კაფე „ელეგია“
თბილისის მუზეუმების გაერთიანება
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი
თბილისი, ივ. ჯავახიშვილის ქ. 7
თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი წარმოადგენს კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებას. ამ შენობას ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის 80-იანი წლების მიწურულიდან ჰქონდა უმნიშვნელოვანესი კულტურული და საზოგადოებრივ-პოლიტიკური დატვირთვა. 1880-1901 წლებში, ილია ჭავჭავაძე მეუღლესთან ერთად, თავისი დის, ელისაბედ ჭავჭავაძის კუთვნილ სახლში ცხოვრობდა ნიკოლოზის ქუჩაზე (დღ. ივ. ჯავახიშვილის ქუჩა N 7). აქვე, მეორე სართულზე იყო განთავსებული გაზეთ „ივერიის“ რედაქცია, ხოლო სარდაფში 1991 წლიდან 1901 წლის მაისამდე – მაქსიმე შარაძისა და ამხანაგობის სტამბა, სადაც იბეჭდებოდა გაზეთი „ივერია“ და სხვა პერიოდული გამოცემები, მხატვრული და სასულიერო ლიტერატურა, სამეცნიერო შრომები, სახელმძღვანელოები.
“ივერიის“ რედაქციის შენობაში, ილია ჭავჭავაძემ საფუძველი ჩაუყარა ეროვნულ ღონისძიებებს – ტრადიციულ „ხუთშაბათობებს“, რამაც მალე აქცია ეს სახლი პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოების თავშეყრის ადგილად და ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესების ეპიცენტრად, რაც ტრადიციის შესაბამისად, რეაბილიტირებულ მუზეუმში დღემდე გრძელდება.
2022 წლის 1 სექტემბრიდან ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში გაიხსნა კაფე „ელეგია“, რომელიც ბუნებრივი ღვინის რესტორანია, ფოკუსირებული სეზონურ პროდუქტსა და ველურ ინგრედიენტებზე და ასახავს ქართული ძირძველი ტრადიციების შეხამებას თანამედროვე ესთეტიკასთან.
„ელეგია“ მე-19 საუკუნის ელეგანტური სახლის ნაწილია, საოცრად მიმზიდველი ეზოთი, ბაღითა და უძველესი ხეებით, რომლებიც დიდი ქართველი მოღვაწის ცხოვრებისა და საქმიანობის პერიოდიდან ამშვენებს აქაურობას. თანამედროვე ქართულ სამზარეულოსთან, ნატურალური ქართული და უცხოური ღვინის ფართო არჩევანთან და ნარჩევ ყავასთან და ჩაისთან ერთად, „ელეგიაში“ კრეატიული კოქტეილების პროგრამაც დაგხვდებათ, რომელიც მზადდება ადგილობრივი ინგრედიენტებით. განსაკუთრებული მოთხოვნის შემთხვევაში, „ელეგია“ ასევე უზრუნველყოფს ქართული და უცხოური ღვინოების საგანმანათლებლო და კულინარიულ შედარებით დეგუსტაციებს, სადაც ახსნილი და განხილული იქნება კერძები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. ამავე შენობაში არის საკონფერენციო დარბაზი, სადაც ილია ჭავჭავაძის დროს სტამბა ფუნქციონირებდა და სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ გამოიყენონ ეს ფართი სემინარებისთვის, სხვადასხვა საქმიანი შეხვედრებისთვის, ხოლო „ელეგია“ სურვილის შემთხვევაში, უზრუნველყოფს ამ ღონისძიებებს კვებითა და სასმელებით. სტუმრებს შეუძლიათ ისადილონ და ისიამოვნონ გარემოთი „ელეგიას“ მშვენიერ ბაღში, ასევე ორ სართულზე განლაგებულ ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის ეპოქალური დარბაზებითა და შუშაბანდებით. „ელეგიას“ კავშირი ბუმბერაზ ისტორიასთან და წარსულთან, შეხამებული სასმლისა და საკვების საინტერესო თანამედროვე პროგრამასთან, ქმნის ახალ უნიკალურ გამოცდილებას თბილისის კულინარიულ სცენაზე.