. პროექტი ითვალისწინებს შენობის ადაპტირებასა და სხვადასხვა საჭიროების ადამიანებისთვის სრულ ხელმისაწვდომობას.

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულდება 2024 წლის აპრილში.  სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებაა 2 268,260.00 ლარი.

სამუშაოების ღირებულების დაფინანსების წყარო – 2022-2023-2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრები.

პროექტით გათვალსიწინებულ სამუშაოებს შეასრულებს შპს „იკორთა 2007“.

სამუშაოების შესრულების საავტორო ზედამხედველობას განახორციელებს პროექტის ავტორი – შპს „სენსონი “და თბილისის მუზეუმების გაერთიანების კოლექციებისა და ფონდების სამსახური.