21 ივლისს ილიასეული „ხუთშაბათობების“ ფარგლებში, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში გაიმართა მწერლისა და მეცნიერის, ძველი კულტურების, ბიბლიისა და არაბული ლიტერატურის მკვლევარის როსტომ ჩხეიძის საჯარო ლექცია: „მუხა უდაბნოში“. შეხვედრაზე ილია ჭავაჭავაძის ბიოგრაფიული რომანის ავტორმა ისაუბრა ილია ჭავჭავაძის როლსა და მნიშვნელობაზე, ეპოქალურ მოვლენებსა და მიზეზ – შედეგობრივ კავშირებზე. ბიოგრაფიულმა რომანმა „მუხა უდაბნოში“ ლიტერატურული კონკურსის “ლიტერას” 2021 წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზის პრემია მიიღო.
„ის ფუნქცია, რაც ილია ჭავჭავაძემ მწერალს დააკისრა, დღეს აღარ არსებობს. იმიტომ, რომ ილია ჭავჭავაძე იყო სახლემწიფო მოღვაწეც და მისთვის მწერლობა იყო სახელმწიფო მოღვაწეობა. საბლოოდ, როცა დადგა ჭიდილის წინაშე თუ რომელი გზა აერჩია, მან გაწირა მწერლობა. ილიამ იცოდა თავისი უნარი, თავისი ტალანტი, მაგრამ ეს დაუნანებლად შესწირა თავის ქვეყანას, რადგან საქართველო არ არის საფრანგეთი, არ არის ინგლისი და ქვეყანა უნდა გადარჩეს. ილია ჭავჭავაძე ვერ იქნები ადამიანი, მაგრამ ილიას სული უნდა იყოს შენში.” – როსტომ ჩხეიძე.
თბილისის მუზეუმების გაერთიანების მიზანია, აღადგინოს ილიასეული „ხუთშაბათობების“ ტრადიცია ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში. „ხუთშაბათობების“ ფარგლებში მუზეუმი საზოგადოებას ეტაპობრივად უმასპინძლებს საჯარო ღონისძიებებზე, სადაც მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაიცნონ არა მხოლოდ ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის მნიშვნელოვანი დეტალები, არამედ სრულიად ეპოქა და იმდროინდელი ტფლისური ცხოვრების მნიშვნელოვანი ასპექტები.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ – მემორიალური მუზეუმის მიერ აღდგენილი „ხუთშაბათობების“ ტრადიციის ფორმატი მოიცავს თანამედროვე კულტურულ-საგანმანათლებლო პროცესებში ჩართული წარმომადგენლების საჯარო ლექციებს, XIX საუკუნის მეორე ნახევარსა და XX საუკუნის დასაწყისში, ილია ჭავჭავაძისა და მისი თანამედროვე საზოგადო მოღვაწეების ღვაწლისა და ეპოქალური მნიშვნელობის მოვლენების შესახებ.
ელისაბედ ჭავჭავაძე-საგინაშვილის სახლში, სადაც ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ მემორიალური მუზეუმია, ილია ჭავჭავაძე 1888-1901 წლებში ცხოვრობდა. ამ სახლს უკავშირდება ილიას საზოგადოებრივ – პოლიტიკური და შემოქმედებითი ცხოვრების აქტიური წლები, აქვე იყო განთავსებული გაზეთ „ივერიის“ რედაქცია და სტამბა, სახლში საფუძველი ჩაეყარა არა ერთ ეროვნულ-სახელმწიფოებრივ და კულტურულ წამოწყებებას, აქვე იმართებოდა ილიას ტრადიციული „ხუთშაბათობები“.